„მე, ერთი ადამიანი, ვიწყებ შიმშილობას“

„მე, ერთი ადამიანი, ვიწყებ შიმშილობას“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტარციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში 14-კაციანმა აკადემურმა საბჭომ, არჩევანი გააკეთა. საბჭოს 8 წევრმა მხარი სოსო არჩვაძეს დაუჭირა, ხოლო 6 წევრმა - გიორგი გაფრანდაშვილს. სოსო არჩვაძის კანდიდატურა 41-კაციან წარმომადგენლობით საბჭოს გადაეგზავნება და სწორედ წარმომადგელობითმა საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი შერჩეულ კანდიდატს.

წარმომადგენლობითმა საბჭომ ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ კენჭისყრა ფარულია, პროფესორ ქეთევან მარშავას შეფასებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ სოსო არჩვაძის კანდიდატურა არ დამტკიცდეს.

სოსო არჩვაძის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდის პროფესორი ნატალია ხარაძე, რომელსაც უამრავი თანამოაზრე ჰყავს. ესენი არიან როგორც რიგითი პროფესორები, ასევე - სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრებიც, რომელთა განცხადებით, არ დაუშვებენ უნივერსიტეტის მართვის სადავეები ხელში ჩაუგდონ იმ ადამიანს, რომელიც წარმატებით ასრულებდა გია ხუბუას შეკვეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური საბჭოს 8 წევრმა სოსო არჩვაძეს დაუჭირა მხარი, პროფესორი ნატალია ხარაძე პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას იწყებს. ხარაძე მოითხოვს, გასაჯაროვდეს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სასამართლოს მასალები, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ დარღვევით ჩატარებული კონკურსის შედეგად უამრავი პროფესორი უსამართლოდ აღმოჩნდა გარეთ.

მისივე თქმით, სასამართლოს მასალების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების ცნობილი გახდება, რომ კონკურსი არ ჩატარებულა და ეს იყო წინასწარ გამზადებული სია, რაც იძლევა გარანტიას, რომ სოსო არჩვაძე, რომელიც ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო, მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

„რადგან დაინახავს, რომ საზოგადოებას არ ძინავს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხმას იღებენ და ამიტომ ხუბუას ერთგული კადრები მომავალში უარესს მიიღებენ. ადამიანი, რომელიც სისტემის მსხვერპლი იყო და, კი ბატონო, ვერ მოახერხა სისტემასთან გამკლავება და შეასრულა ხუბუას მითითებები, მიეცა საშუალება, რომ ბოდიში მოეხადა, მაგრამ ვერ მოახერხა მოწოდების სიმაღლეზე დამდგარიყო და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც უსამართლოად არიან ქუჩაში გაყრილი, ბოდიში მოეხადა. კი ბატონო, ძალა არ გეყო და ვერ მოიხადე ბოდიში, მაგრამ გაჩერდი მაინც და, ჩუმად იყავი.

მიმაჩნია, რომ დღეს ამ ყველაფერზე გაჩერება და ჩუმად ყოფნა დანაშაულია. ამიტომ, მე, ერთი ადამიანი, ვიწყებ შიმშილობას. აკადემიურმა საბჭომ სოსო არჩვაძე აირჩია ერთად-ერთ კანდიდატად და ამ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების უფლება არავის აქვს. რასაც იმსახურებს უნივერსიტეტი, მიიღებს კიდეც იმას და, ყავდეს. ასე მარტივად არ უნდა ჩაიაროს ამ პროცესებმა და სწორედ ამიტომ ვიწყებ შიმშილობას.

ჩემი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს ის სასამართლო მასალები, რომლითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ კონკურსი არ ჩატარებულა და ეს იყო წინასწარ გამზადებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნატალია ხარაძე.

აკადემიური საბჭოს ღია კენჭისყრაზე საკმაოდ მწვავე გამოსვლები ჰქონდათ აკადემური საბჭოს წევრებს, რომლებმაც მყარი არგუმენტებით დააფიქსირეს, რატომ არ უნდა დაეჭირა საბჭოს მხარი არჩვაძისთვის. როგორც ხარაძე აცხადებს, არსებობს ამის აუდიოჩანაწერები და მისი გასაჯაროვების შემთხვევაში ნათელი გახდება, შეასრულა თუ არა მითითება აკადემიურმა საბჭომ, როდესაც მხარი დაუჭირა სოსო არჩვაძის კანდიდატურას.

„კიდევ ერთელ მივმართავ ავთანდილ სილაგაძეს და მინდა ვკითხო - როდის იყო იგი მართალი? როდესაც იმ რეჟიმის დროს ჩატარებულ კონკურსებს აპროტესტებდა და პრესკონფერენციებს მართავდა, თუ დღეს? კონკურსი, რომელიც სოსო არჩვაძის მდივნობის პერიოდში ჩატარდა, ამ კონკურსის დეტალების შესახებ ძალიან კარგად იციან უნივერსიტეტის პროფესორებმა. მოვითხოვ მათგან, რომ გამოვიდნენ და დღეს მაინც თქვან სიმართლე, თქვან ის, რასაც პირად საუბრებში ამბობენ.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქალბატონი ხარაბაძე. მას მეუღლე გარდაეცვალა და არ ვიცი, რამდენად შეძლებს თავისი პოზიციის დაფიქსირებას. დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს მდგომარეობა, აუცილებლად იტყოდა, როგორ წავიდა გამზადებული სია ხუბუასთან და რომ სწორედ ხუბუას მიერ მოხდა ამ სიის კორექტირება მანამდე, ვიდრე კომისია დაიწყებდა მუშაობას.

ამის შესახებ ინფორმირებულია ბატონი მიხეილ ჩიკვილაძეც და იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები დღეს მაინც დადგებიან მოწოდების სიმაღლეზე და სიმართლეს იტყვიან. ასევე, ავთანდილ სილაგაძემ პირად საუბრებში აღნიშნა, რომ სოსო არჩვაძის მხრიდან დაშვებული იყო ძალიან დიდი შეცდომა. თუ სოსო არჩვაძემ დღეს ვერ იგრძო პასუხისმგებლობა, ხვალ უარესი მოხდება“, - აცხადებს ნატალია ხარაძე.

სოსო არჩვაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა პროფესორმა, აკადემიური საბჭოს წევრმა ქეთევან მარშავამ, რომელმაც კენჭისყრამდე წარუდგინა აკადემურ საბჭოს დასაბუთებული არგუმენტები, რატომ არ უჭერდა მხარს არჩვაძეს.

„დასაბუთებულად დავაფიქსირე ჩემი აზრი და კენჭისყრამდე წარუდგინე საბჭოს. აკადემიური საბჭოს 14-კაციანი შემადგნელობიდან ექვსმა არჩვაძის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო საბჭოს რვა წევრმა, და მათ შორის იყო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა, მხარი დაუჭირეს სოსო არჩვაძეს. როგორც გითხარით, მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი არჩვაძეს.

მოგეხსენებათ, რომ უამრავი პროფესორი ედავება არჩვაძეს იმას, რომ ადმინისტრირებას უწევდა კონკურსებს. სასამართლოშიც ჰქონდა საქმე. ძალიან უკმაყოფილო არიან არჩვაძის წარსულით და ამ უკმაყოფილო ადამიანებს შორის ერთ-ერთი არის ქალბატონი ნატალიაც. შიმშილობა ეს უკიდურესი ფორმაა და მართალი გითხრათ, ვერავის ვერ ვიმეტებ ამისთვის და მითუმეტეს კოლეგას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ქეთევან მარშავამ.

ნატალია ხარაძის მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა პროფესორმა, მარიკა გერსამიამ, რომელიც ჯერ დაგვპირდა, რომ კომენტარს გააკეთებდა, თუმცა მოგვიანებით უარი განაცხადა.

„ასე ჩახედული არ ვარ ამ ქალის ქეისში, რომ კომენტარი გავაკეთო. კენჭისყრა თითოეულ კანდიდატზე იყო ცალ-ცალკე. ყველამ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განუცხადა for.ge-ს მარიკა გერსამიამ.

„წინ უნივერსიტეტის 98 წლის იუბილე იყო. ამიტომ ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებისგან თავი შევიკავე - არ მინდოდა საზეიმო განწყობა უსიამოვნო ინფორმაციას გაეფუჭებინა. თუმცა, ჩემი სამოქმედო გეგმის შესახებ უამრავი ადამიანისათვის იყო ცნობილი და მათ შორის - ბატონი სოსოს ახლო გარემოცვისთვისაც.

დიახ ჩემი შიმშილობის მთავარი მიზანია სოსო არჩვაძის მხილება. მისი არგუმენტები, რომ დანარჩენ კონკურსშიც იგივე ადამიანები გადიოდნენ, რომელიც მან შეარჩია, უბრალოდ სასაცილოა. საზოგადოებამ უპასუხოს კითხვებს და გააკეთოს დასკვნა:

1. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ხუბუას რეჟიმი ირჩევდა კომისიის წევრებად? ან უპრინციპო შემსრულებლები, ან ის ადამიანები, რომელთა შესახებაც არსებობდა კომპრომატები და ყველაფერზე ხელს აწერდნენ;

2. რაც შეეხება რამდენიმე კონკურსზე შერჩეული კანდიდატების დამთხვევას, აქ გასაკვირი არაფერია. იმ რეჟიმის დროს ყველა დუმდა, დადუმებული და მორჩილი პროფესურა საშიშროებას არ წარმოადგენდა, ურჩები კი ისჯებოდნენ.

ერთადერთი ვიყავი ფაკულტეტზე, რომელსაც ყველაზე მეტი სასამართლო პროცესი დაჭირდა რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, დღეს კი არჩვაძე მიცხადებს, რომ ნაცების გაყვანილი ვარ! ამაზე მოგიწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი სიცოცხლის ფასად!“ - აცხადებს ხარაძე.