for.ge-ს ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გარშემო უახლოეს დღეებში ახალ დეტალებს გაახმაურებს. ოფიციალურად ირაკლი შოთაძის უწყება კომენტარს არ აკეთებს. არაოფიციალურად for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნას გაახმოვანეს, რომელიც გამოძიების პირველად ვერსიას, უბედურ შემთხვევას ცვლის. თუმცა, როდის წავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე სასამართლოში, ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გამოძიების ახალი დეტალები, for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს ყოფილი პრემიერს ძმა, გოგლა ჟვანია, რომლის განცხადებით, მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს პროკურტატურასთან და რაც უფრო მეტ მასალას ეცნობა, მით უფრო რწმუნდება, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა.
„მე თვითონ ვარ მოლოდინის რეჟიმში, ტექნიკური საკითხებია, რამაც შეაფერხა ახალი დეტალების გახმოვანება. თუმცა, ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი. უკვე იქნება სიახლე. მალე მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაიგოს საზოგადოებამ ამ საქმის გარშემო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანია.
გარდა ამის, დღის წესრიგში დგას ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის საკითხი, თუმცა, თარიღი ამ დრომდე გარკვეული არ არის. გოგლა ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, საუბარია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩატარებაზე და სწორედ ეს პროცესები აჩვენებს საჭირო იქნება თუ არა ექსჰუმაცია. მისივე თქმით, თუკი საჭირო იქნება, ბუნებრივია, რომ ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდება. სავარაუდოდ ცხედრის ექსჰუმაცია პროცესის ბოლო ფაზა იქნება.
for.ge-ს ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი სად ჩატარდება ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსსპერტიზა. თუმცა, სავარაუდოდ პროკურატურა არჩევანს ისრაელის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაზე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავდა. შვეიცარიაში ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით მემორანდუმის გასაფორმებლად ჩასული იყვნენ ქალაქ თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი და ამ საქმის გამომძიებელი, თუმცა, შვეიცარიაში ჩასულები უკან დააბრუნეს.
გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებთან.
„იყო ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ რა საკითხებზე და რომელ ქვეყნებთან, კომენტარისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება იმას, რომ შვეიცარიაში უნდა ჩარტარდეს ესქჰუმაცია, ეს არ არის მართალი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანიამ.