საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში აღმოჩენილი იქნა ძვალი. სამართალდამცველები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობა გეო-რადარმა ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა. არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, უცნობია.
for.ge-სთან საუბრისას კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ავტოფარეხში აღმოჩენილ ძვლას კავშირი ჰქონდეს რომელიმე იმ გახმაურებულ საქმესთან, რომელშიც შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიძინა კუჭავა ფიგურირებს.
მარინა ნიკოლოზაშვილი: არანაირი ნივთმტკიცება არ არის. რაღაც ძვალი იპოვეს და ის ამოიღეს. სხვა ვერაფერი ვერ ნახეს. დალუქეს და წაიღეს. ძალიან სასაცილოა. მიწაში იპოვეს, სადაც იყო ქვები, ნაგავი... ძვალი რახან იყო, დალუქეს და წაიღეს.
თქვენ თუ გითხრეს რას ეძებდნენ ავტოფარეხში?
- არა. არ ვიცი რას ეძებდნენ ავტოფარეხში, რომელიც 12 წლის უკან გავაკეთეთ კაპიტალურად. წინა დღეს მოიტანეს გეო-რადარი, რომელიც სამ მეტრზე აშუქებს ნიადაგს. ერთ ადგილას გამოსცა ხმა, რომელიც შემოხაზეს და დაიწყეს თხრა, მაგრამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. მიწასთან ერთად ამოდოდა აგური, ქვა, ლითონის ნატეხები და იქვე იყო ანომალიური ნივთი, ანუ ძვალი. ეს ყველაფერი ნაგავში გადაყარეს. რადგან ვერაფერი ვერ ნახეს, გადაწყვიტეს გვერდზე დაეწყოთ გათხრა, რისი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ სატელეფონო საუბრებისა და ვიღაცეების მითითებით გადაწყვიტეს დაეწყოთ გათხრა. ვერც ამ შემთხვევაში ნახეს ისეთი რამ, რაც მათ აწყობდათ. ბოლოს გადაწყვიტეს ნაგვიდან ამოეღოთ ის ძვალი და წაეღოთ.
წაიღეს როგორც ნივთმტკიცება?
- არ გამოუცხადებიათ, რომ ეს არის ნივთმტკიცება, მაგრამ ხელცარიელი რომ არ წასულიყვნენ, ნაგვიდან ამოიღეს მათ მიერვე გადაგდებული ნივთი და წაიღეს.
ქირიას მკვლელობასთან რამე შემხებლობაში არის თქვენს გარაჟში აღმოჩენილი ძვალი?
- არანაირ შემხებლობაში არ არის. თვითონაც ძალიან გაოგნებული იყვნენ, არ იცოდნენ რას ეძებდნენ. ნაცვლად იმისა, მოძებნონ ის ხალხი, ვის ინტერესებში იყო ბიძინა კუჭავას მკვლელობა, ვის რა ინტერესი გააჩნდა, რომ დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო, ასეთ აბსურდულ რაღაცეებს აკეთებენ. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რადგან ეს ადამიანი ცოცხალი არ არის, უნდათ გაუხსნელი საქმეები მას მიაწერონ. აშკარად, გამოძიება არ მიმდინარებს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. მე ვაცხადებ, რომ ბიძინას თავი არ მოუკლავს.
რატომ გიჩნდებათ ასეთი ეჭვი? პაატა ქირიას ძმა დარწმუნებულია, რომ დანაშაული თქვენმა მეუღლემ ჩაიდინა...
- როგორც ჩანს, აქაც პროკურატურა მუშაობს. რამდენადაც ვიცი თვითონ პაატას ძმაც პროკურატურაში მუშაობს. აშკარად რაღაცა ინტერესია, მაგრამ რა, ეს ჯერ არ ვიცი.
როგორ ფიქრობთ, რატომ, რა გარემოებებიდან გამომდინარე დაუკავშირდა ბიძინა კუჭავას სახელი პროკურორ ქირიას მკვლელობას?
