გაბითურებული საბჭოთა მილიცია

გაბითურებული საბჭოთა მილიცია

დღეს კვირაა და მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები უკვე მერამდენედ თანამემამულე სამართალდამცველები იქნებიან, რომლებიც რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და იმ დროისათვის „გახმაურებულ“ რამდენიმე კრიმინალურ ისტორიას გაიხსენებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ნოდარ ბელთაძეა, რომელიც ერთ სახალისო ამბავს მოიგონებს.

„ერთხელ, ერთ იატაკქვეშა მილიონერის დასაპატიმრებლად გაგვგზავნეს და უფროსმა გვითხრა:

– იცოდეთ, კაპიკი არ აიღოთ და სრული ფაქტებით მომიყვანეთ.

იუველირს მოსე ერქვა. ერთ-ერთ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. სარდაფში კი  სახელოსნო ჰქონდა. მისი დაჭერის მიზეზი ბათუმიდან ჩამოტანილი კონტრაბანდა უნდა გამხდარიყო. ჩვენმა აგენტმა გვაცნობა, რომ მოსეს კონტრაბანდა მიღებული ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ იცოდა. თუმცა, ოქრო უნდა ყოფილიყო, ან ძვირფასი თვლები.

მოსეს რომ სახელოსნოში შევუცვივდით, ის უზარმაზარი ღუმელის წინ იდგა და ყალიბიდან ბრჭყვიალა ნივთებს იღებდა. ჩვენი დანახვა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და გვითხრა:

– მობრძანდით, დაგენაცვლე, დაბრძანდით და მოვილაპარაკოთ.

– არანაირი მოლაპარაკება. ჩვენს უფროსს შენ სჭირდები და გამოაჩინე მთელი კონტრაბანდა, – მივუგეთ მოსეს.

– ბევრი არაფერი მაქვს, დაგენაცვლე, – გაეცინა მოსეს და მხრები აიჩეჩა.

ჩვენმა უფროსმა რკინის ბრჭყვიალა ნაჭრებს თვალი შეავლო და მოსეს ირონიულად უთხრა:

– ეს ოქროს ნაჭრები, ალბათ, ბებიაჩემისაა, ხომ?

მოსემ ისევ გაიცინა და სანამ ჩვენ რკინებს ვათვალიერებდით, მან პატარა საანგარიშო აიღო ხელში, რომელზეც ას ოცდაათი ცალი ქვა იყო ასხმული. შემდეგ საანგარიშოდან ოცდათერთმეტი ქვა მოხსნა და ღუმელში შეყარა, თან ჩვენ გაგვიცინა.

– რანაირი საანგარიშოა, მოსე, ას ოცდაათი ქვა რომ აქვს? – დაინტერესდა ჩვენი უფროსი, – ან რა ფასონის შუშის ქვებია მასზე და მათი ნაწილი ღუმელში რატომ შეყარე?

– ეს, დაგენაცვლე, ბრილიანტებია, – მშვიდად მიუგო მოსემ, – თითოეული ათასი მანეთი ღირს და ზედმეტი ქვები გავარვარებულ ღუმელში გავანადგურე, ბრილიანტს ასეთი თვისება აქვს, ცეცხლში ნახშირად იქცევა და გამოუსადეგარია. თქვენ რომ ოქრო გგონიათ, ის კი სპილენძია და ტყუილად ირჯებით.

მთელი ეშმაკობა კი ის იყო, რომ იმ პერიოდში, ვისაც ასი ათასი მანეთის უკანონო ქონებას აღმოუჩენდნენ, ხვრეტდნენ... მოსემ კი ასოცდაათიათასიანი მძივებიდან ოცდათერთმეტი ათასის ღირებულების გაანადგურა და ამგვარად გადარჩა დახვრეტას“.

ჩვენი მომდევნო რესპოდენტი ბატონი კლაუს ბილიხოძე იქნება.

„ეს დაუჯერებელი ამბავი სინამდვილეში მოხდა: მილიციის კრიმინალურ განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობდი, ერთი სტაჟიორი მომამაგრეს. მას პეტა ერქვა, იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და პირადად მილიციის სამმართველოს უფროსის გამოგზავნილი იყო.

პეტას პირველივე სამუშაო დღეს ქურდების მსხვილი ბანდა ავიყვანეთ და მათგან ბლომად ძვირფასეულობა ამოვიღეთ. მათ შორის იყო ბრილიანტისთვლებიანი 25 ცალი ოქროს ბეჭედიც. მე სტაჟიორს ვუხმე და ვუთხარი, რომ ბეჭდები შესაფასებლად ექსპერტთან ჩაეტანა, შემდეგ ბეჭდები  სეიფში შეენახა და ჩემთან დასკვნა ამოეტანა.

