რუსეთი დიდი პრივატიზაციისთვის ემზადება

რუსეთი დიდი პრივატიზაციისთვის ემზადება

რუსეთის ხელისუფლებამ დიდი პრივატიზაცია დააანონსა. საუბარია იმ კომპანიების აქციების ფლობაზე, როგორებიცაა უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანია - „როსნეფტი“ და სარკინიგზო მონოპოლიის მქონე რუსეთის რკინიგზა.

არსებულმა რეცესიამ, ბიუჯეტის დეფიციტმა და ნავთობის ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის ეკონომიკას განაპირობებს, პუტინს იმის თქმისკენ უბიძგა, რომ რუსეთის სახელწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიების აქციები უცხოელ ინვესტორებზე უნდა გაიყიდოს.

სხვათა შორის, რუსეთის მთავრობა პრივატიზაციის შესახებ უკვე წლებია საუბრობს, თუმცა ყოველთვის პოულობს პრივატიზაციაზე უარის თქმის მიზეზებს. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, თითქოს რუსეთი ყოველთვის ღია იყო უცხოური ინვესტიციებისადმი.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, რუსეთის ხელისუფლება ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობს ორი წლის განმავლობაში. თუმცა გამოიყვანს თუ არა ეს რუსეთს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან?

ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ძირითად ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებს რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადა აქვთ გამოცხადებული და შეიძლება, არცერთი კომპანია არ წავიდეს იმ რისკზე, რომ თავისი კაპიტალი ჩადოს რუსეთში და „როსნეფტი“ და რუსული რკინიგზა შეიძინოს. მით უმეტეს, რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა და რუსეთში თანხების დაბანდების გამო ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს პრობლემები გაუჩნდებათ საკუთარ ქვეყანაში.

„ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რომელიმე მსხვილმა კომპანიამ გამოთქვას რუსეთში შესვლის სურვილი. თუ ვინმე შევა რუსეთის ბაზარზე, ეს იქნება ისევ ჩინური, აზიური კომპანია. პუტინს ნავთობის ფასის ვარდნის გამო ძალიან გაუჭირდა. რუსეთმა თავისი ბიუჯეტი ერთ ბარელ ნავთობზე 80-დან 105 დოლარამდე გათვალა. ამ დროს კი ლამის მესამედი გახდა ნავთობის ფასი და რუსეთის ბიუჯეტსაც თანხები შემოაკლდა. თუმცა პუტინის სიტყვები, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური ტრაგედიაა, უცხოელ ინვესტორს თავის შეკავებისკენ უბიძგებს. მათში ეს აჩენს ეჭვს, ხომ არ დაიწყებს რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას? რა თქმა უნდა, ეს მითია, მაგრამ ხომ არ განმეორდება ისეთი სიტუაცია, რაც ერთი საუკუნის წინ მოხდა რუსეთში, როცა ქონების ნაციონალიზაცია გამოცხადდა?“-აცხადებს პაატა აროშიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ კარგი იქნება, თუ რუსები რუსეთის ალუმინთან, ალმასთან,
„როსნეფტთან“ ერთად „გაზპრომსაც“ გაყიდიან. თუმცა პოლიტოლოგი თვლის, რომ პუტინს გაყიდვა თან უნდა (რადგან ფული არ აქვს) და თან არ უნდა. ასე კი კომპანიები არ გაიყიდება. კერძოდ, პუტინმა თქვა, რომ სახელმწიფო კომპანიები არ უნდა გაიყიდოს მათზე, ვინც ცდილობს სახელმწიფო ბანკიდან გამოიტანოს კრედიტი და იმით იყიდოს. ანუ პუტინი მოუწოდებს მყიდველებს, საკუთარი ჯიბიდან ამოიღონ ეს ფული. შემდეგ პუტინმა თქვა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები სახელმწიფოს საკუთრებად უნდა დარჩესო. ბოლოს კი მარგალიტად შემოინახა, ჩვენ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ, რომელი უცხოელი იყიდისო.

„შეიძლება, უცხოელ კომუნისტს გულისხმობდა, თუკი დარჩა ასეთი ამერიკასა და ევროპაში. ანუ გამოდის, რუსეთის მეგობარმა უნდა იყიდოს. რუსეთის მეგობრები კი მილიარდებს რუსეთში არ დებენ. ეს ვერ ამოიყვანს რუსეთს კრიზისიდან, ეს წვეთი ზღვაშია. მით უმეტეს, რა უჯდება რუსეთს სირია, უკრაინა. რუსეთს კარგად ვიცნობ, ჯერ არ გაყიდულა არაფერი, მაგრამ რუს ჩინოვნიკებს, ვინც პრივატიზაცია უნდა მოახდინონ, უკვე შედგენილი აქვთ სქემები, ამ თანხის ნახევარი როგორ მოიპარონ. კრილოვი წერდა, რომ რუსეთის უბედურებაა დეგენერატი ჩინოვნიკები და ცუდი გზები, მაგრამ გოგოლი უფრო შორს იყურებოდა, „რევიზორში“ როცა დაწერა, რომ რუსეთში მთავარი პრობლემაა მექრთამეობა და ხაზინის ქურდობა. დღესაც რუსეთში იგივე ხდება. რუსეთის მთავარი შემოსავალი-გაზი და ნავთობი კატასტროფულად იაფდება. ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 20 დოლარამდე დაეცეს. რუსეთის იმედი იყო ჩინეთი, სანქციების შემდეგ დასავლეთი აღარ გვინდა, აღმოსავლეთისკენ, ჩინეთისკენ მივდივართო, მაგრამ ჩინეთმა რუსეთიდან გაზის მიღება დაამუხრუჭა და დაიწყო აფრიკიდან ნავთობის შეტანა. გაზი აღარ უნდათ, რადგან ნავთობი გაზზე იაფია. აქედან დასკვნა, რატომ ვჩქარობთ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების დადებას, როცა რუსეთი მძიმე დღეშია? ეტყობა, კალაძემ ეს არ იცის. თანაც, გაზაფხული მოდის, გაზზე მოთხოვნილება მცირდება, 2019 წელს კი „შაჰდენიზი“ მეორე იხსნება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.