ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროში“ წილების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც ტელევიზიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მაკა ასათიანი და მისი მეუღლე კოტე გოგელია, საკონტროლო პაკეტს კარგავენ.
გოგელია-ასათიანს არხის აქციათა მხოლოდ 45% რჩებათ, 55% კი, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძეს, მამუკა ღლონტს, ლევან ჩიკვაიძეს, გიორგი ებრალიძეს და ეკა აკობიას ეკუთვნოდა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი“) საკუთრება ხდება.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ბიზნესგარიგებას უცებ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი ისევ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს, თუმცა როგორც ცნობილია პროცესი ტელეკომპანიაში საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“- ის წილის დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვდა, რასაც ასევე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გაოცებული იყო, რატომ არ ლაპარაკობდნენ ტელეკომპანია „მაესტროზე“, სადაც ასევე, წილებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობდა. როგორც ჩანს, რატომღაც ეს თემა სწორედ ახლა გახდა პოლიტიკურად აქტუალური.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაც განკარგავს სად და როდის „იზღუდება“ სიტყვის თავისუფლება, როდის უნდა ატყდეს ხმაური. ხელისუფლება კი იმის შიშით, რომ ამ დემოკრატიული ღირებულების ხელყოფაში არ დაადანაშაულონ, საკმაოდ უცნაურ პოზიციას იკავებს. რამდენიმე თვის წინ, ჯერ ქიბარ ხალვაშის ბრძოლა „დაკონსერვდა“, ახლა კი საჯარო რეესტრი „უცნობის“ წარმომადგენელ ლევან გაჩეჩილაძეს უქმნის ბარიერს ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად რეგისტრაციის საკითხში.
რეალურად რა მოხდა ტელეკომპანია „მაესტროში“, ბუნდოვანია, თუმცა მედიასა თუ სხვადასხვა კულუარულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იკვეთება ვერსია, რომელიც შესაძლოა, მეტ-ნაკლებად ახლოს იყოს რეალობასთან. მით უმეტეს, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელიც სწორედ ამ სცენარზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „მაესტროს“ დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით - ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ ცნობა და მისი გაკოტრებულად გამოცხადება მოითხოვა. გადაბაძემ განმარტა, რომ შპს „მაესტროს“ დაუგროვდა დავალიანება, რომელსაც ტელევიზია ვერ იხდის და სწორედ ამის გამო მიმართავს სასამართლოს კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადოს. ეს გადაბაძის უკვე მეორე მცდელობა იყო ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ.
გაჩეჩილაძის ადვოკატი, ირაკლი კორძახია ამბობდა, რომ დავალიანება ხელოვნურად იყო გაბერილი, მიზანი - „მაესტროს“ დასაკუთრება და აქტივების სხვა კომპანიაზე გადატანა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ადვოკატი იმაზეც საუბრობს, რომ მამუკა ღლონტმა და მისმა პატრნიორებმა სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, სადაც ითხოვდნენ გიორგი გაჩეჩილაძის 25%–იანი წილის მათთვის გადაცემას ნომინალურ თანხად.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმად, მამუკა ღლონტი და მის მხარეს მყოფი ადამიანები გია გაჩეჩილაძის მხარეს გადავიდნენ და სწორედ ამ გაერთიანების შედეგად მოხდა მათი წილების გასხვისება, თუმცა ჩნდება კითხვა, რა მოხდებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყვნენ?!
ექსპერტი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ „მაესტროს“ გაკოტრების მცდელობა არის გარკვეული ტექნიკური საკითხი.
„ეს იყო გარკვეული სამართლებლივი გეგმა გაჩეჩილაძის მხრიდან ტელევიზიის მენეჯმენტში შესვლის გადაზღვევის. გაკოტრების პროცესიც მთლიანად ემსახურებოდა ამას და არა იმას, რომ კომპანია გაჩერებულიყო და ფინანსური პრობლემები შექმნოდა. იმიტომ, რომ მთავარი კრედიტორი თვითონ არის. შესაბამისად, ეს გაკოტრება არის ფორმალობა, რომლის შედეგი უნდა ყოფილიყო გაჩაჩილაძის ნეიტრალიზება. სხვა ამოცანა გაკოტრებასთან დაკავშირებით არ არსებობდა.
