ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად - მურუსიძე ახვლედიანის წინააღმდეგ

ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად - მურუსიძე ახვლედიანის წინააღმდეგ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კახა სოფრომაძე ამტკიცებდა, რომ არანაირი დისციპლინური დევნა მამუკა ახვლედიანთან მიმართებაში დაწყებული არ არის. საპასუხოდ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ახვლედიანმა მის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, კერძოდ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2016 წლის 3 თებერვლის N16-16 გადაწყვეტილება. ასევე გამოაქვეყნა ამავე გადაწყვეტილებაზე მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სრული ტექსტი.

მამუკა ახვლედიანს მიაჩნია, რომ დისციპლინალური დევნის დაწყების მიზანი მისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩამოართვა. როგორც ახვლედიანი აცხადებს, სრულად ეთანხმება მის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელ ბრიფინგზე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ისევე როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მათზე საქრთველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს თავი ვერ გაართვეს.

„ამის გამო მოვუწოდე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაშლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ. ასევე თანმიმდევრულად ვეთანხმები სადავო გადაწყვეტილებაში ჩემი გამოსვლის სიტყვის ციტირებას და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაში არც ერთი გამონათქვამი, სიტყვა, წინადადება პირდაპირ თუ ირიბად, არც ერთ შემთხვევაში არ შეიცავს რაიმე უარყოფით დამოკიდებულებასა და დასკვნას ჩემი კოლეგების, დანიშნული მოსამართლეების კვალიფიკაციაზე.

ისევე როგორც ჩემი გამოსვლა არც ერთ შემთხვევაში არ ემსახურებოდა საზოგადოებაში მართლმსაჯულების სისტემის დაკნინებას. ჩემი, როგორც რიგითი მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, ხმამაღლა ისაუბროს იმ ფაქტებზე, რაც სასამართლოს ავტორიტეტს აზიანებს და მის მიმართ საზოგადოებაში ნდობას ამცირებს“, - აცხადებს მამუკა ახვლედიანი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაში, მამუკა ახვლედიანის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მიზეზად, მის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები სახელდება. ამავე დოკუმენტის თანახმად, ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის დადგენილება გახდა.

„მამუკა ახვლედიანმა საჯაროდ გამოხატა უარყოფითი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ეჭქვეშ დააყენა ზოგადად იმ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, რომელთა თანამდებობებზე გამწესება ან დაწინაურებაც განხორციელდა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

ეს ეწინააღმდეგა საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მოთხოვნებს. აღნიშნული კი, შესაძლოა, მიუთითებდეს მოსამართლის მხრიდან სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევისა და მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას“, - ნათქვამია ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებაში.

პარალელურად, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას მოითხოვს. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, აღნიშნულმა მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიმართ გამოთქვეს არაჯანსაღი კრიტიკა და გააკეთეს არაეთიკური განცხადებები, რის გამოც მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება უნდა დაიწყოს.

საუბარია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 8 მოსამართლეზე, რომლებმაც მამუკა ახვლედიანის საპასუხოდ გაავრცელეს განცხადება და იმ 4 მოსამართლეზე, რომლებმაც სასამართლოს შიდა ქსელში გამართეს მიმოწერა ახვლედიანის წინააღმდეგ. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, საბჭო ძალიან აქტიურად ცდილობს მამუკა ახვლედიანის ქმედებაში ეთიკის ნორმების დარღვევის აღმოჩენას და მის წინააღმდეგ დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება. იმისთვის, რომ საბჭომ აჩვენოს, თანმიმდევრულია აღნიშნული მოსამართლეების მიმართ, უნდა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება,

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი იმედოვნებს, რომ საბჭო ობიექტურად შეისწავლის მათ მოთხოვნას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად თანმიმდევრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომ შეისწავლოს მათი განცხადებები. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ახვლედიანის განცხადებებში არანაირი დარღვევა არ იკვეთება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს პირდაპირი მესიჯი იქნება, რომ არავინ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რაც სასამართლოს აქვს.

„როცა სამოსამართლეო ეთიკას ეხება საქმე და როდესაც საბჭო ძალიან აქტიურია დისციპლინური სამართალწარმოებით განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე, ისიც საინტერესოა, ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრული იქნება საბჭო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების განცხადების თაობაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ მამუკა ახვლედიანის განცხადებაში ეთიკის დარღვევას. ის საუბრობდა სისტემურ პრობლემებზე და თუ სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს პირდაპირი მესიჯი იქნება, რომ არავინ გაბედოს შიგნიდან და ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემას აქვს.

თუ ვერ დავინახავთ დისციპლინურ გადაცდომას, იგივე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების განცხადების მიმართ, რომელიც გააკეთეს მამუკა ახვლედიანის მიმართ და ასევე - შიდა ქსელში მოსამართლეების მიმოწერაში, ეს აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ხელი დააფაროს იმ მოსამართლეებს, რომლებიც მხარდამჭერები არიან სასამართლოში ძლიერი ჯგუფების. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შიდა ქსელში მიმდინარეობდა მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით მიმოწერა“, -აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ექსპერტი სამართლის საკითხებში, ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური დევნის თვალსაზრისით აშკარად მიკერძოებულია. მისი თქმით, პროცესები, რომელიც ახვლედიანის გარშემო ვითარდება, მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„ამ ხნის მანძილზე, ლევან მურუსიძის აშკარა დანაშაულებზე რომ შედიოდა საჩივარი მოსამართლეების მხრიდან, იმაზე არ დაუწყიათ დისციპლინარული დევნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. აშკარაა, რომ დისციპლინური დევნის თვალსაზრისით საბჭო ძალიან მიკერძოებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის პირადად მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებსა და თავად მამუკა ახვლედიანს შორის ვერ არის თანხმობა რაღაცა სხვა საკითხებზე, სხვა შემთხვევაში არ დაიწყებდნენ მის მიმართ დევნას“, - აცხადებს ლია მუხაშვრია.

მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანი იბრძვის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავისი სკამი, როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ.

„ის არის საქართველოს ყველაზე დიდი და გავლენიანი სასამართლოს თავმჯოდმარე, ეტყობა იუსტიციის საბჭოში ვიღაცა სხვას უნდოდა სასამართლოს თავმჯდომარეობა და ამაზე შეთანხმებაც არის შიგნით. მამუკა ახვლედიანის მოცილება მათ აწყობთ და ამიტომაც აღიძრა დისციპლინარული დევნა მის წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, რომ მაშინაც კი, როცა მოსამართლის დანაშაულზე შედიოდა საჩივრები საბჭოში, ამაზე არ იყო რეაგირება. ახლა, რა უნდა მომხდარიყო, რომ მამუკა ახვლედიანის მიმართ დაიწყო დისციპლინარული დევნა? მით უმეტეს, რომ ინფორმაცია, რომელიც მამუკა ახვლედიანმა გააჟღერა, გავიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. გარეშე მოსამართლეს ეს ვერ ეცოდინებოდა. ახვლედიანმა ეს ინფორმაცია თავისი ინტერესებისთვის გამოყენა, რაღაცნაირი გავლენა მოეპოვებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომ მის დანიშვნაზე უარი არ ეთქვათ. მაგრამ უკუღმა გამოუვიდა, ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ის მოსამართლე, რომელსაც ახვლედიანის ადგილი უნდა. ადგილი გვაქვს ძალიან მერკანტიულ გათვლებბზე და არა მართლმსაჯულების ინტერესებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.