- სწორედ, მეც ეს კითხვა მაქვს გამოძიებასთან. ამიტომ ველოდები პირველად დასკვნებს. რატომ წელავენ ამდენ დროს? მათ, რომ რამე ნივმთტკიცება ჰქონოდათ, მერწმუნეთ, რომ ნამდვილად გაახმოვანებდნენ. სადაც ამდენი სიბინძურეები ილაპარაკეს, არც ეს გაუჭირდებოდათ. ამიტომ, მაქვს ეჭვი, რომ რაღაცას ამონტაჟებენ...მე ვთვლი, რომ ქირიას მკვლელობა მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არის კავშირში. ჩემი მეუღლე შემთხვევით იყო გარეული.
ძალიან კომფორტულია გამოძიებისთვის, ორივე ადამიანი გარდაცვლილია, არ არსებობს ცოცხალი ადამიანი, ვინც ამაზე პასუხს გასცემს და რასაც უნდათ იმას ამბობენ. თუკი იცოდნენ, რომ ბიძინა იყო დამნაშავე, ცოცხლად რატომ არ აიყვანეს? რატომ არ შეუქმნეს ისეთი გარემოება, რომ ცოცხლად აეყვანათ? გნებავთ იმ სახლში აეყვანათ, სადაც თურმე გვამის დანაწევრებას აპირებდა. აეროპორტში აეყვანათ, რა უშლიდათ ხელს, მაგრამ ცოცხალი ბიძინა კუჭავა არ სჭირდებოდათ.
არსებობს პოპოვის ჩვენება, სადაც ის აღწერს რა ვითარებაში მოიკლა თქვენმა მეუღლემ თავი...
- მაშინ მითხარით სად არის ამის ჩანაწერი? ამბობენ, რომ ჩაატარეს ოპერაცია, ამ ოპერაციის დროს ყველას უნდა ჰქონოდა სპეციალური კამერა, რატომ არ არსებობს ეს კადრები?
და იქნებ არსებობს. მოითხოვეთ ამ კადრების ჩვენება?
- მოვითხოვეთ, მაგრამ არ გვაჩვენებენ. ზუსტად ამიტომ ჩნდება ეს კითხვები. მითხარით რომელი ოპერაცია ჩაატარა შსს-მ ან პროკურატურამ ისე, რომ თავად არ ჰქონდეთ გადაღებული? მათ, რომ ეს კადრები ჰქონოდათ, ნამდვილად არ მოგვერიდებოდნენ და გვაჩვენებდნენ. იმდენი სიბინძურე ილაპარაკა შს მინისტრის მოადგილემ, ამ კადრების გაშვების მოერიდებოდა? მოტივის გარეშე წაუყენეს ადამიანს ბრალდება. მოტივის გარეშე რატომ გამოაცხადეს ბრალდებულად ჩემი მეუღლე? აიყვანონ პოპოვი და თუ კარგად დაკითხავენ, აუცილებალად იტყვის ყველაფერს.
პოპოვი ამბობს, რომ რუსეთიდან დაუკავშირდა ნაცნობი და სთხოვა ბიძინა კუჭავას გაყვანა ქვეყნიდან და საუბარია მინსკის მიმართულებაზე...
- თავდაპირველად მოსკოვი გამოაცხადეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვითხოვე ბილეთის და ვიზის ჩვენება, ამის შემდეგ გამოაცხადეს, რომ მინსკის მიმართულებით მიდიოდაო. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ბადებს ეჭვებს. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მინდა საუბარი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არ შეიძლება გამოძიება ერთი ვერსიის გარშემო ტრიალებდეს, უნდა განიხილებოდეს რამდენიმე ვერსია და უნდა ეძებდნენ დანაშაულის მოტივს, ვის სჭირდებოდა ბიძინა კუჭავას მკვლელობა.
რატომ უნდა აწყობდეს შსს-ს ამტკიცოს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა?
- არ ვიცი რატომ აწყობდა, მაგრამ ეს ის უწყებაა, რომელმაც უნდა იმუშაოს ყველა ვერსიაზე. რატომ უნდა ვენდო შსს-ს გამოძიებას, როდესაც გამოდის შს მინისტრის მოადგილე და ყოველგავრი მტკიცებულების გარეშე ასეთ სიბინძურეს ლაპარაკობს?! ადამიანს ისე სდებს მკვლელობაში ბრალს, რომ არ აქვს ექსპერტიზის და გამოძიების პასუხები.
შს მინისტრის მოადგილე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ პროკურორი ქირია მოკლა თქვენმა მეუღლემ. მეტიც, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა 4 გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელშიც ასევე ფიგურირებს ბიძინა კუჭავა...
