ჰოლივუდი ამერიკის ეროვნული სიამაყეა, ამიტომაც არავის არ უკვირს, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტები თავიანთ საყვარელ ფილმებს არაერთხელ იხსენებენ.
დალასში ტრაგიკულად დაღუპული ჯონ კენედი ეთაყვანებოდა სურათს „ცუდი დღე ბლექ როკში“. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმს თავის დროზე „ოსკარის“ ნომინაცია, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია და კანის ფესტივალის ერთ-ერთი პრიზი ერგო.
რიჩარდ ნიქსონს, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს-უმცროსს ერთი საერთო მხატვრული ფილმი ჰყვარებიათ. ეს იყო 1952 წელს გადაღებული ვესტერნი „ზუსტად შუაღამისას“. მის მთავარ როლში მსახიობი ჰარი კუპერი მოგვევლინა. ის ყოფილ შერიფს ასახიერებდა, რომელიც თავის საცოლესთან ერთად ცდილობდა შურისძიების წყურვილით შეპყრობილ ბანდიტს გასწორებოდა.
არ ვიცი, გაგიგიათ თუ არა სურათი „ჩემს ძვირფას კლემენტინას“. ხელი თუ მიგიწვდებათ, გირჩევთ, ნახოთ. ეს ვესტერნი, რომლის მთავარ გმირსაც მსახიობი ჰენრი ფონდა თამაშობდა, აშშ-ის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის საყვარელი ფილმი ყოფილა.
რონალდ რეიგანი ახალგაზრდობაში კინომსახიობი იყო და, ალბათ, გემოვნებაც არ დაეწუნებოდა. რკინის ხასიათის მატარებელი პრეზიდენტი ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებდა 1946 წელს გადაღებულ ოჯახურ დრამას „ეს შესანიშნავი ცხოვრება“.
ალბათ დროა თანამედროვე ამერიკელ პოლიტიკოსებზე გადავიდეთ.
ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჭეშმარიტად „სუსტი სქესისათვის“ დამახასიათებელ გემოვნებას ამჟღავნებს. მისი ფავორიტი სურათია „აფრიკიდან“, მერილ სტრიპის, რობერტ რედფორდისა და კლაუს მარია ბრანდაუერის მონაწილეობით.
საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა სენატორი ჯონ მაკკეინი. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ ეს პიროვნება გატაცებულია ქართული სამზარეულოთი, ცეკვით და იარაღის კოლექციის შეგროვებით. არ ვიცოდით, თუ ყველაზე მეტად რომელი ფილმი უყვარდა. შემიძლია გაცნობოთ, რომ მისი არჩევანი არის სურათი „ვივა, საპატა“. ეს არის ისტორია მექსიკელ პარტიზანზე, რომელიც სამართლიანობისათვის იბრძვის, მთავარ როლს კი შეუდარებელი მარლონ ბრანდო ასრულებს.
ბოლოს კი უპრიანი იქნება, თუ აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსაც გავიხსენებთ. ეთნიკური კენიელი, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ბარაქ ჰუსეინ ობამა თავის საყვარელ კინოფილმად ასახელებს ფილმ „კასაბლანკას“, მთავარ როლში ჰემფრი ბოგარტის მონაწილეობით.