„ბათუმის ბულვარი იმიტომ გახდა საჯილდაო ქვა, რომ ჩათვალეს, აქ ყველაზე მეტი ფული გაკეთდებოდა“

„ბათუმის ბულვარი იმიტომ გახდა საჯილდაო ქვა, რომ ჩათვალეს, აქ ყველაზე მეტი ფული გაკეთდებოდა“

როგორი უნდა იყოს ბათუმის ბულვარის კონცეფცია?! ამის შესახებ რიგით ბათუმელებსა და აჭარის ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მარტივ გამოსავალს გვთავაზობს ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე. For.ge-სთან საუბარში ის ამბობს, რომ ბათუმის ბულვარი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სურთ ბათუმელებს - ბათუმელებს კი უყვართ ის ბულვარი, როგორიც ჰქონდათ ადრე, ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ამას უნდა ითვალისწინებდეს აჭარის ცენტრალური ხელისუფლების თავმჯდომარე და მაშინ არც გახდებოდა ბათუმის ბულვარის კონცეფცია სადავო.

„ბათუმის ბულვარი იმიტომ გახდა საჯილდაო ქვა, რომ მშვენიერი, ყველასთვის საყვარელი ადგილია და ჩათვალეს, რომ ამ მშვენიერ ადგილას ყველაზე მეტი ფული გაკეთდებოდა, თუ ჩადგამდნენ ათასნაირ შეუფერებელ ნაგებობას, რესტორანს, გასართობ ცენტრს, თუკი გააუქმებდნენ სამი ალეის შემცველ გზას. არადა, ხეივანი უნდა შენარჩუნდეს, ეს უნდა იყოს გამწვანებული, დასასვენებელი, ჩრდილიანი ადგილი, კაპიტალური ნაგებობების გარეშე და არა-შენობებით ამოვსებული. შუა ალეის გაუქმება გადაწყვიტეს იმ აზრით, რომ იქ უფრო მიმზიდველი გახდებოდა შესვლა და ფულის დახარჯვა. არავის არ უფიქრია იმაზე, რომ ბათუმელებს ამის გაკეთება არ სურთ. მათ სურთ, შეინარჩუნონ ბათუმის ბულვარის კულტურული მემკვდრეობის ძეგლი ისეთად, როგორიც იყო. წესით, ბათუმელების აზრი გადამწყვეტი უნდა იყოს ქალაქდაგეგმარებაში. ამას უნდა ითვალისწინებდეს აჭარის ცენტრალური ხელისუფლების თავმჯდომარე“, - გვითხრა ზურაბ ბაქრაძემ.

„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ბათუმის ოფისის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვიწრო ჯგუფში მოხდა ბათუმის ბულვარის ირგვლივ გადაწყვეტილების მიღება და ბათუმელებმა მხოლოდ პოსტფაქტუმ შეიტყვეს ამის შესახებ.

რაც შეეხება „დრიმლენდ ოაზისს“, რომელიც ადგილობრივებს ახალ კაფეებს, შადრევნებს, დასასვენებელ ადგილებს, ახლებურ მიმართულებებსა და ფერებს ჰპირდება, ეს კომპანია ბათუმელებს ჯერ კიდევ იმ დროიდან ახსოვთ, როცა ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისი“ დააპროექტა. თუმცა ბათუმელებისთვის გაუგებარია, ბათუმის ბულვარის ხელყოფისთვის რატომ მიიწვიეს ეს კომპანია?!

„ამ კომპანიის შერჩევის მიზეზად როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ისე აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებას ასახელებენ. ბიუჯეტი რადგან პატარა იყო, თურმე ამიტომ აღარ გამოაცხადეს ტენდერი, თურმე აღარ ჰქონდა ტენდერის გამოცხადებას აზრი, მით უმეტეს, - საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას. ასეთ არგუმენტს იშველიებენ და გვარწმუნებენ, რომ რაღაც კვლევის საფუძველზე შეარჩიეს ეს კომპანია. ბათუმელები კი ვთვლით, რომ ბულვარი არ არის ის ადგილი, სადაც ამ ეტაპზე უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. არსებობს ბათუმში ახალი ბულვარი, ასევე, არსებობს ბათუმში ჭაობის დასახლება, სადაც ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს თანხა -12 მილიონ ლარზე მეტი, შეუძლიათ ამ ადგილების განვითარებისთვის დახარჯონ. ბულვარი კი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც რეკრეაციული ზონა. მაშინდელი დამგეგმარებლები დღესაც ცოცხლები არიან და ამბობენ, რომ აქ იყო მეტი ჩრდილი და ნაკლები მზე, ანუ გათვლილი იყო დასვენებისთვის. სამი სასეირნო ბილიკია ბულვარში, ახლა უნდათ ერთი ბილიკის გაუქმება და ამ ადგილას გასართობი ცენტრების ჩადგმა. გვარწმუნებენ, თითქოს კვლევის საფუძველზე ამ ბილიკზე უფრო ნაკლები ადამიანი დასეირნობსო. ამ არგუმენტს ვერ მივიღებთ. მით უმეტეს, ზაფხულში ბათუმის ბულვარის ყველა ბილიკი გადატვირთულია. სხვათა შორის, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ მოაწყო ბათუმელებისთვის ამ აქტუალურ საკითხზე შეხვედრა, ბატონი ზურაბ ბაქრაძის ფრაზა მახსოვს, „გასაგებია, ბათუმის ბულვარი არის ძეგლის სტატუსის მქონე ადგილი, აქ მოქმედებს განსაკუთრებული რეგულაციები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა ხალხის მოთხოვნაა. როდესაც საზოგადოება ითხოვს დარჩეს ბულვარი ისეთად, როგორიც იყო, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ნებისმიერმა ხელისუფალმა“, - აღნიშნა თამარ მამეიშვილმა.