სტაჟიორი წავიდა. მაქსიმუმ ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ის ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა. უკვე ექსპერტთან დარეკვას ვაპირებდი ამბის გასაგებად, რომ პეტაც გამოჩნდა. მან გვერდით გამიხმო და მითხრა:

– ბატონო კლაუს, უფროსს წილს თქვენ მიუტანთ თუ მე ავუტანო?

– რა წილს, ბიჭო? – ავიჩეჩე მხრები.

სტაჟიორმა პეტამ გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ ფულის დასტა ამოიღო, რომელიც სამ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი და მითხრა:

– აი, აქ სულ 25 ათასი მანეთია. აქედან 5 ათასი ჩემია, 10-10 ათასი კი – თქვენი და სამმართველოს უფროსის... – პეტამ გამიღიმა და დაამატა: – ისე, როგორც წესია მილიციაში, ბატონო კლაუს...

უცებ ყველაფერს მივხვდი, წელში გამაცია და გავფითრდი. როდესაც ექსპერტმა პეტას ნაქურდალი ბეჭდები შეუფასა და დასკვნა მისცა, სტაჟიორმა სეიფის ადგილმდებარეობა იკითხა, ერთ-ერთი ექსპერტი კი მას ეხუმრა და უთხრა:

– ბიჭო, „სეიფი” პირობითი სიტყვაა, სინამდვილეში ეს ბეჭდები ტალკუჩკაზე უნდა წაიღო და იაფად – თითოეული ათას მანეთად მიჰყიდო ვაჭრებს. ცოტა შენთვის დაიტოვო, დარჩენილი თანხა კი შუაზე გაყო და შენს კურატორსა და სამმართველოს უფროსს გაუნაწილო...

მილიციას ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ, როგორც ჩანს, პეტაც ფულის საკეთებლად იყო ჩვენთან მოსული, ამიტომ, ეს სიტყვები სიმართლედ მიიღო და ბეჭდები „ტალკუჩკაზე“ ებრაელებს „მიასუხარა“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ებრაელებიც „ავყარეთ“, ბეჭდებიც ჩამოვართვით მათ და არც ის 25 ათასი მანეთი დაგვიბრუნებია. პეტა კი პირველივე დღეს თვითონ მისმა პროტეჟემ დაითხოვა სამსახურიდან“.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი ოთარ კერძევაძე დაასრულებს.

„სიდედრის მკვლელი სიძე ბევრი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ, ვაზისუბნელმა ამო გიგოიანმა საკმაოდ გონებამახვილურად განახორციელა ეს „ტრადიციული“ დანაშაული.

ერთხელ ამოს სიდედრი ეწვია მანგლისიდან რძალთან და ორი თვის შვილიშვილთან ერთად.  მეორე დღეს ამოს ცოლი და რძალი საყიდლებზე წავიდნენ, სახლში ამო, მისი სიდედრი და ჩვილი  დარჩნენ, სიდედრმა შვილიშვილი დააძინა და სიძეს უთხრა, აქვე,  ფოსტაში წავალ დავრეკავ და მალე დავბრუნდებიო.

ქალი წავიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, უკან მობრუნდა და კორპუსს მიუახლოვდა, ხედავს, მისი სიძე, ამო, მეშვიდე სართულის აივანზე დგას, ხელში პლედში გახვეული ჩვილი უჭირავს და მას უყვირის – დედიჯან! ეს ოხერი ისე ტირის, რომ ვერ ვაწყნარებ. სად ხარ, სად დაიკარგეო, – ამომ უცებ პლედი ძირს მოისროლა. ამის დამნახავ ქალს კი გული გაუსკდა და იქვე დალია სული.

აღმოჩნდა, რომ პლედში მუთაქა იყო გახვეული და ამო სიდედრს, რა თქმა უნდა, ეხუმრა, თუმცა ამ ხუმრობამ ქალს ინფარქტი დამართა – საავადმყოფოში ის თავად ამომ წაიყვანა და ქალი სიკვდილს გადაურჩა. სამაგიეროდ, სასჯელს ვერ გადაურჩა თავად ამო და როდესაც მოკვლევა ჩატარდა და ყველაფერი გაირკვა, შავი იუმორის გამო ვაზისუბნელი ამო 2 წელი ციხეში აყურყუტეს“.