„დაგვიბრუნეთ ჩვენი ჰოსპიტალი“, -ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აღჭურვილმა ვეტერანებმა და მედიკოსებმა ვერის ბაღში გამაფრთხილებელ აქციაზე მოიყარეს თავი. 250 ვეტერანი და მედიკოსი ვეტერანთა ჰოსპიტლის გაუქმებას აპროტესტებდა და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ აქციებსა და პიკეტირებას აანონსებდა. ვეტერანებს თანადგომას უცხადებდნენ გენერალთა კლუბის წარმომადგებლებიც.
მოთხოვნების შესასრულებლად ვეტერანებმა ხელისუფლებას 5-დღიანი ვადა მისცეს და ხუთპუნქტიანი გეგმაც ჩამოაყალიბეს, სადაც ჰოსპიტლის შენარჩუნებასთან ერთად, კანონში ცვლილებების შეტანა და ვეტერანებისთვის შეღავათების აღდგენა თუ პენსიის გაზრდა მოითხოვეს.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ აქციის მონაწილეები 27 თებერვლისთვის დიდი ყრილობისთვის ემზადებიან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ეპატიჟებიან.
For.ge აქციის მონაწილე ვეტერანებსა და მედიკოსებს ესაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერანთა ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის“ ხელმძღვანელი ვახტანგ მაჭავარიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აქ არ დგას მხოლოდ ჰოსპიტლის გადარჩენის საკითხი. აქ უფრო ფართო მასშტაბის მოთხოვნებია, რომ სახელმწიფომ ვეტერანთა მიმართ სტრატეგია შეიმუშავოს, მოხდეს ვეტერანების შესახებ კანონის მოდერნიზაცია და ვეტერანებს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი მიენიჭოთ. რაც შეეხება ჰოსპიტლის გადატანას სამედიცინო ცენტრ „ლანცეტში“, ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, ეს კანონის დარღვევაა, რადგან კანონში ვეტერანების შესახებ პირდაპირ წერია, რომ ვეტერანთა ჰოსპიტლის დახურვის უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს თავისი განკარგულების საფუძველზე გააჩნია.
„ნაცვლად ამისა, განკარგულება გამოსცეს და შეწყვიტეს ვეტერანთა ჰოსპიტლის დაფინანსება, ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას გადავყლაპავთ. ეს არის ჩვენი ბოლო ლოიალური შეთავაზება ხელისუფლების მიმართ. თუ 27 თებერვალს არ მივიღეთ შედეგები, უფრო მკვეთრ აქციებს დავიწყებთ, მათ შორის -პიკეტირებას, ბარიკადებს. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი როგორი ბუშტიც არის, ისეთივე საქმეს აკეთებს ბუშტურად, ამიტომ ტყუილია, თითქოს ის ვეტერანებისთვის უკეთეს მომსახურებაზე ზრუნავს. საეჭვოა ის სიტუაციაც, რაც „ლანცეტს“ უკავშირდება, რადგან რეალურად 4-5-ჯერ ძვირი უჯდება სახელმწიფოს ამ მკურნალობის ჩატარება. ნაცვლად იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ვეტერანთა ჰოსპიტალი და ათჯერ ნაკლები დაუჯდეს სახელმწიფოს ვეტერანების მკურნალობა, შიხიაშვილი ამას სახელმწიფოს ათჯერ უფრო ძვირად უჯენს. „ლანცეტის“ სურვილია, ჩვენგან ხელშეკრულება მიიღოს, რის საფუძველზეც ძალიან დიდი ფული შეუვა. ამის ნახევარი რომ შეუვიდეს ჰოსპიტალს, ვეტერანები ათჯერ უკეთეს მკურნალობას მიიღებენ“.
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ, გია ბერძენიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ უცხოელ დამფუძნებელს აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ბიზნესი და არა - ვეტერანებისა და მედპერსონალის წინაშე ვალდებულება. ეს იგივეა, საკუთარი გასარემონტებელი სახლიდან ადამიანი გაიყვანო სადღაც მდგმურად, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ვეტერანებზე და არა -კერძო კომპანიამ.
