იაპონელმა აქტივისტებმა რუსეთის საელჩოს ტყვია ფოსტით გაუგზავნეს

იაპონელმა აქტივისტებმა რუსეთის საელჩოს ტყვია ფოსტით გაუგზავნეს

შეთქმულების თეორიის მოყვარულნი იფიქრებენ, თითქოს რუსეთის გარშემო წრე თანდათან ვიწროვდება. რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილოთა არმიას ნატოსა და თურქეთის შემდეგ იაპონიაც შეუერთდა. უფრო ადრე კი ჩინეთი გამოხატავდა პრეტენზიას ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

უფრო კონკრეტულად, რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა წყნარ ოკეანეში მდებარე კურილიის კუნძულების გამო ისევ დაიძაბა. პრობლემა 1945 წლიდან იღებს სათავეს, როცა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა კავშირმა დაიპყრო ეს კუნძულები.

გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სამხრეთ კურილიიის ყველაზე დიდ კუნძულს ესტუმრა. ამ ვიზიტს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა უმსგავსობა უწოდა, ხოლო იაპონელმა მემარჯვენე აქტივისტებმა ტოკიოში საპროტესტო დემონსტრაციაზე რუსეთის დროშას გადაუარეს და რუსეთის საელჩოს ტყვია ფოსტით გაუგზავნეს.

საპასუხოდ, პრემიერმა მედვედევმა თავდაცვის სამინისტროს საჯაროდ მისცა ბრძანება, რომ მათ კუნძულებზე განლაგებული სამხედრო ობიექტები გააძლიერონ. პარალელურად, გაქტიურდნენ კრემლის მომხრე ახალგაზრდული ორგანიზაციებიც, მათ იაპონიის საელჩოს ალყა შემოარტყეს და გაჰყვიროდნენ: „კურილებს არ დავთმობთ!“

რაც შეეხება რუს და იაპონელ დიპლომატებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იაპონიის პოზიციას რადიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ ორმხრივი დიალოგის გაგრძელება აზრს მოკლებულია. ამის საპასუხოდ, მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვს ცივად უპასუხა, რომ ჩრდილოეთის ტერიტორიები საუკუნეების მანძილზე იაპონიას ეკუთვნოდა.

იაპონიასთან ერთად, მწყობრში დგას ჩინეთიც. მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე ალადინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, For.ge გასულ წელსაც წერდა, რომ ჩინეთიდან რუსეთის მიმართულებით მოსალოდნელი აგრესიის ალბათობა 95% იყო.

„ჩინეთის არმია ხაბაროვსკში ორ-სამ საათში იქნება, რადგან დიდი „უსურიისკის კუნძულების“ ნაწილი ჩინეთს ეკუთვნის, ნაწილი - რუსეთს, რომელიც ხაბაროვსკის ცენტრში გადის“, - აღნიშნავდა ალადინი.

რას უქადის რუსეთს თურქეთის, იაპონიის, ჩინეთის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლები საფრთხე, რაც დღეს რუსეთს ემუქრება, ეს არის რომელიმე ქვეყანასთან სამხედრო პირისპირ დგომა. მართალია, დღეს რუსეთი მძიმე დღეშია და მედვედევი პარლამენტარებს სთხოვს, ლამის ხელფასზე უარი თქვან, მაგრამ რუსეთის სამხედრო მანქანას კაპიკი არ აკლდება. რუსეთის სამხედრო ძალა ელბის აღმოსავლეთით უსიტყვოდ დომინირებს იქ, სადაც არც ნატოს სტრატეგია წყდება და არც არაფერი.

„კურილიის კუნძულები ძალზე საინტერესოა ჩვენთვის კონცეფტუალურად. რუსეთმა კურილიიის კუნძულების ნაწილი დაიბრუნა, ნაწილი მიითვისა, რადგან, რაც 1905 წელს მეფის რუსეთის დროს დაიკარგა, სტალინმა ორი იმდენი დაიბრუნა. ამავე დროს, რუკას რომ დახედავთ, ნახავთ, რომ ეს ხუთი კუნძული, როგორც ციხესიმაგრე ისე დგას და მათ ულტრასტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ვაჭრობა, კულტურული, მეცნიერული ურთიერთობა, იაპონია ერთ წუთსაც არ ივიწყებს, რომ კუნძულები დაკარგული აქვს. იაპონიაში დღესაც ტარდება „ჩრდილოეთის ტერიტორიების დღე“, მილიონობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, განსხვავებით, აფხაზეთის დღისგან, სადაც ლტოლვილებიც არ გამოვლენ. საბოლოოდ კურილიიის კუნძულებს არც რუსეთი დათმობს და არც - იაპონია“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

რაც შეეხება ჩინეთის პრეტენზიებს რუსეთთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ 1875 წელს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ხუნჯანმა დადო ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან, რომელსაც ჩინეთის ისტორიაში დღესაც უსამართლო ხელშეკრულებები ეწოდება. ელცინის პერიოდში უკვე დაიწყო ჩინეთთან მეგობრობა, რადგან რუსეთი რაც არ უნდა სუსტი იყოს, პირიდან კბილს ამოაცლი, მაგრამ ტერიტორიას არ დაგითმობს. ამიტომ დღეს ჩინეთს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთთან არ აქვს და არც სურს დაპირისპირება, რადგან ჩინეთმა უფრო გენიალური სვლა-მშვიდობიანი ექსპანსია აირჩია. დღეს არავინ იცის, რამდენი მილიონი ჩინელი ცხოვრობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთის მთავრობა აცხადებს 2 მილიონს, რუსეთის მთავრობა-2 მილიონამდე, მაგრამ რუსი არასამთავრობოები ლაპარაკობენ 8-9 მილიონ ჩინელზე. ჩინელები ბიუჯეტს ავსებენ და არყის მოყვარული რუსების ფონზე ეს ტერიტორიები მალე ჩინური იქნება.