- არ ვიცი რომელი 4 გახმაურებულ მკვლელობაზეა საუბარი. მე როგორც ვიცი საუბარია ნინუებზე და ვიღაცა მაღათაძეზე. ორივე საქმეში მოწმის სახით დაიკითხა ბიძინა. თუკი ამდენ საქმეში ფიგურირებდა, მითხარით რატომ არ დაიჭირეს, რას ელოდებოდნენ?! ბიძინას გარშემო ააგორეს ბინძური პიარი, უნდათ საზოგადოება შეაჩვიონ იმ აზრს, რომ ბიძინა კუჭავა იყო ასეთი ადამიანი. ნინუები ჩემი მეზობლები არიან, ვერ წარმოიდგენთ როგორი სასაცილოა ეს ყველაფერი.
გერის მკვლელბა და დის გაუჩინარება - ეს ორი საქმეც ბიძინა კუჭავას სახელთან არის დაკავშირებული...
- გერის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და წესით, ეს საქმე უნდა გახსნან. მეტიც, ის გერი არ იყო. ის ბავშვი ბიძინას შვილი იყო. წლინახევრიდან ზრიდად მას, თავისი გვარიც მისცა, ფუფუნებაში ჰყავდა შვილი გაზრდილი, რომელიც 27 წლის ასაკში მოუკლეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ამ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს თქვენი მეუღლე. რატომ უკავშირდება ყველა ეს საქმე ბიძინა კუჭავას?
- სერიოზული მკვლელია? საზოგადოებაში გაიკითხეთ ვინ იყო ბიძინა კუჭავა. არ ვიცი რატომ შეახოცეს ხელი ბიძინას, მეც ამის გარკვევა მინდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა გამოიძიონ ვის ინტერესში შედიოდა პაატა ქირიას მკვლელობა, რა საქმეებთან იყო დაკავშირებული, ვისთან რა ინტერესები აკავშირდება და ა.შ. ეს უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის და ოჯახისთვის. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩემს თავს. თქვენ რომ გცობოდათ ბიძინა კუჭავა ნამდვილად არ დამისვამდით ამდენ კითხვას.
თქვენ დაინტერესებული ხართ სიმართლის გარკვევაში, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დავსვათ ყველს ის კითხვა, რომელიც შემხებლობაშია ბიძინა კუჭავასთან...
- ჩემი მეუღლე სახლიდან რომ გავიდა, ის პოპოვთან შესახვედრად არ მიდიოდა. ვიღაცამ დარეკა და სახლიდან სწორედ ისე გამოიყვანეს, როგორც ქირია. ჩემი მეუღლე ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიოდა.
არ ჰკითხეთ ვისთან მიდიოდა შეხვედრაზე?
- არა, მითხრა, რომ შეხვედრა მაქვსო. ჩვეულებრივად გავაცილე სახლიდან.
როდესაც მას დაურეკეთ უცნაური არაფერი შეგიმჩნევიათ საუბრისას?
- არა და სწორედ მაგაშია საქმე. ეს ყველაფერი მოხდა წუთებში, ძალიან მოულოდნელი იქნებოდა მისთვისაც. თუ წინასწარ ჰქონდა ყველაფერი დაგეგმილი 160 ლარით მიდიოდა?
დავუბრუნდეთ ავტოფარეხში აღმოჩენილ ძვალს, რომლიც არ ვიცით ვის ან რას ეკუთვნის. გამორიცხავთ, რომ ნივმტკიცების სახით დართული იქნას რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე?
- ეს პროცესი ისეთი სასაცილო იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში პირველად გამეცინა. თქვენ, რომ დასწრებოდით ამ პროცესს, დამერწმუნეთ, რომ თქვენც გაგეცინებოდათ. სახეზეა სრული არაპროფესიონალიზმი.
ეს კითხვა დაგისვით იმიტომ, რომ დაკარგულია ბიძინა კუჭავას და, რომლის გაუჩინარებაც ასევე დაუკავშირდა მას. შესაძლებელია ითქვას, რომ ძვალი, რომელიც აღმოჩენილი იქნა თქვენს ავტოფარეხში, ეკუთვის ბიძინა კუჭავას დას?
- არა, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ! ეს ძვალი მათ საერთოდ არ სჭირდებოდათ, აშკარად სხვას ეძებდნენ.