ნაციონალებმა, რომელთა მმართველობისას 19200 ხის მოჭრის ბრძანება გაიცა, სამი ხის გადანერგვა ლამის, ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს

ნაციონალებმა, რომელთა მმართველობისას 19200 ხის მოჭრის ბრძანება გაიცა, სამი ხის გადანერგვა ლამის, ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ ინტერესებზე საუბრობს და ციხისძირიდან 200 წლიანი ხეების გადანერგვის წინააღმდეგ გამოდის. „მწვანეთა პარტია“ საქართველოში ხეების გადანერგვის პრაქტიკას მიესალმება, უმრავლესობა კი, „უნიკალურ პროექტზე“ აქცენტირებს.

ციხისძირიდან გიგანტური ხეების - ერთი ტიტას ხისა და ჭაობის ორი კიპაროსის ხის გადარგვა გადაწყვეტილია, მაგრამ საუკუნოვანი ხეების მომავალი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. პოლიტიკური ძალები აღნიშნული ხეების განთავსების ორ სავარაუდო ადგილს ასახელებენ - ციცინათელას პარკსა და ბიძინა ივანაიშვილის ეზოს.

თუ სად განთავსდება გიგანტური ხეები, ვინ გასცა ხეების გადანერგვის ბრძანება და თუ რამდენად დაცული იქნება ბიომრავალფერონება, ამ კითხვებს პასუხი სავარაუდოდ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე გაეცემა, რომელიც ხვალ გაიმართება.

for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ამ სამ ხეში, რომელიც 200 წლიანია, 6200 ლარია გადახდილი.

მისი ცნობით, კომპანია „ზინო“-ს ეს ხეები სად მიაქვს, არავინ იცის, თუმცა, თავდაპირველი ინფორმაციით, ხეების გადანერგვა ივანიშვილის ეზოში იგეგმებოდა.

„როგორც ცნობილია, ეს ნებართვა არჩილ ხაბაძემ გასცა, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ რაღაც ინფორმაციები არსებობს“, - დასძენს რატიანი, რომლის თანაგუნდელი აკაკი ბობოხიძე ივანიშვილის მიზნებზე მიანიშნებს.

როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, უნდა გაირკვეს, ვინ გასცა ხების გადანერგვის უფლება და როდის არის ნებართვა გაცემული, რადგან ივანიშვილმა ხეების გადარგვისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამ საკითხზე უფლება გაიცა. ბობოხიძე ინტერესდება, საიდან იცოდა ივანიშვილმა, რომ მას ხეების გადანერგვის უფლებას მისცემდნენ.

„ქართველებს ძალიან კარგი ტერმინი გვაქვს - „გააზნაურებული მდაბიო“. ეს ყველაფერი საშინელი მდაბიობობა და ერისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. კაცი, რომელსაც მილიარდები აქვს, სურვილს გამოთქვამს, რომ მას მზამზარეული, გაზრდილი ხეები მიართვან და იმის მოთმინების უნარი არ აქვს, რომ ხეები დარგოს და მის მიერ გაშენებული ბაღი მომავალ თაობას დაუტოვოს, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი ხალხი კარგად შეაფასებს როგორც მის ქველმოქმედებას, ასევე დღევანდელ მოქმედებებს“, - აღნიშნავს ბობოხიძე.

კანონმდებელის შეფასებით, ივანიშვილს მისსავე სიცოცხლეში უნდა, რომ გიგანტური ხეები მის ბაღში იყოს, რაც არასწორი მიდგომაა.

„დადიანების საზაფხულო რეზიდენცია არის იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ახლოს არის იტალიელების მიერ დადიანებისთვის გაშენებული ტყე-პარკი და განსხვავება კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება იყო მაშინდელი არისტოკრატიის დროს და დღეს რა დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ დადიანებს მათ მიერ გაშენებულ პარკში არ უცხოვრიათ, ეს პარკი ქართველ ხალხს დარჩა. ახლა ადგილი აქვს უდიერ დამოკიდებულებას არა გარემოს მიმართ, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. ეს კაცი ამბობს, რომ რაც არის ყველასი, სურს მისი გახდეს. ივანიშვილის ე.წ. ქველმოქმედება პოლიტიკურ მიზნებს ესახურებოდა. ნებისმიერი ფულიანი ტიპი, რომელსაც წარმოშობის კომპლექსი აქვს, კომპლექსების გადაფარვას ფულით ცდილობს“, - ამბობს ბობოხიძე, რომელიც საზოგადოებას გარემოს დამცველად ოპოზიცონერის რანგში უფრო მეტად მოევლინა, ვიდრე ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს იყო.

ნაციონალებისგან განსხვავებით, გიგანტური ხეების გადანერგვაში პრობლემას ვერ ხედავს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

for.ge-სთან საუბარში გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საუკუნოვანი ხეების გადანერგვა კარგი საქმეა იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებას საშუალება ექნება მსოფლიო ბუნება უფრო კარგად გაიცნოს. მისი ცნობით, გიგანტური ხეების გადანერგვა იგეგმება შეკვეთილში იმ ტერიტორიაზე, სადაც ფილარმონია უნდა აშენდეს.

