რამდენიმე თვის შემდეგ ბრაზილიური რიო–დე–ჟანეირო ზაფხულის მორიგ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. რასაკვირველია ამ ასპარეზობას არც ქართველი სპორტსმენები გამოაკლდებიან და სამშობლოში დარჩენილი გულშემატკივრების გახარებას შეეცდებიან.
ქართველი ათლეტები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1952 წლიდან მონაწილეობენ. მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევდიოდით. რომ არა ეს ფაქტორი, თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონები გაცილებით მეტი გვეყოლებოდა.
დღევანდელ წერილში რამდენიმე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი მსურს გაგახსენოთ. ეს ადამიანები იმ ბედნიერ წუთებს გაიხსენებენ, როდესაც საწადელს მიაღწიეს და გამარჯვებულთა კვარცხლბეკის მაღალ საფეხურზე ადგილი დაიკავეს.
დღევანდელ მოგონებებს, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ბატონი დავით ციმაკურიძე გახსნის. სამწუხაროდ, სახელოვანი ფალავანი ათი წლის წინ გარდაიცვალა.
„ჰელსინკში, ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული ძალიან ვნერვიულობდი. ვერც მაშინ დავწყნარდი, როცა ოლიმპიურ სოფელში - ბოტანიემში დავბინავდი. ჩვენ სპორტკომპლეს მესუჰალიში გვიწევდა ასპარეზობა და იქაურობა საერთოდ მანადგურებდა. ვერ გეტყვით რატომ ვნერვიულობდი ასე, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ დიდ შეჯიბრებაზე მანამდე არასდროს გავსულვარ და ოლიმპიადაზე მოხვედრაზე მხოლოდ ვოცნებობდი.
ოლიმპიადაზე ჩემი პირველი მეტოქე შვედი ბენგტ ლინტბლადი იყო. კარგად დავიწყე, 2 ქულაც მოვიპოვე, მაგრამ მერე ნორვეგიელმა და ფრანგმა მსაჯებმა შეცდომით მეტოქეს ჩაუთვალეს ქულები და წამაგებინეს. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ არბიტრების გადაწყვეტილება იქვე გააპროტესტა და თანხაც გადაიხადა აპელაციისთვის, თუ არ ვცდები 5 ათასი. სანამ საკითხს განიხილავდნენ, ეგვიპტის ჩემპიონს მოჰამედ აბდულ რამადა ჰუსეინს და ამერიკელ დენ ჰოჯს ვძლიე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოვიპოვე, ის ლინტბლადი კი საერთოდ გავარდა.
ფინალში ორი მეტოქე მყავდა: უნგრელი დიორდ გირიჩი და ირანელი გულამ რეზა ტახტი. პირველად გირიჩს დავეჭიდე. საწყის წუთებში ორჯერ დავატრიალე და ქულები ავიღე, მერე კი აღარ გავრისკე - ძალებს ვზოგავდი. საბოლოოდ ქულებით 7:0 მოვიგე და იმ დროს, როცა დასასვენებლად ვემზადებოდი - მეორე შეხვედრაში გირიჩს რეზა ტახტთან უნდა ეჭიდავა - ისევ ხალიჩაზე მიხმეს. უნგრელმა, ფეხი მტკივა, ცოტა უნდა დავისვენოო და... ახლაც არ ვიცი, მართლა ტკიოდა გირიჩს ფეხი, თუ იცრუა.
გულამ რეზა ტახტი ირანის შაჰის საყვარელი ფალავანი იყო, მაგრამ ისე მინდოდა გამარჯვება, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ მედგა წინ. არადა, ის ძალიან გამოცდილი მოჭიდავე იყო, ძლიერი მკლავები ჰქონდა და უამრავ ილეთს იდეალურად ფლობდა. თან, ჩემზე მაღალიც იყო... საწყის წუთებში ჩემი საყვარელი ილეთი გავუკეთე - ფეხით ავწიე და „ხიდზე" დავაყენე, მერე ორჯერ ჩოქმბჯენიდან დავატრიალე და ქულებიც მოვიპოვე... დაწინაურების შემდეგ ინიციატივა აღარ დავუთმე. საბოლოოდ 9:2 გავიმარჯვე და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი საქართველოდან!
