რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება. საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.
ერთნი თვლიან, რომ რელიგიური გრძნობები საქილიკო არ უნდა გახდეს, რადგან ეს ერში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გამაღვივებელია. ამ მოსაზრების ავტორებს განსაკუთრებით აშფოთებთ ჩვენი საზოგადების ათეისტურ ნაწილში დაგროვილი ღვარძლი პატრიარქის მიმართ, ასევე, ღვთისმშობლისა და წმინდანების შეურაცხყოფა ცალკეული „ხელოვანების“ მხრიდან.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამ კანონპროექტის უკან საპატრიარქო დგას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილება“ სურს. თუმცა საპატრიარქოში ირწმუნებიან, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის შესახებ კანონპროექტი მათი ინიციატივა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენს ქვეყანაში ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისმწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები“.
თავად ამ ინიციატივის ავტორი, სოსო ჯაჭვლიანი თვლის, რომ მსგავსი სახის დანაშაული ევროპის წამყვან ქვეყნებში მკაცრად ისჯება, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. ამდენად, საქართველოშიც რელიგიური სიწმინდეების, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა უნდა დაისაჯოს 300 ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება კი 600 ლარის ოდენობით, ხოლო რელიგიური შენობებისა და სიწმინდეების წაბილწვა, მათზე წარწერის გაკეთება და დაზიანება 500-ლარიან, განმეორებითი ქმედება კი 1000- ლარიან ჯარიმას უნდა ითვალისწინებდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლების ხელყოფად მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი. მისი აზრით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ცუდია, მაგრამ ასე იმდენი რამეა ცუდი ამ ქვეყანაზე, რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც შეუძლებელი გახდება. მაგალითად, დავით ზურაბიშვილის თქმით, ეკლესია მრისხანებასა და სასოწარკვეთილებას მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს. ამდენად, ეს ხომ არ ნიშნავს, თუკი ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, „სროკზე“ გავუშვათ?
„კანონპროექტის ავტორთა აზრით, მღვდლის შეურაცხყოფისთვის 300-ლარიანი ჯარიმა უნდა დაწესდეს, მაშინ, როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა. ამიტომაც ეს კანონპროექტი სხვა არაფერია, თუ არა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა და ტაბურეტკების ლეგალიზაცია. პრობლემა ისაა, რომ ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უჭერს მხარს. ეს ქმნის განცდას, რომ კანონპროექტი პრინციპში ხელისუფლებიდან მოდის და უმრავლესობის მიერაა მოწონებული“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცალკეული ადამიანები გამოდიან ტელევიზიით, პატრიარქსა და ეკლესიას ლანძღავენ, ღვთისმშობლის შეურაცმხყოფელ კარიკატურებს ხატავენ. ამის გამო რელიგიურ ნიადაგზე დაპირიპირების ალბათობა მაღალია.
„ჩემს პატრიარქს როგორ მიგინებ, რომელიც ჩემთვის ერის მამაა? რამეს იტყვი და აქეთ გადანაშაულებენ. ამის გამო მოაწყეს ისლამისტებმა მთელი ამბები საფრანგეთში, თავიანთი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არავის აპატიეს, თორემ ჩვენ, ქრისტიანები ასე არ ვიქცევით. ხომ შეიძლება ვინმემ თავი ვერ შეიკავოს და რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა არავის აპატიოს? ერთმა ადამიანმა მეორე პირი რომ შეურაცხყოს და დააშინოს, 5 ათასს ახდევინებენ საპროცესოს, ამ დროს რელიგიური სიწმინდეების, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა 300 ლარით უნდა დაისაჯოს?! ეს ხომ არასერიოზული დამოკიდებულებაა“,-გვითხრა მამა დავით ქვლივიძემ.