ხმაურის 150 დეციბელი ინფარქტს იწვევს, ხოლო 200-მა - შეიძლება ლეტალური დასასრული გამოიწვიოს

ხმაურის 150 დეციბელი ინფარქტს იწვევს, ხოლო 200-მა - შეიძლება ლეტალური დასასრული გამოიწვიოს

ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისი წყნარი ქალაქი უნდა ყოფილიყო და ღამის საათებში ხმაური დასჯადი უნდა გამხდარიყო. ამის შესახებ For.ge გასულ წელსაც წერდა. იმ პერიოდში ჩვენთან საუბარში დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე აცხადებდა, რომ მან ხმაურის მოწინააღმდეგეთა 300-500-ხელმოწერიანი განცხადებები პარლამენტს გადასცა, თუმცა ზურაბ ტყემალაძის კომიტეტმა ეს საკითხი ჩააგდო.

შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან დღემდე გრძელდებოდა ამაო ზარები საპატრულო პოლიციაში, თვითმმართველობის ორგანოებში, ზედამხედველობის სამსახურში, რაც რეაგირების გარეშე რჩებოდა. ხმაურის პირველ გამოვლენაზე ობიექტის მეპატრონეებს ვერც ვერავინ აფრთხილებდა და ვერც 500-დან 1000 ლარამდე აჯარიმებდა ხმაურის განმეორების შემთხვევაში.

1-ლი სექტემბრიდან კი, სავარაუდოდ, ყველაფერი შეიცვლება. როგორც ამ ინიციატივის ავტორი, თედო კობახიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამ კანონის ამოქმედებას უნდა ველოდოთ და ჩვენი დედაქალაქის ღამის მყუდროებას უკვე ვერავინ დაარღვევს.

„მიმდინარე წლის 25 იანვარს ხმაურის რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მივმართე საქართველოს პარლამენტს, რათა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევის კანონში შესულიყო ცვლილება-დამატებები. კერძოდ, კანონს უნდა დამატებოდა 75-ე პრიმა-მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა დღისა და ღამის საათების რეგულაციას. ამ ყველაფერზე კონტროლს აიღებდა შს სამინისტრო. კანონი ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან, ვინაიდან ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ გადამზადდეს შესაბამისი ჯგუფი. ხმაურის შესახებ ზარი შევა 112-ში, რასაც 112 გადაამისამართებს საპატრულო დეპარტამენტში და ხმაურმზომებით აღჭურვილი შესაბამისი ეკიპაჟები ადგილზე გავლენ“, - გვითხრა თედო კობახიძემ.

For.ge-ს შეკითხვაზე, ხმაურმზომების შეძენა ხომ არ გამოიწვევს საბიუჯეტო ცვლილებებს, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგან საუბარია შიდა ასიგნებებიდან გამოყოფილ 15 ათას ევროს ექვივალენტზე ლარში. ეს თანხა კი საკმარისია იმისთვის, რომ პატრულის ყოველი მესამე ეკიპაჟი წელსვე აღიჭურვოს ხმაურმზომებით.

„სამწუხაროდ, დღეს არავითარი რეგულირება არ არსებობს და, ხმაურის შემთხვევაში, ვერავითარი ზომა ვერ იქნება მიღებული. მხოლოდ მივა საპატრულო ეკიპაჟი, დააფიქსირებს, რომ ეს არის ხმაური, მაგრამ ზუსტად ამას ვერ გაზომავს, რადგან შესაბამისი ხელსაწყოები არ აქვს. მხოლოდ სმენის მეშვეობით თუ მოახდენს ხმაურის დააფიქსირებას. სხვათა შორის, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობის 97%  მხარს უჭერდა ხმაურის დასჯადობას, მხოლოდ 3 % იყო მოწინააღმდეგე“, - აღნიშნა თედო კობახიძემ.

ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ პრეზიდენტი ქეთი ბარათელი ხმაურის შესახებ ინიცირებული კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ხმაური ადამიანის ორგანიზმზე ახდენს. კერძოდ, ხმაურმა შესაძლოა, ინფარქტი ან გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.

„ხმაურის დასაშვები ნორმა 20-30 დეციბელამდე მერყეობს. 35 დეციბელი ადამიანის გაღიზიანებას, 42 დეციბელი უკვე სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცვლილებებს, ჰიპერტონიას იწვევს. როდესაც ხმაური 50 დეციბელს სცილდება, განსაკუთრებულ აგრესიას იწვევს. ბავშვებისთვის ამ დროს დამახასიათებელია უმადობა, აღგზნებადობა, დეპრესია, ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში გამოყოფა ისეთი ჰორმონები, როგორიცაა კორტიზოლი, ადრენალინი“, - აღნიშნა ქეთი ბარათელმა და განმარტა, რომ, თუკი ხმამაღალი მუსიკა ხშირად ისმის, ეს ეტაპობრივად სმენის დაკარგვას იწვევს, სხვადასხვა დაავადებისადმი იმუნიტეტიც ქვეითდება და ავთვისებიანი სიმსივნეებისადმი ორგანიზნის იმუნიტეტიც იკლებს.

რაც შეეხება 150 დეციბელს, ეს უკვე უკვე ინფარქტს იწვევს, ხოლო 200-მა დეციბელმა შეიძლება ადამიანში ლეტალური დასასრული გამოიწვიოს.