შეხვედრის წინ ტახტი მუხლებზე დაემხო და ლოცვა-კურთხევა შესთხოვა ალაჰს. ვიფიქრე, ამას ჩემი შინებია-მეთქი და უფრო თამამად გავედი საჭიდაოდ. ხელის ჩავლებისთანავე მივხვდი, როგორ ძლიერ მეტოქესთან მქონდა საქმე. შევუტიე. მოპოვებულ ქულებს მერე ვერაფერი წავუმატე, მაგრამ თავიდან არც არაფერი დამითმია და... კვარცხლბეკზე რომ ვიდექი, მთელი საქართველო თვალწინ დამიდგა და ცრემლიც მომადგა“.
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი ბატონი რობერტ შავლაყაძე იქნება
„ამერიკელებს „გიგანტთა მატჩში" მოვუგეთ და ამის გამო ისინი ძალიან გაბრაზდნენ. დაიქადნეს, ერთი წლის შემდეგ, რომში, ოლიმპიურ თამაშებზე შევხვდეთ, იქ განახებთ ვინ ვინ არისო. სიმაღლეზე ხტომაში ფავორიტად ამერიკის ნაკრების წევრი, „ჩიკაგოელ კალიად" და „კენგურუდ" წოდებული ჯონ თომასი ითვლებოდა, იმ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმეგზის რეკორდსმენი. თომასი ოლიმპიურ სოფელში გავიცანი, ერთი-ორჯერ ერთად გავისეირნეთ, მაგრამ იმხელა პოპულარობით სარგებლობდა, ცოტა არ იყოს დავითრგუნე - ყველა მას უღიმობდა, ფოტოებს უღებდნენ, ავტოგრაფებს ართმევდნენ, მომავალ ჩემპიონს უწოდებდნენ. ისიც ქედმაღლობდა და გავიფიქრე, კაცი არ ვიყო, თუ არ ვაჯობო-მეთქი!
ვარჯიშზე თომასმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა შოუ დადგა. გამოქანდებოდა, დაძლევდა სიმაღლეს და მწვრთნელები ერთ ამბავში იყვნენ, არიქა, ნახეთ რა მაგრად გადახტა, 220 სანტიმეტრი დაძლიაო! რა თქმა უნდა, თომასი უფრო დაბლა ხტებოდა, მაგრამ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხრიკი იყო - მოწინააღმდეგეები უნდა დაეთრგუნა. ბევრზე გაჭრა, მაგრამ მე, სიმართლე გითხრათ, მშვენიერ ხასიათზე დამაყენა - გულიანად ვიცინოდი!
ჯონ თომასმა და ჩემმა თანაგუნდელმა ვალერი ბრუმელმა შეჯიბრება 195 სანტიმეტრით დაიწყეს, მე კი პირდაპირ ორი მეტრი შევუკვეთე. ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ დიაჩკოვი ტრიბუნიდან მიყვიროდა, ხომ არ გაგიჟდი, რას აკეთებო! მშვიდად ვიყავი და აუღელვებლად დავძლიე 200, 203, 206, 209 და 214 სანტიმეტრი, არადა, იქამდე ჩემი საუკეთესო მიღწევა 213 სანტიმეტრი იყო. ერთ-ერთმა კონკურენტმა და ჩემმა თანაგუნდელმა ვიქტორ ბოლშოვმა მალე დაასრულა ასპარეზობა, ცოტა ხანში მელბურნის თამაშების ჩემპიონი ჩარლზ დიუმასიც გამოეთიშა შეჯიბრებას, რაც შეეხება ბრუმელს და თომასს, მათ 214 სანტიმეტრი დაძლიეს, თუმცა ჩემთან შედარებით მეტი ცდა დასჭირდათ.
ფინალური ხტომები სტარტზე გასვლიდან თითქმის 12 საათის შემდეგ დაიწყო. ადვილად წარმოიდგენთ როგორი დაღლილი ვიქნებოდი, მაგრამ როცა ვწვებოდი და ვდუნდებოდი, საკუთარ თავს შევუძახებდი, ცოტაც რობერტ, ცოტაც, ჩემპიონობა ახლოა, არ დანებდე-თქო. 216 სანტიმეტრზე გადებულ თამასას პირველად ბრუმელმა შეუტია. ვერ გადაევლო. მერე თომასი გამოექანა. მასაც ხელი მოეცარა. ისე გამწარდა, კვლავ სტარტზე დადგა, არადა, ჩემი ჯერი იყო. მსაჯებმა ძლივს დააწყნარეს. მე გავექანე და პირველივე ცდაზე დავძლიე სიმაღლე. ოლიმპიური ოქროს ბედიც, ალბათ, მაშინ გადაწყდა. საბოლოოდ ბრუმელი მეორეზე გავიდა, თომასი კი ბრინჯაოთი „დაკმაყოფილდა". მეორე დღეს გაზეთი „სტამპა" წერდა, სიმაღლეზე ხტომის ოქროს წიგნში აქამდე ერთი ევროპელიც არ იყო, დღეს კი თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ ამ მატიანეში ახალი ფურცელი ჩაწერაო. ცხადია, უზომოდ გახარებული გახლდით, თავის სიზმარში მეგონა!
