„რატომ უნდათ, ისლამური მეორედ მოსვლა მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყოს?“

„რატომ უნდათ, ისლამური მეორედ მოსვლა მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყოს?“

რას უქადის საქართველოს ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?! ამის შესახებ ექსპერტების აზრი კატეგორიულია და მოიცავს, როგორც უდიდეს საშიშროებას ჩვენი ქვეყნისთვის, ისე -სამომავლო მიმზიდველ პოტენციალს ჩვენი ეკონომიკისთვის.

ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოს პრემიერსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ორი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებთან ერთად ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

ეს ურთიერთობა კონკრეტულ ციფრებში შემდეგნაირად აისახება. კერძოდ, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2012-13 წლებში 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს კი 130 მილიონამდეც არაა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ დადო დასკვნა იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვულ პროგრამებში სამხედრო მიზნები არ შეინიშნებოდა, დასავლეთი მაინც აგრძელებდა ანტიირანულ კამპანიას და ამ კამპანიის გამო ბევრი ქვეყანა ერიდებოდა ირანთან ურთიერთობას. საბოლოოდ ეს ურთიერთობა ირანის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა და აღმოჩნდა, რომ ირანი გაგებით მოეკიდა საქართველოს მაშინდელ გაციებულ დამოკიდებულებას მის მიმართ.

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაის განმარტებით, „აბსოლუტურად გვესმოდა საქართველოს მდგომარეობა, რომ საქართველო ითვალისწინებდა დასავლელი პარტნიორების გარკვეულ რჩევებს. მას შემდეგ, რაც ირანმა დასავლეთთანაც მიაღწია შეთანხმებას და დასავლეთმაც და ამერიკამ გააუქმეს სანქციები, ჩვენც შესაბამისად ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში“.

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის 15 თებერვლიდან გაუქმებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დაგვიანებულად აცხადებს. For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთვის საშიში არ არის, ვინაიდან ირანი უცებ გახდა მიმზიდველი ყველასთვის. უკვე ორი თვეა, სომხეთი ოფიციალურ დონეზე „ჩახუტებულია“ ირანთან, სომხებმა უამრავი ხელშეკრულება გააფორმეს ირანთან, მათ შორის - ტურიზმის სფეროშიც.

„ირანს გაყინული ანგარიშები გაუთავისუფლეს და, ზოგიერთი მონაცემით, 18-დან 30 მილიარდ დოლარამდე ფული აქვს ასაღები საერთაშორისო ბანკებიდან. გარდა ამისა, ნავთობზე ემბარგოც მოეხსნა, ირანი უკვე გაყიდის ნავთობს და ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იქნება. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებამდეც მივიდა ეს ინფორმაცია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მთავარი ისაა, რომ თურქებთან ვიყავით ჩახუტებული და ბოლოს მთელი აჭარა საკუთარ ბორდელად აქციეს თურქებმა. ირანელები კი მაინც უფრო უძველესი კულტურის ხალხია, ეგენი თურქებივით მომთაბარენი არ ყოფილან და თურქების მსგავსად სხვისი დედაქალაქი არ გაუხდიათ თავიანთ დედაქალაქად. რაც შეეხება „ჰესბოლას“ დაფინანსებას ირანის მხრიდან, ეს ჩვენთვის არავითარი საფრთხე არ არის. „ჰესბოლა“ იკითხოს ისრაელმა, ისევე, როგორც მეორე ტერორისტული ორგანიზაცია-„ჰამასი“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ყოვლად უგუნური, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და არანაირი ინვესტიცია არ გაამართლებს ტერორისტებთან ურთიერთობას.

მიუხედავად კვირიკაშვილისადმი პატივისცემისა, სოსო ზაალიშვილი მიიჩნევს, რომ ირანი დღესაც მსოფლიოში რჩება ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად, რისი მაგალითიცაა მისი მხრიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ (ირანის შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია) დაფინანსება.

„რატომ წარმოადგენს ირანთან უვიზო რეჟიმის დაწესება საფრთხეს საქართველოსთვის? მოგეხსენებათ, სირიაში მიმდინარეობს კონფლიქტი შიიტებსა და სუნიტებს შორის. ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თურქეთი სუნიტური ისლამის მიმდევარია, ირანი კი - შიიტური ისლამის. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ როგორც შიიტი მუსლიმანები - აზერბაიჯანელები, ასევე - სუნიტი ქართველი მუსლიმანებიც. პანკისში მცხოვრები 30-მდე ადამიანი დაიღუპა სირიაში, ორი საველე მეთაური პანკისის ხეობიდანაა, აღარაფერს ვამბობ ახმედ ჩატაევზე. განა შეიძლება, ასეთ დროს ჩვენი ქვეყანა სუნიტი და შიიტი მუსლიმანების საბოგინოდ გავხადოთ? რაიმე დაპირისპირება რომ მოხდეს ამ ორ რელიგიურ მიმდინარეობას შორის საქართველოში, წარმოგიდგენიათ, რას მივიღებთ ამ უვიზო რეჟიმის გამო? ალბათ, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის დროს რუსთაველსა და მელიქიშვილზე ირანული ფირმები იყო გახსნილი და გამოკიდული ჰქონდათ ირანული დროშები. ახლაც ამის უკან დგას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სატელიტ პარტიებს (ვგულისხმობ „რესპუბლიკურ პარტიას“) დიდი გავლენა აქვთ საქართველოზე, ეს პარტია მიბმულია ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე და, აქედან გამომდინარე, მიბმულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე, რომელიც სწორედ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ეს სწორედ ობამას, კერის და კლინტონის ხაზის გატარებაა, რათა ირანი ვითომდაც საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანონ.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ 150 ათასამდე მებრძოლის შეყვანა სურთ არაბეთის გაერთიანებულ ძალებს სირიაში სწორედ შიიტებთან საბრძოლველად. უნდა კი საქართველოს ხელისუფლებას, ისლამური მეორედ მოსვლა დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე? გადმოგვცემს კი ირანის დაზვერვის სამსახური ირანელი ტერორისტების სიას?“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა და განმარტა, რომ სააკაშვილმა 40 ათას თურქს მისცა საქართველოს მოქალაქეობა, ესენი კი ირანელების უვიზოდ შემოყვანას აპირებენ და არც აინტერესებთ, ამას რა რეზონანსი მოჰყვება ჩვენი მეგობარი ქვეყნის - ისრაელის მხრიდან.