„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია მედპერსონალი, ჩვენ არ დავთმობთ ამ ადამიანებს, რადგან მე მახსოვს მათი თავდადება. ვეტერანთა ჰოსპიტალთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოვიწვევთ ჭადრაკის სასახლეში, ჩვენს პირობებს გავაცნობთ და მათ გავაკონტროლებთ. რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან და ისინიც მოითხოვენ, 22-ლარიანი კომპენსაციის გადახედვას, მისი მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე. გვიხარია, რომ ჩვენს აქციას შეუერთდა დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, მისი მოსვლა ჩვენთვის გარკვეულ მესიჯებს ნიშნავს“, - აღნიშნა გია ბერძენიძემ.
ვეტერანის საათის პროდიუსერი შიო კობიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 10-ჯერ ძვირი ჯდება „ლანცეტში“ მკურნალობა და, თუკი ჰოსპიტალში 24 საათით დარჩენა ვეტერანებისთვის 20 ლარი ჯდება, „ლანცეტში“ 200 ლარს ითხოვენ.
„ერთ წელიწადს გვყოფნიდა ფული, რასაც სახელმწიფო გვირიცხავდა, ახლა კი ორ თვესაც არ გვეყოფა. ეს იცის შიხიაშვილმა. მთავარია, რომ დემაგოგიურად უვლიან გვერდს მთავარ საკითხს, რომ ეს არის ჰოსპიტალი, ანუ პროფილური დაწესებულება და ამასაც გვიუქმებენ. ჩვეულებრივი კლინიკიდან ვეტერანს ხუთ დღეში აგდებენ თანხების დაზოგვის გამო. ჩვენს ჰოსპიტალში ბევრი ვეტერანია, რომელიც უკვე ერთი თვეა, წოლით რეჟიმზეა, ანუ ქრონიკულ ავადმყოფებზეა ლაპარაკი. ლანცეტი იქნება თუ პინცეტი, არ გვჭირდება. ელემენტარული აღჭურვილობა რომ შემოიტანონ ვეტერანთა ჰოსპიტალში, გაცილებით უკეთ გვიმკურნალებდნენ. შიხიაშვილი ამბობს, ჩემთვის მთავარია ვეტერანის ჯანმრთელობა და არა ჰოსპიტალიო, გვპირდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის 2-3 წელიწადში აშენებას, მაგრამ ამბობს, საამისო სახელმწიფო გარანტია არ აქვს, სიტყვაზე მენდეთო. დავით თევზაძიდან დაწყებული, თამაზ დუმბაძით და სხვა გენერლებით დამთავრებული, ყველა მხარში გვიდგას“.
ვეტერანთა ჰოსპიტლის სანიტარმა გულნაზი ღვინაშვილმა კი აღნიშნა, რომ „ლანცეტში“ ერთი ღამის გათევა 180 ლარია და არც ერთ ვეტერანს არ აძლევენ იქ შეღავათს.
„ტყუილია დაპირება, თითქოს „ლანცეტში“ ვეტერანებს კარგად მოემსახურებიან, უბრალოდ, „ლანცეტი“ წაიღებს ვეტერანების ვაუჩერს, სამ დღეში ამოუწურავს თანხას და მერე მათ მომსახურების გარეშე დატოვებენ. როგორც წესი, სხვაგან წასული ჩვენი ვეტერანი უკანვე ბრუნდება და ჩვენთან მკურნალობს, რადგან გაცილებით კარგად ვემსახურებით და ჩვენთან გადასახადი არ არის“.
ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირმა ზედგენიძე ჩვენთნ საუბარში აცხადებს, რომ 40 წელია, ვეტერანთა ჰოსპიტალში ექთნად მუშაობს, მის ზურგზე გადაიარა საწოლების თრევამ და ყველა პრობლემამ, ახლა კი გამოდის, რომ ისინი გამოიყენეს და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვასთან ერთად, ვეტერანი ბიჭებიც მოისროლეს.