მთლიანად ამ პროცესის პოლიტიზირება ხდება. ორივე მხარე აპელირებს პოლიტიკაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესის დამკვეთი არ ყოფილა პოლიტიკა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა გარეულია, მაგრამ როგორც საშუალება ბიზნესისთვის და არა პოლიტიკა - როგორც მიზანი. ორივე მხარის ინტერესი არის უფრო ბიზნესი, ვიდრე პოლიტიკა“,- თვლის ხუხაშვილი.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა „2030“-ში აღნიშნა, ბოლო დროს „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მიმართ განხორციელებული შანტაჟია.
„55%-ის მფლობელი ხომ ვარ? - საკუთარ კომპანიაში დირექტორს ვერ ვნიშნავ. კომპანიაში, სადაც თვითონვე აღიარებენ, რომ გაკოტრებულია, ბრენდი აღარ არსებობს. იმასაც ვიტყვი, რომ ის ბაიაც ჩემი ხელმოწერით არის დანიშნული. ეს სირცხვილია, ეს მხოლოდ „მაესტროს“ არ ეხება, ეს აბსოლუტურად ყველა ბიზნესს ეხება.
რადგან ტელევიზია გაქვს ყველაფრის უფლება გაქვს? იყვირებ ტელევიზიაში და ყველაფერი დამთავრდება? ამიტომ ვიძახი, ეს არის შანტაჟი-თქო“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
მანვე უარყო მამუკა ღლონტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გია გაჩეჩილაძემ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, „მაესტროს“ წილის 25% დათმო და ამაში ფული აიღო.
„არ გამიყიდია წილი. მანახეთ ერთი კაცი, ვინც ფული მომცა. სასამართლო პროცესი მიდის და ყველაფერი იქ გამოჩნდება. ღლონტი რომ იძახის ფული აიღოო, დაასახელოს ვისგან ავიღე. მე ყველაზე მეტად უმადურობას და დაუნახაობას ვერ ვიტან“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ „მაესტრო“ გაკოტრდება, 100%-იანი წილი კოტე გოგელიას დარჩება.
„19 თებერვალს იწყება „მაესტროს“ გაკოტრების პროცესი. თუ ტელეკომპანიის გაკოტრება განხორციელდება, მთელი აქტივები გადავა სხვა კომპანიაზე, მოწილეები ვინც ვართ, ვრჩებით ნულზე და კოტე გოგელიას რჩება 100% სიხშირე. ეს არის ჩვეულებრივი რუსული გეგმა, ასე აკეთებენ რუსეთში, აკოტრებენ კომპანიებს, რომ არ გადაიხადონ და ახალი კომპანიებით იწყებენ მუშაობას“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
რატომ ხდება ასეთი მანიპულაციები, ვერსია ამასთან დაკავშირებითაც იკვეთება - სხვადასხვა წყაროს ინფორმაცია შესაძლოა, სხვადასხვა რაკურსით, მაგრამ ძირითადად, ერთ ტენდენციას ასახავს.
ითქვა ისიც, რომ გოგელია ქართულ პოლიტიკაში დასამკვიდრებლად „მაესტროს“ გამოყენებას აპირებდა. უფრო კი მის ბიზნესინტერესებზე კეთდება აქცენტი - გოგელიას „მაესტრო“ დღევანდელ ხელისუფლებასთან სავაჭროდ სჭირდებოდა საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის; რომ გოგელიას სერიოზული ბიზნესინტერესები ჰქონდა საქართველოში და მიაჩნდა, რომ რადგან სააკაშვილის მმართველობისას ოპოზიციას აფინანსებდა, ამის საფასურად რამდენიმე ბიზნესსფეროში შეღავათები უნდა მიეღო; ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას გოგელიამ 5 მილიონი დოლარი დაახარჯა და მისი ბიზნესინტერესებიც ამით იყო გამოწვეული - ერთ-ერთი ვერსიით, ამ სამსახურის სანაცვლოდ გოგელია ცდილობდა, „საქართველოს რკინიგზა“ ჩაეგდო ხელში.
ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ მას შემდეგ რაც „მაესტროს“ მფლობელი გახდა, გოგელია ერთი მხრივ, ივანიშვილთან, მეორე მხრივ - სხვა პოლიტიკურ ძალებთან ცდილობდა, ტელეკომპანია პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოეყენებინა.
იმასაც არ გამორიცხავენ, რომ მან საერთო ენა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კონკრეტულად, „რუსთავი 2“-თან გამონახა; ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, რუხაძემ და გაჩეჩილაძეებმა დავით კეზერაშვილს გამოგლიჯეს „მაესტრო“ ხელიდან.
იმ ინფორმაციით, რაც გახმაურდა, ფული „მაესტროში“ პატარკაციშვილების ოჯახიდან წამოვიდა. ასესხა თუ აჩუქა გაჩეჩილაძეს „მაესტროს“ წილის შესაძენი თანხა ირაკლი რუხაძემ, რომელიც „სალფორდ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი გახლდათ, ალბათ, მოგვიანებით გახდება აქტუალური, თუ რუხაძეს პოლიტიკური პრეტენზიები გაუჩნდება.
როგორც for.ge-ს წყარო ვარაუდობს, მარტივი კითხავაა - რატომ ვაჭრობენ კოტე გოგელია და გიორგი გაჩეჩილაძე? - ცხადია, რომ საქართველოსთვის ტელებიზნესი საკმაოდ არამომგებიანია. ერთადერთი, ტელევიზია შეიძლება პოლიტიკური გავლენებისათვის გამოიყენო. ეს ადამიანები ევაჭრებიან ირაკლი რუხაძეს, მაგრამ აქვე ჩნდება კითვა, რუხაძეს რაში სჭირდება ტელევიზია? მართალია, ტელებიზნესიდან საქართველოში ფული არ კეთდება, მაგრამ ფული კეთდება იმ გავლენებიდან, რომელსაც იძლევა ტელებიზნესი. საბოლოო ჯამში კი, ქვეყანაში პოლიტიკა იმ გავლენებიდან კეთდება, რომელსაც იძლევა ტელევიზია.
„ფაქტია, რომ გოგელიას ამ შემთხვევაში მხოლოდ 9 მილიონი აინტერესებდა, მაგრამ ყველა ერთად, რომ ერთ კაცთან გარბის საბოლოო ჯამში, აი იმ კაცს რა ინტერესი აქვს, ეს კითხვაც მაქვს“, - ამბობს for.ge-ს წყარო.
მისივე ცნობით, ირაკლი რუხაძის დედა, ნათელა სახოკია საზოგადოებრივი არხის ბორდის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია და სწორედ მისი ხელდასმით დაინიშნა პირველ არხზე საინფორმაციო პოლიტიკის დირექტორად გიორგი გვიმრაძე, რომლის ბიოგრაფია დღემდე არავინ იცის - ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული გავლენები უკვე არსებობს.
პრინციპში, გოგელია იქნებოდა ეს თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია, ტელეკომპანიას პოლიტიკური ვაჭრობისთვის თუ ბიზნესინტერესებისთვის გამოიყენებდა, მაგრამ ამასთან რა კავშირი აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ხელისუფლების დადანაშულებას, ეს არის საკითხავი.
სიტყვის თავისუფლებას რაც შეეხება, ალბათ, ღირს გახსენება, რა მოჰყვა თავის დროზე გოგელიას მოსვლას „მაესტროზე“ - ტელეკომპანია 28 თანამშრომელმა დატოვა, მიზეზად დასახელდა, რომ გოგელია არხის საინფორმაციო პოლიტიკას კოკა ყანდიაშვილს აბარებდა, ეს პოლიტიკა კი პრორუსული უნდა ყოფილიყო.
ფაქტია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ ჯერ ვახო სანაიამ, შემდეგ ნინო ჟიჟილაშვილმა, თეონა გეგელიამ, დიანა ტრაპაიძემ, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა და პროდიუსერმა დატოვეს. არხზე კი, რეორგანიზაცია გამოცხადდა. ჟიჟილაშვილი უშუალოდ არხის დამფუძნებელმა, კოტე გოგელიამ გაათავისუფლა. ამ ყველაფერს წინ ტელევიზიაში თათბირი და ჟურნალისტების პროტესტი უძღოდა.
