ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროში“ ამ დრომდე არ მისულა, მაგრამ „მაესტროში“ რჩება პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული, ბაია გადაბაძე, რომელმაც დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტაცია, კერძოდ, კოტე გოგელიასა და ირაკლი რუხაძის მიმოწერა, რომლის თანახმად, რუხაძეს 7 მილიონ ნახევარ დოლარად სურდა „მაესტროს“ კონტენტის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება. გადაბაძე ირწმუნება, რომ რუხაძე ამ თანხას იხდიდა „შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში“.
„ეს გარიგება არ შედგა. თუკი მაკა ასათიანი გაასხვისებდა აქტივებს, ის „გადააგდებდა“ დანარჩენ პარტნიორებს. ამ დროის განმავლობაში უცვლელად იყო შეთავაზება, თუმცა მაკა ასათიანმა რომ არ დათმო, ირაკლი რუხაძემ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის 35%-იანი წილი. 2016 წლის 15 იანვარს კი „მაესტროს“ უკვე ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, რომ მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აპირებდნენ გასხვისებას მესამე პირზე. რეალურად კი მათი განზრახვა იყო, რომ წილები გაჩეჩილაძეს შეესყიდა, რომლის შედეგადაც რუხაძე იქნებოდა რეალურად თანხის გადამხდელი“, - აცხადებს ბაია გადაბაძე.
ბაია გადაბაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჩარევების გამო დაეკარგა მაკა ასათიანს მოტივაცია და იგი გადავიდა ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რის შემდეგაც გადაბაძე აღნიშნავს, რომ იძულებული იყო სასამართლოსთვის გაკოტრების შესახებ მიემართა. მისივე თქმით, ებრალიძისა და ჩიკვაიძის მხრიდან შეთავაზება გაკეთდა იმ დღეს, როდესაც „მაესტროსა“ და „იმედს“ შორის სარეკლამო დროზე გაფორმდა ხელშეკრულება.
ბაია გადაბაძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს „მაესტროს“ ყოფილი მეწილე გიორგი ებრალიძე. მისივე თქმით, გადაბაძე ცრუობს როდესაც აცხადებს, რომ თითქოს ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ.
„მე არაფერი მაკავშირებს იმ ადამიანებთან. მე მქონდა ურთიერთობა გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან. ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია, რომ იქ ჩვენ 3 დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, არამედ ჩვენ ვაძლევთ 3 დღის ვადას მოფიქრებისთვის.
3 დღის განმავლობაში მათ უნდა ეთქვათ აპირებენ თუ არა ამ ტიპის შესყიდვას. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით 5 დღე და შემდეგ კიდევ დავუმატეთ და საბოლოოდ, 8 დღე გამოვიდა. ამ სამი დღის და 8 დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც კი არ მიგვიღია შესყიდვის შესახებ“, - აცხადებს გიორგი ებრალიძე.
მაკა ასათიანის ადვოკატის განცხადებით, გადაბაძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არსებობდა გარიგებები. მისივე თქმით, ამ მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ 30% წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ირაკლი რუხაძე.
„სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებულ ტელეკომპანია „იმედთან“ და მის მართვასთან. შესაბამისად ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას, მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია „მაესტროზე“ კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს კონკურენტ, ეკონომიკურ აგენტს ტელეკომპანია „იმედს.
კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ეს ვითარება ფასდება როგორც ორი ეკონომიკური სუბიექტის უკანონო კონცენტრაცია, რომელიც არ არის თავსებადი ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან და ასევე ამ გზით ადგილი აქვს სამაუწყებლო სფეროში დომინირებული მდგომარეობის მოპოვების მცდელობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონკურენციის სააგენტომ უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, მოამზადოს დასკვნა კონკურენტული ეფექტის შესახებ და მოახდინოს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება.
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად კი, ადგილი აქვს ურთიერთდამოკიდებულებას, „ტელეიმედი“ ირიბად ფლობს მეორე ტელევიზიის, შპს სტუდია „მაესტროს“ საწესდებო კაპიტალის წილს. ამ კუთხით ვთხოვთ რეაგირებას საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და კანონის შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იძლევა სრულ საფუძველს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი გარიგებები, რომლითაც ლევან ჩიკვაიძისა და გიორგი ებრალიძისგან გიორგი გაჩეჩილაძემ შეიძინა შპს „სტუდია მაესტროს“ წილები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ეს გარიგებები ფასდება როგორც თვალთმაქცური მართლსაწინააღმდეგო გარიგება.
ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით „მაესტროს“ 25%-ის მფლობელმა მაკა ასათიანმა და დაადასტურა, რომ „მაესტროს“ დათმობის მიზნით შეთავაზებები არსებობდა.
„ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ლევან და გია გაჩეჩილაძეები სიტუაციის მსხვერპლნი არიან. დიდი შანსია, რომ ისინიც მსხვერპლნი იყვნენ. რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან „მაესტრო“ თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია“, - განაცხადა მაკა ასათიანმა.