როცა მეკითხებიან თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე რომელიაო, ყოველთვის 1960 წლის 1 სექტემბერს ვასახელებ: როცა რომში, „ფორო იტალიკოზე" ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გავხდი! სხვათა შორის, 1 სექტემბერს ამერიკელ მძლეოსნებს ბევრ დისციპლინაში მოეცარათ ხელი, პრესამ კი ის დღე „შავ ხუთშაბათად" მონათლა“.
1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მშვილდოსანმა ქეთევან ლოსაბერიძემ პატარა სასწაული მოახდინა და საქართველოში გამარჯვებული დაბრუნდა.
„მოსკოვის ოლიმპიური თამაშების წინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი - ზედიზედ ვიგებდი ტურნირებს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნაკრებში ადგილის მოსახვედრად ბოლომდე უნდა მებრძოლა. ერთ-ერთ ბოლოსწინა შეჯიბრებაზე, პოლონეთში, მესამე ადგილი დავიკავე, ამის გამო გუნდის ხელმძღვანელებმა ლამის ნაკრებს მიღმა დამტოვეს. მე, ნატალია ბუტუზოვა, ოლგა როგოვა და რუსტამოვა - ჩვენ ოთხნი ვიყავით კანდიდატები. საბოლოოდ მე და ბუტუზოვა შეგვიყვანეს გუნდში. როგოვას უზბეკეთის სპორტის მესვეურები მფარველობდნენ, რომლებიც მიდგნენ-მოდგნენ და იმდენი ქნეს, რომ ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე ჩვენს შორის დამატებითი, ოთხდღიანი პაექრობა დაინიშნა. როგოვამ მცირე ხნით ადრე პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში 30-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა, საკუთარი თავის ძალიან ეიმედებოდა და... 2569 ქულა მოვაგროვე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე! სხვათა შორის, მესამე დღის შემდეგ თვითონ ოლგამ მთხოვა, შევწყვიტოთ ორთაბრძოლა, ჩემზე ძლიერი ხარ, ნაკრებში შენ უნდა იყოო. მერე მომიბოდიშა კიდეც, მე სულ არ მინდოდა ეს დამატებითი შეჯიბრება, მაიძულეს გამოვსულიყავიო...
ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი 1980 წლის 3 აგვისტოს მოვიგე. ეს დღე არასდროს დამავიწყდება! თავიდანვე ზუსტად ვისროდი და ამის წყალობით გავიმარჯვე, ეს ჩემი სპორტული ცხოვრების ყველაზე დიდი ტრიუმფია! სხვათა შორის, მე პირველი საბჭოთა მშვილდოსანი ქალი ვარ, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო. ეგ კი არა, საერთოდ, პირველი ევროპელი ქალი ვარ, ვინც ამ დისციპლინაში გაიმარჯვა.
ყველა ნატალია ბუტუზოვას უწინასწარმეტყველებდა ჩემპიონობას, მაგრამ როგოვასთან იმ დამატებითმა დაპირისპირებამ ჩემზე დოპინგივით იმოქმედა - ძალიან კონცენტრირებული ვიყავი და ისარს ისარში ვარჭობდი! მე და ბუტუზოვა აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში გამოვდიოდით - ერთ ცვლაში მოვხვდით და ერთადვე ვისროდით. შეჯიბრების ბოლო, მეოთხე დღეს ამინდი გაფუჭდა, თუმცა ბოლო სერიაში 29 ქულა დავაგროვე და ჩემპიონიც გავხდი! თან, 30-მეტრიან სასროლეთზე ოლიმპიური რეკორდი დავამყარე!
უკანასკნელი გასროლის შემდეგ ჟურნალისტების, ფოტოკორესპონდენტების და კინოოპერატორების ალყაში აღმოვჩნდი. გამარჯვება პირველებმა საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ დავით პერტენავამ და მისმა მოადგილემ, ტყვიის სროლაში მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა და ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა შოთა ქველიაშვილმა მომილოცეს.
1992 წელს, ბარსელონაში ძალოსანმა კახი კახიაშვილმა გვასახელა.
