მთვრალი თენგიზ გუნავა ზუგდიდში ჯერ ნაგვის ურნებს შეასკდა, შემდეგ ჭიშკარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მთვრალი თენგიზ გუნავა ზუგდიდში ჯერ ნაგვის ურნებს შეასკდა, შემდეგ ჭიშკარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ზუგდიდში მოხდა. როგორც for.ge–სთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა 5 თებერვალს, საღამოს საათებში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. ამ ისტორიის გმირი კი, შსს–ს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, თენგიზ გუნავა გახლავთ.

ნასვამ მდგომარებაში მყოფილი თენგიზ გუნავა, რომელიც ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ნაგვის ურნებს, შემდეგ კი ადგილობრივი მკვიდრის შურღაიების ღობეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუნავამ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

მანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გუნავამ ადილზე დატოვა და შემთხვევის ადგილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუკა შელიას კუთვნილი ავტომობილით მიიმალა. მომხდარზე საპატრულო პოლიციამ ოქმი გამოწერა, ხოლო ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან ფასიან ავტოსადგომზე გადაიყვანა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპატრულოს მეირ ამ დროისთვის საჯარიმო ქვითარი გამოწერილი არ არის.

ავტოსაგზაო შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს და მათი უმეტესობა ზუგდიდის მერიის თანამშრომლები არიან. მაშ ასე, თვითმხილველთა სია ასე გამოიყურება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, თაზო ფაცაცია, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი, გიორგი ხუბულავა, შპს „საქართველოს ფოსტა“–ს ზუგდიდის სერვისცენტრის თანამშრომელი, რომეო ბაძაღუა.

ასევე, ადილობრივი მაცხოვრებელები – მაია როგავა და სახლის მეპატრონე შურღაიები. საპატრულო პოლიციამ ახსნა–განმარტება უკვე ჩამოართვა სახლის მეპატრონეს – ლევან და ლეილა შურღაიებს. რაც შეეხება მერიის თანამშორმლებს, მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მიცემაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უარი განუცხადეს.

for.ge დაუკავშირდა ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ–ერთ თვითმხილველს, ქ. ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს, თაზო ფაცაციას, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ მართავდა ავტომობილის.

„მე რა ვიცი რა მოხადა. რასაც პატრული ამბობს ის მოხდა. მე რომ მივედი, პატრული და ყველა იქ იყო“, – გვითხრა ფაცაციამ.

კითხვაზე, იყო თუ არა მძღოლი ყოფილი მაღალჩინოსანი, თენგიზ გუნავა და იმყოფებოდა თუ არა ნასვამ მდგომარეობაში, ფაცაციამ ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს საპარტულო პოლიციამ უნდა დაადგინოს.

„მთვრალი იყო თუ ფხიზელი, მე რა ვიცი. ეს პატრულმა უნდა დაადგინოს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თაზო ფაცაციამ და მობილური ტელეფონი გაგვითიშა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს ადასტურებს, შპს „საქართველოს ფოსტა“–ს ზუგდიდის სერვისცენტრის თანამშრომელი, რომეო ბაძაღუა, თუმცა ამბობს, რომ მისთვის უცნობია ვინ მართავდა მანქანას.

„იქვე ვცხოვრობ 200 მეტრში. შეჯახების ხმაზე გარეთ გამოვედი. როდესაც მივედი შემთხვევის ადგილზე, ფაქტი უკვე მომხდარი იყო. სიმართლე გითხრათ, მე იქ თენგიზ გუნავა არ მინახავს. არც ის ვიცი, რა მანქანით მოძრაობს გუნავა. რაც შეეხება მანქანას, ძალიან დამტვრეული იყო. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდა მანქანა, რომელიც ჯერ ნაგვის ურნებს და შემდეგ სახლის ჭიშკარს შეეჯახა“, – ამბობს რომეო ბაძაღუა.

for.ge-ს კითხვაზე, როგორც თვითმხილველმა თუ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ბაძაღუამ ასე გვიპასუხა: „ჩემთან არავინ არ მოსულა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, სხვებმა მისცეს ჩვენება და მათ შორის ოჯახის წევრებმა. სანამ მე სახლიდან გამოვედი და ადგილამდე მივიდოდი, იქ უკვე არავინ იყო, გარდა დამტვრეული მანქანისა. ჩემს სახლთან რომ მომხდარიყო ეს ფაქტი, მაშინ რა თქმა უნდა, ვნახავდი ვინ მართავდა მანქანას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რომეო ბაძაღუამ.

გარდა იმის, რომ თანამდებობის პირი არაფხიზელ მდგომარეობაში ატარებს მანქანას, რაც დანაშაულია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითმხილველები, რომელთა უმრავლესობა მერიის თანამშრომელია, ხელს აფარებს დამნაშავეს. როგორც ჩვენი წყარო ამბოს, ყველას ეშინია გუნავასი, რადგან თავად გუნავა და „ნაციონალური მოძრაობა“ გავლენებს ჯერ კიდევ ფლობენ ზუგდიდში.