ლევან გაჩეჩილაძე ახალი დირექტორის რანგში „მაესტროში“ სააჯარო რეესტრის მიერ დირექტორად დარეგისტრირების შემდეგ მივა. ახალ დირექტორს ტელეკომპანიაში დღეს ელოდნენ, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. საჯარო რეესტრმა წარმოება 30 დღის ვადით, ბაია გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს 9 თებერვალს 15 საათსა და 32 წუთზე მიმართა განცხადებით, რომ სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს „სტუდია მაესტროში“ დირექტორის ცვლილება არ განხორციელებულიყო.
გადაბაძის განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს „სტუდია მაესტროს“ 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში.
„ბაია გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედით, ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ- გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.
„კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი, ირაკლი კორძაია განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაციის პროცესის სამი დღით შეჩერდა და ხვალ ლევან გაჩეჩილაძე ხელახლა მიმართავს დასარეგისტრირებლად რეესტრს. მისივე განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი სამი დღით შეჩერდა, რათა ბაია გადაბაძემ რეესტრს წარუდგინოს სასამართლოს განჩინება. საუბარია განჩინებაზე, რომლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა ბაია გადაბაძის მოთხოვნა და „მაესტროს“ პარტნიორთა კრების ოქმის მოქმედება არ შეწყდა.
„რეესტრმა სამი დღით შეაჩერა რეგისტრაციის პროცესი, რათა ბაია გადაბაძემ წარადგინოს სასამართლოს განჩინება მისი განთავისუფლების შეჩერების შესახებ. თუცა, ცნობილი ხდება, რომ სასამართლომ მას უარი უთხრა მისი განთავისუფლების მოქმედების შეჩრებაზე და ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შეჩერებაზე.
შესაბამისად, ბაია გაადაბაძე ვერ მიიტანს რეესტრში ამ განჩინებას სამ დღეში და ავტომატურად, ეს შეჩერებაც გაუქმდება და სამ დღეში ლევანი დარეგისტრირდება დირექტორად. საჯარო რეესტრის დღევანდელი გადაწყვეტილება რეგისტრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია გაასაჩივროს და ამისთვის 30-დღიანი ვადაა განსაზღვრული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კორძაია.
თავის მხრივ, მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე აცხდებს, რომ არასერიოზული და არასამართლებრივია ვინმემ კანონიერ ძალაში შესვლამდე სასამართლოს განჩინება რეესტრში წარადგინოს. ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება კრების ოქმის შეჩერებაზე უართან დაკავშირებით კანონიერ ძალაში არ არის შესული, რადგან ბაია გადაბაძე მას ასაჩივრებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ერთთვიან ვადაში უნდა იქნას მიღებული, რის შემდეგაც განჩინება კანონიერ ძალაში შევა.
„ახლა არსებობს პირველადი დოკუმენტი, რითაც გადაბაძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე. ეს განჩინება არ არის შესული კანონიერ ძალაში. მას აქვს გასაჩივრების ვადა და დიდი შანსია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება. ამისთვის განსაზღვრულია 30 დღიანი ვადა, რომელიც განგვისაზღვრა საჯარო რეესტრმა. სანამ საბოლოოდ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მანამდე ვერ განხორციელდება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება“, - აცხადებს გიორგი გვენეტაძე.
თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას, წარმატების პირველ ნაბიჯად აფასებს და აქვე აცხადებს, რომ „მაესტროსთვის“ ბრძოლა გრძელდება.
„ეს არის წარმატების პირველი ნაბიჯი და თუ კიდევ არსებობს გაგრილებული თავები ხელისუფლებაში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, რადგან მედიის წინააღმდეგ ყველა ბრძოლა დამარცხებულია. თუ ამას დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მოვიდოდა საქმე, თუმცა ახლაც რომ მიხვდნენ, კარგია“, - აცხადებს ბაია გადაბაძე.
გადაბაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო დღის ბოლომდე გია გაჩეჩილაძეზე რეგისტრირებულ 30%-იან წილის მოქმედებას შეაჩერებს. გადაბაძე მიიჩნევს, რომ „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე დავაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი მიენიჭა.
„შეტანილი იქნა სასამართლოში ჩვენი შუამდგომლობა გადაუდებელი წესით შეჩერებული იქნეს გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედება. წარვადგინეთ ყველა საჭირო მტკიცებულება, თუმცა ირაკლი რუხაძის მიერ „იმედის“ ეთერში საჯაროდ გაკეთებულმა კომენტარებმა დამატებით დაადასტურეს ჩვენი მოთხოვნის სისწორე.
დღეს ჩვენ ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერიც წარვუდგინეთ სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მიენიჭა ამ დავაში ძალიან დიდი როლი, რადგან თუკი ის შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას, აღადგენს სტატუს ქვოს და მხარეებს მოგვეცემა საშუალება მშვიდ ვითარებაში და სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიყვანოთ დავა“, - აცხადებს ბაია გადაბაძე.
„მაესტროს“ გარშემო ბრძოლა გრძელდება. პარტნიორთა კრების მიერ დირქტორად არჩეული ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში დირექტორად დარეგისტრირების შემდეგ მივა და ამის შემდეგ დაიწყებს თავისი უფლება მოვალოეობის განხორციელბას.
მაშ ასე, გაჩეჩილაძე „მაესტროში“ დიდი გეგმებით მიდის, მაგრამ როგორც მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე აცხადებს გაჩეჩილაძე შპს „ემ ინვესტმენტის“ შენობაში შპს „სტუდია მაესტროს“ მართვას ვერ შეძლებს.
„ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორია, თუმცა შენობა, რომელშიც ის მისვლას აპირებს „ემ ინვესტმენტს“ ეკუთვნის. თუკი გაჩეჩილაძეს სურს შეხვედრა და საუბარი, ამაში ხელს არავინ შეუშლის, თუმცა „სტუდია მაესტროს“ მართვას „ემ ინვესტმენტის“ შენობაში ვერ შეძლებს“, - აცხდებს გიორგი გვენეტაძე.
განსხვავებულია ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის პოზიცია. ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ შენობა „მაესტროს“ მფლობელობაშია. „მაესტრო“, როგორც კანონიერი მოიჯარე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ადვოკატი ამბობს, რომ შენობაში შესვლის უფლება აქვს „მაესტროს“ ნებისმიერ თანამშრომელს და მათ შორის მის დირექტორს.
„მართალია ეს შენობა „ემ ინვესტმენტის“ საკუთრებაა, მაგრამ მისი კანონიერი მფლობელი არის „სტუდია მაესტრო“. შესაბამისად, „სტუდია მაესტროს“ გადასაწყვეტია ვის შეუშვებს შეობაში და ვის არა. კანონის თანახმად, მოიჯარეს თავისი მფლობელობის უფლების დაცვის უფლება აქვს, ყველასგან და მათ შორის მესაკუთრისგან. ამ შემთხვევაში ეს შენობა არის „მაესტროს“ მფლობელობაში და არა „ემ ინვესტმენტის“ მფლობელობაში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კორძახიამ.