„1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემს წონაში ფავორიტებად ჩვენი გუნდის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის წევრები მე და უზბეკეთის წარმომადგენელი სერგეი სირცოვი ვითვლებოდით. მწვრთნელები სირცოვს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა მას წონით ვჯობდი - 200 გრამით მსუბუქი ვიყავი. ის ატაცში იყო ძლიერი და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა - 190 კილოგრამი დაძლია, როცა მე 177,5 კილოზე გავჩერდი. აკვრაში ასპარეზობა მან დაიწყო და 222,5-ზე მეტი ვერ დაძლია. ბოლო ცდის წინ მე და ჩემს მწვრთნელს, ვანო გრიქუროვს ბევრი არ გვიფიქრია - 235 კილოგრამი შევუკვეთეთ, რაც ავტომატურად ოლიმპიური თამაშების რეკორდი იყო. ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვასილი ალექსეევს არაფერი უთქვამს, იცოდა, რომ მანამდე 232,5 კილოზე მეტი არასდროს ამეწია და ამიტომ, ჩემი და ვანოს მოთხოვნილ წონას უპრობლემოდ დათანხმდა. შტანგასთან მშვიდად მივედი. ვიცოდი, არაფერს ვკარგავდი - ვერცხლის მედალი ჯიბეში მედო, ცდის გამოყენების შემთხვევაში კი ოლიმპიური ჩემპიონი ვხდებოდი... შტანგას დავეჭიდე და ავკარი! ამ შედეგით სირცოვს გავუთანაბრდი და რადგან მასზე 200 გრამით ნაკლები ვიყავი, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი! სიხარულისგან მეც და ვანოც მეცხრე ცაზე ვიყავით! მან ხომ პირველად იზეიმა შეგირდის ოლიმპიური ჩემპიონობა!
როცა მედალი ჩამომკიდეს, თვალწინ გამირბინა გარჯამ და შრომამ. ოლიმპიადამდე ორი წელი ტრავმებმა გამაწამა, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფორმა სამ თვეში აღვიდგინე და 23 წლის ასაკში პიკს მივაღწიე!
ესპანეთში, ოლიმპიადის მონაწილის ბარათში რუსეთი ჩამიწერეს. ჩემპიონი რომ გავხდი, კვარცხლბეკზე ასვლის წინ ვხედავ, რუსეთი დროშის აფრიალებას აპირებენ. გავაპროტესტე, ახლავე საქართველოს დროშა მოიტანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მედალს არ მივიღებ-მეთქი. მალე ჯანო ბაგრატიონი ჩაერია საქმეში და საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა: საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა და ჩვენი დროშაც აიწია!
თბილისში რომ მოვდიოდით, მხოლოდ დახვედრაზე ვფიქრობდი, აეროპორტში კი ახლობელ-მეგობრების და ერთგული გულშემატკივრების გარდა არავინ მოსულა. ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო - ხუმრობა ხომ არაა, ბარსელონაში ჩემს გარდა დავით ხახალეიშვილი და ლერი ხაბელოვიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ! რამდენიმე დღეში მაშინდელ პიონერთა სასახლეში გვიმასპინძლეს - სპორტის დეპარტამენტმა დაგეგმა ეს შეხვედრა. იქ მაშინდელი ვიცე-პრემიერი ირაკლი მენაღარიშვილიც იყო, რომელმაც გამოაცხადა, რომ მთავრობამ სამივე ჩემპიონი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. იმ დღეს მედლები მხოლოდ იმიტომ არ გადმოგვცეს, რომ დამზადებული არ იყო, თუმცა ბატონი ირაკლი დაგვპირდა, მალე გამოგიგზავნითო. მოგვიანებით, როცა ორდენი მოვიკითხე, მითხრეს, თქვენ ხომ აღებული გაქვთ, აგერ, ხელიც მოგიწერიათო. საბედნიეროდ, იმ შეხვედრის ჩანაწერი შენახული მქონდა და... ორდენი გადმომცეს, თუმცა იმაზე მწყდება გული, რომ ვიღაც უნამუსომ ჩემი ხელმოწერა გააყალბა და ჯილდო მიითვისა.
ოლიმპიური ჩემპიონები 5 ათასი დოლარით დაგვაჯილდოვეს. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს სასაცილო თანხა იყო, თუმცა ამაზე წუწუნს ხომ არ დავიწყებდი?! დასამალი რაა, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბინის ორდერიც გადმომცეს, მაგრამ რომ მივედი, იქ აფხაზეთიდან ლტოლვილები იყვნენ შეჭრილნი, მე კი მათი გამოსახლება არც მიფიქრია“.