გადაცემა „სუბიექტური აზრის“ თანაწამყვანი დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობდა. თუმცა, გადაცემის პროდიუსერის ირაკლი აბსანძის ინფორმაციით, ტრაპაიძემ ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, მაკა ასათიანის მეუღლე კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
როგორც იმ პერიოდში „მაესტროდან“ წასული თანამშრომლები აცხადებდნენ, პროტესტი არხზე ცვლილებებმა, კერძოდ, „ცხრიანის“ ბადიდან ამოღებამ და კოკა ყანდიაშვილის მიერ ახალი გადაცემის დაწყებამ განაპირობა. მათი თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი ეჭვქვეშ დადგა.
როგორც მაშინ ამბობდა ჟიჟილაშვილი, კოტე გოგელიამ, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ფაქტობრივმა მფლობელმა, განუცხადა, რომ „მაესტრო“ იდეოლოგიზებული და „პროქართული“ უნდა გამხდარიყო.
„იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ სასურველია გავატაროთ და აწი უნდა გაატაროს არხმა, სახელად ქვია „პროქართული“, რაც ჩემში იწვევდა ბევრ კითხვას, ვინაიდან ჩვენ ისედაც ვემსახურებოდით ყოველთვის საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და შესაბამისად, რაღაც მიზანი, მსგავსი ტიპის, რასაც ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, შეიძლება ჩვენს არხს ისედაც ჰქონდა“ - აცხადებდა მაშინ ჟიჟილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გოგელია მაშინ ჯერ კიდევ არ იყო არხის ოფიციალური მფლობელი.
ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება და საზოგადოებას, „მაესტროს“ დამფუძნებლებს, მეწილეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართავს. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომლის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძირითადი აქცენტი ბიზნესმენ „რუხაძის ფულზე“ კეთდება და საზოგადოება არ ინტერესდება გოგელიას ფულის წარმომავლობით.
მისივე თქმით, საჭიროა პასუხები გაეცეს კითხვებს თუ რატომ მოხდა ტელეკომპანიიდან საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების გაშვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას კითხვები, რომელზეც პასუხი მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას არ გაუციათ. მე მაინტერესებს რატომ მოხდა ტელეკომპანია „მაესტროდან“ საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების თეონა გეგელიას, ვახო სანაიას, დიანა ტრაპაიძის და ნინო ჟიჟილაშვილის გაშვება? ასევე საინტერესოა, რატომ გაუქმდა „სტუდია მონიტორის“ კონტრაქტი „მაესტროსთან“ და რატომ მიიყვანეს ტელეკომპანიაში თაღლითი გიორგი ისაკაძე? მე ასევე მაინტერესებს მამუკა ღლონტისგან, თუ რატომ არ წარმოადგინა მან ის ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდებოდა მის მიერ გია გაჩეჩილაძის წილის ყიდვა, რომელზეც დღეს ღლონტი აცხადებს პრეტენზიას“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილი ასევე ინტერესდება რატომ უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები რუსული ფულის მქონე კოტე გოგელიას, რომელმაც მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან გაუშვა.
გოგიჩაიშვილის აზრით, მიმდინარე პროცესები შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ დაგროვილი ვალების გადახდისგან თავის არიდებას, „მაესტროს“ ხელოვნურად გაკოტრებას და სანაცვლოდ ახალი „მაესტრო24-ის“ ამოქმედებას.
„ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ გახდა გადახდისუუნარო. ამის შემდეგ „მაესტროს“ გენერალური დირექტორის სახელით შედის სასამართლოში განცხადება რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ კოტრდება.
„მოხდებოდა ძველი „მაესტროს“ გაკოტრება და ახალი სახელით მოხდებოდა იმავე პირების მიერ სხვა ტელევიზიის ამოქმედება. ეს არის სქემა, რომელიც ხშირად ხდება რუსეთის ფედერაციაში, სადაც კანონი არ კანონობს. ეს, ჩემი აზრით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
როგორც ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიმსახურა ის, რომ ნებისმიერი შფოთის წარმოჩენისას იგი სახელდება ამ შფოთის შემქმნელად და ტირაჟირების რეჟიმში ხვდება. ამას შესანიშნავად იყენებენ დღევანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები.