რუსეთ-თურქეთის პრეტენზიების თაობაზე კი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ სულ ახლახანს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავუთოღლუმ „დაახურა“ ამერიკასაც და ნატოსაც, როცა ისინი ორმაგ სტანდარტში, „გათახსირებულობაში“ ამხილა - რუსეთი რა დღეშია და ამ დროს ამერიკელები ხმას არ იღებთ, თურქებს გვაიძულებთ, ლტოლვილები მივიღოთო.

„მართლაც, ყველა აწვება თურქეთს, არიქა, ლტოლვილები მიიღე და დააბინავე, ევროპაში არ გამოუშვაო. 3 მილიარდი ევრო კი მიიღო თურქეთმა, მაგრამ არ ყოფნის, რადგან 3 მილიონამდე ლტოლვილი უკვე ცხოვრობს თურქეთში, მათ ჭამა-სმა, პირობების შექმნა უნდათ. ლტოლვილები, ხომ იცით, რა ხალხია, დღეს იძახის, მშია, ვკვდებიო, შენც მიიღებ, დააბინავებ, ცოტა გაძღება თუ არა, მეორე დღეს გეტყვის, მეჩეთი ამიშენეო. ამდენად, დღეს რუსეთის მიმართულებით საფრთხეს არ ველი, არც იაპონიის, არც თურქეთისა და ჩინეთის მხრიდან“.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კურილიის კუნძულებს იაპონია არასოდეს არ მიიჩნევს რუსეთის ტერიტორიად, რადგან სტალინის მითითებით იაპონიას წაართვეს კურილიის კუნძულები და სახალინის ნახევარკუნძული. შესაბამისად, იაპონელებს ყოველთვის ექნებათ ჩრდილოეთის ტერიტორიებზე პრეტენზია. ამის მიუხედავად, ვახტანგ მაისაია იაპონია-რუსეთს შორის ურთიერთობის გართულებას არ ელის.

„გლობალურ შეთქმულებას რუსეთის წინააღმდეგ არარეალურად მივიჩნევ. ცალკეული ქვეყნები რუსეთის მიმართ პრეტენზიებს განცალკევებულად გამოთქვამენ, თუმცა ნატოს აქვს ერთიანი პოზიცია და ახორციელებს ანტირუსულ სამხედრო სტრატეგიას, რათა როგორმე შეაჩეროს რუსული ექსპანსია. ალბათ, ვარშავის სამიტზე შემუშავდება შესაბამისი სტრატეგიული კონცეფციაც, სადაც გაიწერება, რომ რუსეთი მთავარი მოწინააღმდეგეა და ის უნდა შეჩერდეს სამხედრო ოპერაციის მეშვეობითაც. პარალელურად, რუსეთმაც დააფიქსირა, რომ ნატო მისი მტერია. რაც შეეხება რუსეთსა და თურქეთს, მათ შორის საომარი მოქმედებების დაწყების რეალური სცენარი არსებობს და სავსებით რეალურია, ერთმანეთში დაიწყონ სამხედრო ოპერაციები აღმოსავლეთში. მას შემდეგ, რაც რუსებმა ასადის რეჟიმს ხელი შეუწყვეს, რეალური საფრთხე დაემუქრა ეთნიკურ თურქმენებსაც. მათი გენოცოდის ფაქტი შეიძლება გახდეს მთავარი მიზეზი, რის გამოც თურქეთი სირიაში რუსულ კონტინგენტს შეეჯახოს. თავის დროზე თურქებმა რუსული თვითმფრინავი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ ის ბომბავდა თურქულ ეთნიკურ ტერიტორიებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და აქვე ჩინეთის პრეტენზიებსაც შეეხო.

კერძოდ, მისი თქმით, ჩინეთმა მანჯურია უკვე დაიბრუნა და რუსეთთან პრობლემები მოეხსნა. ხოლო ცალკეული სადავო ტერიტორიები ამურის შესართავის მიმართულებით, ფაქტობრივად, რუსეთმა ჩინეთს დაუთმო, ის, რომ ჩინურ სკოლებში დღემდე ასწავლიან ბავშვებს, რომ ცარისტულმა რუსეთმა მათ წაართვა 1 მილიონი კვ/კმ ფართის მანჯურია, ეს უბრალოდ, ისტორიული მეხსიერებაა. დღეს ჩინეთს აქვს პრეტენზიები, რომ ცალკეული ტერიტორიები ოდესღაც დიდი ჩინეთის იმპერიაში შედიოდა, მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე რუსეთსა და ჩინეთს შორის სადავო ტერიტორიები აღარ არის.