„TV 11“-ის სიხშირეზე, ფუნქციონირება „მაესტრო 24“-მა დაიწყო

„TV 11“-ის სიხშირეზე, ფუნქციონირება „მაესტრო 24“-მა დაიწყო

ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის უკვე დირექტორია, მაგრამ მესამე პირებისთვის, მათ შორის ბანკებისთვის, მხოლოდ დარეგისტრირების შემდგომ ჩაითვლება დირექტორად. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“გენერალურ დირექტორად, ოფიციალურად მომავალ კვირას დარეგისტრირდება და სწორედ ამის შემდეგ შეუდგება საქმიანობას. პროცედურები 17 თებერვლამდე უნდა მოესწროს, რა დროსაც კრედიტორთა კრებაა ჩანიშნული.

დარეგისტრირების შემდეგ კი, ლევან გაჩეჩილაძე მიმართავს სასამართლოს, რომ მაკა ასათიანის სარჩელის წარმოება ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადებასთან დაკავშირებით შეწყიტოს, რა პროცედურაც სწორედ კრედიტორთა კრებამდე უნდა განახორციელოს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუკი საჯარო რეესტრში შევა მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას ხარვეზი არ ექნება, საჯარო რეესტრი ვალდებული იქნება ის დაარეგისტრიროს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს „მაესტრო“, „რუსთავი 2“ თუ სხვა მედიასაშუალება, დარჩნენ ჩვენთან, დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია. მთავრობას სხვა პრიორიტეტი არ აქვს და ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ პრიორიტეტსა და, ზოგადად, საჯარო რეესტრის შესახებ კანონს მიღმა არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც კომპანიის მეწილეები და პარტნიორები სახელმწიფოსგან ჩაურევლად ღებულობენ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარალელურად, ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობას დღეიდან კომპანია „მაგისტრის“ დაცვის სამსახური იცავს. შენობაში შემოსვლის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისზეც საშვს რეესტრში ამჟამად დირექტორად რეგისტრირებული ბაია გადაბაძე დაუშვებს. დაცვის გაძლიერების მიზეზებს „მაესტროს“ პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული, ბაია გადაბაძე განმარტავს და აცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, რომ ამ შენობიდან მართოს „მაესტრო“, ეს არ გამოვა.

„ახალი ზომებია მიღებული. მე ვარ ამ შენობის მფლობელი კომპანიის დირექტორი და ნამდვილად მოვითხოვე, რომ დაცვა გაძლიერებულიყო. სურვილი ვისაც აქვს და ეს სურვილი თუ არის არადესტრუქციული, ყველას ექნება შემოსვლის საშუალება. შემოჭრის საშუალებას კი ნამდვილად არავის მივცემ, რადგან ეს არის კერძო საკუთრება. ამ შენობაში შემოვა ადამიანი მხოლოდ ჩემი ნებართვით.

ჩემი მიზანი არ არის, რომ გაჩეჩილაძეები არ შემოვუშვა ტელევიზიაში. ეს პრობლემა არ არის. შემოვიდნენ და ვისაუბროთ. თუ ტელეკომპანიის ახალ დირექტორს ენდომება, რომ ამ შენობიდან მართოს „მაესტრო“, ეს არ გამოვა. მე კონფლიქტს არავისთან არ ვაპირებ“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

დღესვე „TV 11“-ის სიხშირეზე, რომელიც მაკა ასათიანის საკუთრებაა, ფუნქციონირება დაიწყო „მაესტრო 24“-მა, რომელიც „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის მფლობელობაშია. არ არის გამორიცხული სწორედ ამ არხზე გააგრძელოს მუშაობა „მაესტროს“ ახლანდელმა გუნდმა. კიკაბიძემ უკვე შესთავაზა თანამშრომლობა „მაესტროს“ თანამშრომლებს. გარდა ამისა, კიკაბიძემ მიმართა მარეგულირებელ კომისიას „მაესტრო 24“-ის ტრანსლირების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ჩემი პირველადი მიზანია, რომ ვინაიდან საარჩევნო წელია, მოვასწრო და სადაც ტრანსლაცია შეიძლება, ისე გავაკეთო, რომ საქართველოში ყველა ოჯახში იყოს „მაესტრო 24“. ხალხს მივაწოდოთ კარგი ინფორმაცია. ამ თემაზე არავისთან საუბარი არ მქონია გარდა მამუკა ღლონტისა, რომელსაც ვთხოვე, რომ რადიო „მაესტროს“ ხმა გაჰყვეს სატესტო რეჟიმში არხს, მანამ სანამ გავაკეთებ სიგნალის კორექტირებას“, - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

რაც შეეხება „მაესტრო 24“-სთვის თანხებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე დიდი ფინანსური რესურსი საჭირო არ არის და თავად უზრუნველყოფს დაფინანსებას, პარალელურად კი მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ დამფინანსებლებთან. რაც შეეხება „მაესტროს“ სახელწოდებას, კიკაბიძე განმარტავს, რომ „მაესტროს“ სახელი თავად დაარქვა და თავიდანვე მისი იყო.

„გაჩეჩილაძის ადვოკატი გააზრებულად ცდება, როდესაც ამბობს, რომ სახელი მაჩუქა. როგორც საკუთარ შვილს ისე დავარქვი „მაესტროს“ ეს სახელი და ტელესივრცეში იგი 1995 წლიდან ტრიალებს. ამ სახელის მფლობელები მე და ჩემი მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განავითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გია გაჩეჩილაძეს, როგორც მეგობარს შეხვდა და მას „მაესტროს“ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. „მე მქონდა ჩემს მეგობართან შეხვედრა. არანაირი კავშირი ამას „მაესტროს“ საქმეთან არ ჰქონდა. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ხელისუფლების პოლირიკურ ინტერესებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. სერგო რატიანისთვის გაჩეჩილაძისა და პრემიერის შეხვედრა საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისათვის, რომ „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე პროცესს პოლიტიზირებული უწოდოს.

„არჩევნების წინ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კვლავ ცდილობენ დაიქვემდებარონ მედია. ეს მეთოდი აპრობირებულია რუსეთში. ეს სცენარი არის დაახლოებით იგივე, როგორც იყო „რუსთავი 2“ - თან მიმართებაში, როდესაც საზოგადოებას უნდა წარმოუდგინონ თითქოს ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. ერთ-ერთი აქციონერი, რომელიც იბარებს არხის მართვას, დემონსტრაციულად ხვდება პრემიერ-მინისტრს, საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისათვის, რომ პროცესს პოლიტიზირებული ეწოდოს“, - აცხადებს სერგო რატინი.

„მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევის ნიშნები უნდა გამოირიცხოს.

„მნიშვნელოვანია, რომ მედიის მრავალფეროვნება იყოს უზრუნველყოფილი და რაიმე ნიშანი, ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს. კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ თუკი საუბარი არის კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია ეს ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.