„გეგმა არის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე პარკი გაშენდეს, რომელიც შესაძლოა, შემდეგ დენდროლოგიურ პარკად გადაიქცეს, სადაც საქართველოსთვის არადამახასიათებელი ხეები იქნება დარგული. ტიტას ხე, ჭაობის კიპაროსი არამერქნული, დეკორატიული დანიშნულების ხეებია, რომელსაც გამწვანებაში ხმარობენ. ეს ხეები დიდია და ეკოლოგიური თვალსაზრისით, გარკვეულ პრობლემებსაც ქმნიან, რადგან დიდი გვარჯი აქვთ და ახალაღმონაცენს გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოში ხეების გადანერგვის პრაქტიკა ინერგება და არა მოჭრის. ეს ცივილიზებული, თანამდეროვე გზაა“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებებსაც ეხმაურება, მათ საკუთარი მმართველობას ახსენებს და ორ კითხვას ისვამს:

„ნაციონალებს ამ საკითხის აგოება პიარისთვის უნდათ, მაგრამ მათ ორი კითხვით მივმართავ. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიამ 9,5 ჰა ტყე დაკარგა. ასევე აუდიტის სამსახურის დასკვნა არსებობს, სადაც შემზარავი ციფრები წერია, რომ 2009-2011 წლებში, როცა უგულავა იყო მერი, თბილისში 19 200 ხეზე მოჭრის ნებართვა გაიცა. ამ რაოდენობას რამდენი მიჰყვა, არავინ იცის. იქ წერია, რომ ერთმა მეწარმემ თბილისის მერიას მიმართ 60 ხის გადარგვის უფლება მიეცა, ნებართვაში ეწერა, კი არ გადარგოთ, მოჭერითო. მაინტერესებს, ისინი აქამდე სად იყვნენ?“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ციხისძირში ხეების გადანერგვის თაობაზე მოსახლეობას ინფორმაცია არ მიწოდეს.

როგორც for.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს და ასევე გარემოზე ზემოქმედების დონე და საფრთხეები უნდა შეფასდეს. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ის ამ საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს, თუმცა, მას გარემოს დაცვის კომიტეტში უთხრეს, რომ შესაბამისი ნებართვები აჭარის გარემოს დაცვითი სამმართველომ გასცა.

„ვიცი, რომ ეს ხეები დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. მთავარია, ბიომრავაფეროვნება შენარჩუნებული იყოს და თუკი ტექნიკური ჩარევით ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს ყველაფერი მიუღებელი იქნება. თუკი გარემოს გამოუსწორებელი ზიანი ადგება, შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ. თუკი გარემოს ზიანი არ ადგება, მაშინ არ ვიტყვი, რომ ხე-მცენარეების 20 კილომეტრში გადატანა ტრაგედიაა. თუკი ნერგების გადატანა შესაძლებელია, რომ ადგილზე სურათი არ შეიცვალოს, მაშინ შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

დეპუტატი ნაციონალების მიერ ივანიშვილისადმი გაჟღერებულ ბრალდებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე სანერგე უსასყიდლოდ აჩუქა.

„არ მინდა, ჩასაფრებული ადამიანი ვიყო და იმგვარი საფრთხე იქ დავინახო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხედავენ. თუმცა, კარგი იქნებოდა, სანამ ამ ყველაფერს დაიწყებდნენ, საზოგადოებას სცოდნოდა, ამას ვინ აკეთებს, რატომ და ამას საფრთხე ხომ არ მოჰყვება. მოსახლეობასთან კომუნიკაცია თითქმის არ იყო და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ აკეთებს, ივანიშვილი, კვირიკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის წარმომადეგენელი. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ყველაფერი მალულად და ფარულად მოხდა, რაც შორსმიმავალ დასკვნებს და კითხვებს აჩენს“, - დასძენს ცაგარეიშვილი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე კომიტეტი ხვალ იმსჯელებს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.  

რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიციას, for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თემურ მურღულია აცხადებს, რომ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროს, იმ ობივატელებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვას ცდილობენ, ინფორმაცია აქვს ადგილზე მისვლით და არა ამბის მოტანით. მურღულია მიიჩნევს, რომ რეალურად საუბარია, ძალიან კარგ და ღირსეულ საქმეზე. მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ სამი ხის გატანა მოხდება, რომელთა მოვლა და შენარჩუნება სხვა შემთხვევაში განწირულია.

„მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა. ადგილი, საიდანაც სამი ხის გადატანა ხდება, სანერგე ტერიტორია იყო და აღნიშნული ხეები თავიდანვე დეკორატიული მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. ეს არ არის უნიკალური ხეები, არ არის წითელი ნუსხის ხეები. ირგვლივ ძალიან ბევრი სხვა ასეთი ხე არის. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამ ხეს შველა ნამდვილად სჭირდებოდა. ხეების საბოლოო ლოკაციის ადგილი კი, იმის მიხედვით განისაზღვრება, რა სირთულეები იქნება მათი ტრანსპორტირების პროცესში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საზოგადოებრივი სიკეთისათვის გადატანა. საუბარია მიწის კუბის დაახლოებით 12-15 მეტრზე მოჭრაზე და სიღრმეში - ხუთ მეტრამდე. ამ ზომის მიწის კუბის და მასზე სწორად მდგომი ხის გადატანა უზარმაზარი საინჟინრო ამოცანაა და ის მარტივად არ წყდება. შესაბამისად, ამ საინჟინრო ამოცანაზე დღესაც მიდის მუშაობა“, - დასძენს მურღულია.