„შიხიაშვილსა და ხელისუფლებას ამდენი ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ არ უნდა გამოეყვანათ. ეს ვეტერანები ხეიბრები არიან, მენტალურადაც არ ვარგანან. ადვილად გადასაჭრელია ჰოსპიტლის პრობლემა, ამას არ სჭირდება ამდენი აურზაური, არც მიწაა მოსაძებნი, უშველებელი ჰოსპიტალი გვაქვს იამანიძის N3-ში. თუ უნდათ, დღევანდელ სტანდარტებზე გადაგვიყვანონ, ჩვენივე ჰოსპიტალი აღადგინონ. კარგად ვიცი, ამ მიზანმიმართულებას რა უდევს საფუძვლად, შტერი უნდა იყოს ადამიანი, ამას არ მიხვდეს. ჰოსპიტალს წელიწადში 800 ათასი ერიცხებოდა, ახლა აბუჩად გვიგდებენ, ასეთ მიზერულ თანხაზე როგორ მუშაობდითო. სისხლის საერთო ანალიზი ჩვენს ჰოსპიტალში 5 ლარი ჯდებოდა, „ლანცეტში“ კი 20 ლარია. ვემსახურებით ამ გაჭირვებულ ხალხს, ქრონიკებს, ამათ არც ერთი პაკეტი არ დააფინანსებს, ესენი გარიყულები არიან. ამ ვეტერანების შესახებ ყველაფერი ვიცით და, თუ სხვა კლინიკებში ორ წუთსაც არ ესაუბრება მათ ექიმი, ჩვენ ნახევარი საათს ვანდომებთ მათი ჩივილების მოსმენას“, - აცხადებს ირმა ზედგენიძე და განმარტავს, რომ ჰოსპიტალში 170 თანამშრომელი მიზერულ თანხად, 110 ლარად ემსახურებოდა ვეტერანებს, ახლა კი შიხიაშვილის ვითომც შუამდგომლობა სიცრუეა, რადგან „ლანცეტი“ კერძო კომპანიაა და ჰოსპიტლის მედპერსონალს არ აიყვანს.
პარლამენტარი, ომის ვეტერანი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ იზიარებს ვეტერანთა გულისწყრომას, რადგან საუბარია ათი ათასობით ადამიანზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. მისი აზრით, ამ ხელისუფლებამ ბევრი სასიკეთო გააკეთა ადამიანების სოციალური პირობების ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება.
„სად როგორი კალკულაციით მუშაობენ, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამოვიდეთ სახელმწიფოს რესურსებიდან, რაც თანხვედრაში უნდა იყოს ვეტერანების ჯანმრთელობასთან“.
გენერალი თამაზ დუმბაძე მიიჩნევს, რომ ვეტერანებს საკუთარი ჭერი უნდა ჰქონდათ და წესიერმა ვეტერანმა „სხვის სახლში შესვლა არ უნდა იკადროს“. რაც შეეხება შიხიაშვილს, გენერლის თქმით, შიხიაშვილი იშორებს ყველას და, მართალია, მან ვეტერანთა საკონსულტაციო საბჭოც შექმნა, მაგრამ ისინი ერთხელაც არ დაუპატიჟებია.
„შიხიაშვილი დამოუკიდებლად წყვეტს ყველაფერს. ის აპიარებს, გენერლები ჩემთან არიანო. სინამდვილეში, არც ერთი გენერალი არ არის მაგასთან“.
ვეტერანთა ჰოსპიტლის გაუქმების შესახებ For.ge საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციითაც დაინტერესდა. როგორც სამინისტროში აგვიხსნეს, ვეტერანის სტატუსის მქონე პირები ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში და მათ მომსახურების საუკეთესო პაკეტი ენიჭებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მათ საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ და პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ კლინიკაში მიიღონ მომსახურება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
„ვეტერანები სარგებლობენ კიდეც სხვადასხვა კლინიკის
მომსახურებით, სადაც მათ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები უფინანსდებათ 100%-ით ულიმიტოდ, კრიტიკული და ქირურგიული ჩარევები, ასევე, 100%-ით ულიმიტოდ. რაც შეეხება კლინიკა „ლანცეტის“
მომსახურებას, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვეტერანების მომსახურების შესახებ ამ კლინიკასთან მემორანდუმი გააფორმა ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტმა და ამ მემორანდუმის შინაარსი და პირობები ჩვენთვის უცნობია“, - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.
ჩვენ ირაკლი შიხიაშილთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა აგვიხსნეს, რომ მას ესპანელი სტუმრები ჰყავდა.