პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, ბაია გადაბაძე „მაესტროს“ დირექტორის პოსტიდან გაანთავისუფლეს. დირექტორის მოვალეობას კი ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს. მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის განცხადებით, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55-% ის მფლობელმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
თავად გაჩეჩილაძე ბაია გადაბაძის გადაყენების მოტივად ტელეკომპანიის რეიტინგის დაცემას ასახელებს - „უკვე სამი წელია ბაია გადაბაძე მართავს ტელევიზიას. ამ ხნის განმავლობაში რეიტინგი 4%-მდე დავიდა. ასევე სასამართლოში შესულია „მაესტროს“ გაკოტრებაზე საქმე. სანამ არ დაინგრევა „მაესტრო“, მანამდე არ უნდა შეიცვალოს ვითარება?“, - აცხადებს გია გაჩეაჩილაძე.
ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც არხის წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე გახდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, გაჩეჩილაძე ამჟამად შპს „სტუდია მაესტროს“ წილების 55%-ს ფლობს. რაც შეეხება სხვა მეწილეებს, რეესტრში, 2 თებერვალს გატარებული ამონაწერით, აქტივების 15%-ის მესაკუთრეა მამუკა ღლონტი, 5 %-ის ეკატერინე აკობია, დანარჩენი 25%-ს კი მაკა ასათიანი ფლობს.
ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის განცხადებით, „მაესტროს“ შენობა და ტექნიკის 99% მაკა ასათიანის საკუთრებაა. შესაბამისად, თუ მაკა ასათიანს არ ექნება ნება, სამართლებრივად შეუძლებელია, ის ვინმემ იძულებული გახადოს, მისი საკუთრება ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის გამოიყენოს.
ტელეკომპანია 55%-იანი წილის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის თქმით, ის „მაესტროს გადარჩენისთვის“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და ტელეკომპანიის 25%-იანი წილის შესაძენად თანხაც „სალფორდ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორისგან, ირაკლი რუხაძისგან ისესხა. თუმცა, არ აკონკრეტებს თანხის რაოდენობას. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა გავრცელებული ცნობით, თანხა 2,5 მილიონს შეადგენს.
არხის ახალი დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით „მაესტროს“ წილის შესაძენად თანხა ირაკლი რუხაძემ ასესხა, რადგან გაჩეჩილაძის მტკიცებით, მათი მიზანია გაკოტრებული ტელევიზია გადაარჩინონ.
„ირაკლი რუხაძემ ფული გვასესხა, ჩვენი დიდი ხნის მეგობრობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მედია იყოს თავისუფალი და ფინანსურად დამოუკიდებელი. მთავარია, რომ ტელეკომპანიის რეიტინგი 15%-დან 4%-მდე არის დაწეული. ჩემი ძმის სატელევიზიო კრეატიული აზროვნების მეშვეობით, იმედი გვაქვს, რომ რეიტინგს ავწევთ“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
თავის მხრივ არხის ყოფილი ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მას არ სურს, ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ არხის დამოუკიდებლობა.
„მაესტროს“ მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი, რაც შეიძლება „მაესტროთი“ დაინტერესების მიზეზი იყოს, ეს არის პოლიტიკური მიმზიდველობა. განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის დამოუკიდებლობის დაკარგვა“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
გადაბაძე ამ დრომდე ითხოვს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. მისი თქმით, შეხვედრის მიზანია საქმის კურსში ჩააყენოს პრემიერი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ერთი თვის მოსულ პრემიერ-მინისტრს არ ვურჩევ, რომ მის მოღვაწეობას კიდევ ერთი ტელეკომპანიის დახურვა ან მისთვის პრობლემების შექმნა მიეწეროს. მე არ ვიცი ამ ქვეყნის ჩრდილოვანი კაბინეტი, ვიცი, ვინ არის ოფიციალურად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მე მას ჩემთან შეხვედრას ვთხოვ“, - აცხადებს ბაია გადაბაძე.
გადაბაძემ პრემიერთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელს, გია გაჩეჩილაძეს შეხვდა. გაჩეჩილაძე ადასტურებს პრემიერთან შეხვედრას. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ კვირიკაშვილი მისი მეგობარია და ორ დღეში ერთხელ ხვდება. მისივე თქმით, საუბრის თემა „მაესტრო“არ ყოფილა.
ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. პრემიერი თვლის, რომ სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ხოლო ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია.
„პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხდებაში.