დე ფაქტო აფხაზეთში სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ

დე ფაქტო აფხაზეთში სახელმწიფოებრიობანას თამაშობენ

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ოკუპირებული აფხაზეთი სავიზო რეჟიმზე გადადის. ეს კი ნიშნავს, რომ აფხაზეთში უვიზოდ ვერ მოხვდებიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ხელისუფლებამაც არ აღიარა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.

დასჯის ეს მეთოდი არ გავრცელდება რუსეთზე, ნიკარაგუაზე, ვენესუელაზე, ნაურუზე, ტუვალუსა და ვანუატუზე, რომლებმაც აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარეს.

ზემოხსენებული ქვეყნები აფხაზეთის აღიარების პოზიციაზე მყარად დგანან, თუმცა მათთან ერთად პერიოდულად სხვა ქვეყნებიც სცოდავენ ამ საქმეში. მაგალითად, გასულ წელს იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარდგა, უფრო ადრე კი დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რესპუბლიკებმა იტალიასა და სან-მარინოს ოფიციალურად მოსთხოვეს დამოუკიდებლობის აღიარება, რაც არ დაკმაყოფილდა.

რატომ იქცევს აფხაზეთი თავს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში და რას ნიშნავს სავიზო რეჟიმზე გადასვლა აფხაზების მხრიდან?

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ აფხაზეთი კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევა, თუკი სავიზო რეჟიმს დააწესებს.

„საუბედუროდ, იტალიაშიც, გერმანიაშიც, ინგლისსა და, ზოგადად, ევროპაშიც არიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც აფხაზების „დამოუკიდებლობას“ მხარს უჭერენ. ზოგჯერ აფხაზები ამას აღწევენ ევროპის დიპლომატიურ წრეებშიც, სადაც კარგად აქვთ დაყენებული საქმე. ისინი დადიან მთელ მსოფლიოში, ხვდებიან ცალკეულ პიროვნებებს, თავს აცნობენ და იწვევენ. ზოგჯერ ჩვენ ვახერხებთ, შევაჩეროთ იმ ხალხის ჩასვლა აფხაზეთში, ოფიციალურ მიმართვებს ვაგზავნით, მაგრამ ძირითადად ბიზნესმენები, ვისაც კერძო ინტერესი აქვთ, მაინც ჩადიან აფხაზეთში. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა სტრუქტურებში, რომლებიც აფხაზეთის საკითხს კურირებენ, კადრების ხშირი ცვლაა და, სანამ ახლები რაღაცას ისწავლიან, მათ აფხაზები ასწრებენ. პრაქტიკულად, აფხაზები ერთსა და იმავე ხალხს აგზავნიან უცხოეთში მოლაპარაკებებზე, ისინი საკმაოდ ათქვეფილნი არიან ევროპაში და მათ უკვე გარეგნულადაც იცნობენ“, - აღნიშნა გია გვაზავამ.

ამასთან, განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან სავიზო რეჟიმზე გადასვლა რუსების ნაკარნახევია. შესაძლოა, რუსეთი ემზადება უფრო აგრესიული ქმედებისთვის მეზობლების მიმართ, თურქეთთან დაძაბული სიტუაციის კონტექსტში და სავიზო რეჟიმის შემოღებაც შეიძლება ამით აიხსნას. თუმცა, თავის მხრივ, აფხაზების ნებისმიერი ქმედება დროზეა გათვლილი, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ვინმე კიდევ აღიარებს მათ „დამოუკიდებლობას“. ამაში არის გარკვეული ლოგიკა, გავა დრო, იქნებ, მსოფლიო თანდათან მიეჩვიოს და აფხაზეთის „აღიარებაც“ მოხდეს. თანაც, საამისო პრეცედენტი ბევრია მსოფლიოში - იუგოსლავია, კოსოვო და ა.შ.

პარალელურად, გია გვაზავას თქმით, აფხაზთა გენოფონდი ილევა და ყველაფერი მიდის არა აფხაზური, არამედ-კრემლის გეგმით. აფხაზებმა აბორტების აკრძალვაც სცადეს, რადგან დღეს უკვე აფხაზური ეთნოსი კითხვის ნიშნის ქვეშაა - 800 ბავშვი იბადება და სამი ათასამდე აფხაზი კვდება ყოველწლიურად.

„ექსპერტთა კლუბის“ წევრი ირაკლი ცქიტიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან სავიზო რეჟიმზე გადასვლა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოებრიობისთვის ფორმის მიცემის მცდელობა.

„არ ვფიქრობ, რომ სავიზო რეჟიმი აფხაზეთის ინტერესებშია, ეს უფრო რუსების ინტერესებშია და რუსები ამას გამოყენებენ რუსულ-თურქული ურთიერთობის დაძაბვის ჭრილში გარკვეული ჯგუფების აფხაზეთში შესვლის დასაბლოკად. ცხადია, რუსებს უვიზო რეჟიმი ექნებათ და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ აფხაზეთში შესვლაზე, რადგან აფხაზეთის მთელი ეკონომიკა რუსეთზეა ჩამოკიდებული, მით უმეტეს, ზაფხულის პერიოდში რუსები შეადგენენ აფხაზების ეკონომიკის ძირითად წყაროს. გარდა ამისა, ამით უფრო მეტად გააკონტროლებენ ენგურზე არსებულ ოკუპაციის ხაზს და ქართველებს პრობლემებს შეუქმნიან იქ გადასვლაში. მთლიანობაში, ვიზას ჩაარტყამენ თუ არა აფხაზები, ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, რადგან იქ ჩასასვლელად მაინც საჭირო იყო დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის თანხმობა“, - აღნიშნა ირაკლი ცქიტიშვილმა.