„არ გამოვრიცხავ ხელისუფლების ჩარევას, მაგრამ ფაქტია, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით სრულიად შეგნებულად აღვივებენ სწორედ პოლიტიკურ შემადგენელს და არა ბიზნესშემადგენელს, რაც ერთიანად ვნებს ჟურნალისტებს და საეთერო სივრცეს“ - მიიჩნევს ცისკარიშვილი.
არსებობს ეჭვი, რომ „მაესტროს“ ეთერში ღიად იკვეთება რუსული და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა. თუკი გავლენა არ არის „მაესტოზე“, მაშინ საკითხავია, რატომ არ დაიცვა ამ არხმა იმ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, რომლებიც არხიდან კოტე გოგელიას ბრძანებით გაანთავისუფლეს?!
თუმცა სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ უნდა გავმიჯნოთ გოგელიას პირობებში არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ინტერესები „რუსთავი 2“-ისა, რომ იყოს ერთ-ერთი აქტიური მოთამაშე ამ ველზე.
„ყურადღებას მივაქცევდი იმას, რომ ამ ორ არხს შორის არსებობს დიდი განსხვავება, რაზეც მეტყველებს სრულიად მკაფიოდ გაჟღებეული თემებიც და ციფრებიც. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში - თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, ვის უჭერთ მხარს - რუსეთს თუ თურქეთს? - ამ გამოკითხვის შედეგად 80%-ზე მეტი მხარს უჭერდა რუსეთის პოზიციას და 20%-მდე მხოლოდ თურქეთს. მესამე დღეს ანალოგირი შეკითვა დაისვა „რუსთავი 2“-ის ეთერში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს თურქეთის პოზიციას და 20%-ზე ნაკლები რუსეთი პოზიციის მხარდამჭერია. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მიმანიშნებელი სარედაქციო პოლიტიკის კუთხით ამ ორ ტელევიზიას შორის. ეს ციფრები არის მანიპულირებადი, ასეთი გამოკითხვები გამოყენებულია სწორედ სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე“.
ცისკარიშვილის შეფასებით, როდესაც რუხაძის ფულზე კეთდება აქცენტი, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის კოტე გოგელიას ფულის წარმომავლობა. შესაბამისად, კაპიტალის წარმოშობა არ უნდა ნიშნავდეს სარედაქციო პოლიტიკისთვის საფუძველს.
„ძალიან მარტივად ვანსხვავებთ მაყურებლები პოლიტიკას, დიახ, ჩემთვის ყველაზე დიდი მიმანიშნებელი ამ პოლიტიკის გახლავთ სწორედ რუსეთთან დამოკიდებულების საჯარო გაფორმება იმ მოტივაციით, რომელიც უფრო ახლოს არის ტელეკომპანიის დამფინანსებლის წარმოდგენებთან. ეს ჩემთვის კითხვა არ არის. მე ამ კითხვაზე პასუხი გამაჩნდა გაცილებით ადრე, ვიდრე დღეს“,- აცხადებს ცისკარიშვილი.
გია ხუხაშვილის შეფასებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სარგებელი და სარედაქციო დამოუკიდებლობა. ამ პროცესის ფინალში ჩვენ უნდა მივიღოთ „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისგან.
„ეს უნდა გადავიდეს სამართლებრივ სივრცეში, იქ არკვიონ ერთმანეთში, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, თავი დაანებონ „მაესტროს“ რედაქციას და ეს ტელეკომპანია ვნახოთ ისეთი, როგორსაც ვუყურებდით 2011-12 წლებში. რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება არსებულ მმართველობასთან დაკავშირებით, ტრაპაიძე, გეგელია, სანაია, ჟიჟილაშვილის გაშვებასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, რომელზე პასუხიც არ მიგვიღია“, -აცხადებს ხუხაშვილი.
და ბოლოს, თუ ეს მაინც პოლიტიკაა, გამოდის, რომ ის, ვინც ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს, თავად გამოდის პრორუსული პროპაგანდის მომხრე, ეს კი არც თუ მომგებიანი პოზიციაა პროდასავლური მედიისა თუ არასამთავრობო სექტორისთვის - ალბათ, ამაზეც ღირს დაფიქრება.