არიან თუ არა ძმები გაჩეჩილაძეები არსებული ვითარების მსხვეპლნი, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ვარაუდობს, რომ ძმები გაჩეჩილაძეები სწორედაც მსხვერპლნი არიან და პროცესების უკან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე უნდა იდგეს.
ასათიანის მტკიცებით, ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიის წილების შესყიდვით ადრეც იყო დაინტერესებული და მაკა ასათიანსა და მის მეუღლეს, კოტე გოგელიასაც მსგავსი შეთავაზებები ადრეც არაეთხელ ჰქონიათ სხვადასხვა კომპანიისგან, მაგრამ ირწმუნებიან, რომ ყოველთვის ფრთხილობდნენ წილის გაყიდვას და ინტერესდებოდნენ, ვინ იდგა პოტენციური მყიდველის უკან.
არსებული ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ სწორედ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ მიცემული ფულით იყიდა „მესტროს“ 55%-იანი წილი. ირაკლი რუხაძე არ უარყოფს, რომ მან ფული გია გაჩეჩილაძეს პროცენტით ასესხა. რუხაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ ფულს გაჩეჩილაძე უთუოდ დაუბრუნებს, თუმცა, როცა საქმე თანხის ოდენობას ეხება, ირაკლი რუხაძე ასე გულგახსნილი არ არის ჟურნალისტებთან და შეკითხვაზე, რა თანხა ასესხა უცნობს, პასუხობს, რომ „ეს მათი საქმე არ არის და ჰკითხონ უცნობს“.
ცნობილია ისიც, რომ „მაესტროს“ 54-მილიონიანი დავალიანების გასასტუმრებლად 50 მილიონი საკმარისი არ არის და სწორედ ამის გამო გაისმის ბაია გადაბაძის „რეკომენდაციაც“, რომ ირაკლი რუხაძემ პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს გაჩეჩილაძეებს. ბაია გადაბაძე თვლის, რომ ირაკლი რუხაძის ფარული ინტერესი იკვეთება ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად.
რა კავშირშია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებთან დღევანდელი ხელისუფლება? სცდება თუ არა „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები მეწილეებს შორის შიდა დაპირისპირებას და რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ყოველი არჩევნების წინ, ე.წ. ცხელ პერიოდში გამოჩნდებიან ხოლმე ძმები გაჩეჩილაძეები პოლიტიკურ არენაზე?
მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გარედან მართლაც რჩება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ტელესივრცეში გადალაგებები მიმდინარეობს. რაც შეეხება მაკა ასათიანსა და სხვა მფლობელებს, მედიაექსპერტი თვლის, რომ ისინი მედიასაშუალებების მეპატრონეები არიან და უფრო გარკვევით უნდა ისაუბრონ, თუკი რამე აქვთ სათქმელი. უფრო მეტიც, კარგი იქნება, თუ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჟურნალისტებზე „სეირნობას“ პოლიტიკოსები თავს დაანებებენ.
„ეს დაპირისპირება პოლიტიკურ ჭრილშია განსახილველი. ასეთ მდგომარეობაში მარტო „მაესტრო“ არ არის. შევარდნაძე იყო და არაფერი გამოუვიდა „რუსთავი 2“-თან, როცა იქ შესვლა სურდა, სააკაშვილი იყო და, პირდაპირ სპეცნაზით შეიჭრა ტელევიზიაში და, რაც გამოუვიდა საბოლოოდ, ყველამ დავინახეთ. თუ გნებავთ, პირველ პრეზიდენტზეც გაგახსენებთ, მაშინაც პირველი არხის კიბეებიდან დაიწყო გამოსვლები. ასე რომ, არ არის ასე მშვიდობიანი ადგილი მედია“,-აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ მაკა ასათიანის ფრაზა, თითქოს ძმები გაჩეჩილაძეები არსებული ვითარების მსხვერპლნი არიან, შელამაზებული ნათქვამია და, სინამდვილეში, ბევრი ინატრებდა, რომ საქართველოში, ამ დამშეულ ქვეყანაში, ასეთი „მსხვეპლი“ ყოფილიყო.
„გაჩეჩილაძეები თავიანთ მოგებას ყოველთვის იღებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ხალხი რჩებოდა მოტყუებული და ეგენი-მოგებულნი. საერთოდ, საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში ანალოგიური სკანდალის უკან ყოველთვის დგას ძლიერი პოლიტიკური ძალა. ვინაიდან ჩვენთან ძლიერი პოლიტიკური ძალა მხოლოდ ერთადერთია, „ოცნების“ ხელისუფლების სახით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირ „მაესტროს“ მოვლენების უკან სწორედ ხელისუფლება დგას. ძალიან წამგებიანი იყო კვირიკაშვილისთვის გაჩეჩილაძესთან მისვლა. შეიძლება, სამომავლოდ ძვირად დაუჯდეს ეს შეცდომა. ის, რომ თურმე არ იცოდა, რაც ხდებოდა, ეს უკვე ლირიკაა, მთავარია ის, რომ კვირიკაშვილი ხვდება ადამიანს, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში არცთუ ბრწყინვალე რეპუტაცია გააჩნია, გარკვეულ შემთხვევაში - სკანდალურიც. თუ ხელისუფლებას უკვე ისე გაუჭირდა, რომ გაჩეჩილაძეების გარდა სხვა ვერავინ მოძებნა, რომელთაც მეტი ნდობა აქვთ ქართულ საზოგადოებაში, არ ყოფილა ასეთი ხელისუფლების საქმე კარგად. გაჩეჩილაძეებზე დღეს ჩვენ მორიდებით ვლაპარაკობთ და პრეზუმფციას მაინც ვიცავთ, მაგრამ, თუ გაჩეჩილაძეებმა წითელ ხაზს მეორე ფეხითაც გადააბიჯეს, მაშინ არასამთავრობოები და ჟურნალისტები საშინელ დღეში ჩააგდებენ მათ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
ამასთან, განმარტა, რომ 2012 წელს არსებობდა ივანიშვილის რესურსი ფულის სახით, მაგრამ იყო რამდენიმე ტელეარხიც, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია მას, თუნდაც იმავე „მაესტროსა“ და „კავკასიის“ სახით. ამიტომ ახლაც მოდის არჩევნები და, როდესაც რეალურად დასანახი მთავრობას არაფერი გააჩნია, არც ხელფასები, არც პენსიები და არც სამუშაო ადგილები, ცხადია, სჭირდება ტელევიზია, რომელსაც შეუძლია მთელი დღე დაუთმოს რომელიმე კრიტიკულ სიუჟეტს და არცთუ დიდი წარმატება ქვეყნის აღმშენებლობად წარმოაჩინოს. თუმცა სოსო ცინცაძე მაინც თვლის, რომ ამ შემთხვევაში, ცოტა გადაჭარბებულია „მაესტროს“ როლი. უფრო მეტიც, ათჯერ უფრო კრიტიკული „რუსთავი 2“-ის გაწონასწორება ძმებ გაჩეჩილაძეების იმედად საეჭვოა.