„სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა მოამარაგოს“, - ეს განცხადება ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელმა, სტივ ნიკარსონმა გააკეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში აღმოჩენილ გაზის რესურსებზე საუბრისას.
„ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გავა და გაზის მიწოდების კუთხით თამაშის წესებს შეცვლის. საქართველო გაზს მიაწვდის თურქეთს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს. სამიდან ხუთი წლის ვადაში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება“, - განაცხადა სტივ ნიკარსონმა
თუკი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, თამაშის წესები რეგიონში სერიოზულად გადაიხედება, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლება ამ თემაზე არ საუბრობს, არაოფიციალურად კი აცხადებს, რომ გაზის მარაგებზე დადასტურებული დოკუმენტაცია არ არსებობს. თემაზე კომენტირებისგან თავს იკავებენ ქართველი ეკონომიკური ექსპერტებიც, ზოგიერთ მათგანს კი აღნიშნული ინფორმაცია სარწმუნოდ არ მიაჩნია.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სულ სხვა სურათია - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, დამუშავებაში მყოფ საბადოებზე ნავთობის მარაგები 7.3 მლნ. ტონას შეადგენს, ხოლო პირობითი რესურსები - 51.4 მლნ. ტონას. პირობით რესურსებში მოიაზრება ახლად აღმოჩენილი საბადოები, რომელთა კომერციულობა ჯერ შეფასებული არ არის. ასევე ქვეყანას აქვს პერსპექტიული რესურსები, რომელიც ოპტიმალური შეფასებით 677.3 მლნ. ტონაა. აქ საუბარია ქვეყნის იმ პერსპექტიულ რესურსებზე (ზღვის ჩათვლით), სადაც კვლევებით გამოვლინდა, რომ შესაძლოა, საბადოები იყოს, მაგრამ ჯერ ბურღვა არ განხორციელებულა.
შედარებისთვის - წლიურად აზერბაიჯანი დაახლოებით 45 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებს. რაც შეეხება საქართველოს, ისიც ცნობილია, რომ შავი ზღვის ხუთი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო ნავთობს აღარ ეძებს შავ ზღვაში - მიზეზი კი სათანადო თანხის უქონლობაა.
შეგახსენებთ, სამეგრელოს და აჭარის ტერიტორიაზე 2000-2008 წლებში ძებნა-ძიებითი სამუშაოები ჩაატარა ნავთობის ამერიკულმა კომპანია „ანადარკომ“, მოინიშნა პირველი გასაბურღი ჭაბურღილების ადგილებიც, თუმცა ბურღვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან მაღალ ღირებულებასა და რისკებთან იყო დაკავშირებული, ხოლო „ანადარკომ“ პარტნიორი ვერ მონახა.
სწორედ „ანადარკო“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოს შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მიმდებარე ნაწილი ნავთობის მოპოვების მხრივ პერსპექტიული იყო, თუმცა ძებნა-ძიებითი სამუშაოები ვერ ხორციელდებოდა კონფლიქტური ვითარების გამო.
თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეც ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობსა და გაზზე იდგა, თუმცა სააკაშვილი ყველა შესაძლო შემთხვევაში აღნიშნავდა, რომ საქართველოში ნავთობი და გაზი არ არის. რეალურად რა მარაგებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ძნელი სათქმელია, რადგან როგორც ჩანს, ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.
რეალობა რაც სახეზეა, ასეთია - დღეს საქართველო წლიურად მოიხმარს, დაახლოებით, 1,8-2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზსა და 800 000-დან 1 მილიონ ტონამდე ნავთოპროდუქტებს. მაგალითად, 2014 წელს კი მხოლოდ 15,6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოვიპოვეთ.
სპეციალისტები არნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული სეისმოძიების სამუშაოების შედეგად საქართველოში აღმოჩენილია 40-მდე პერsპექტიული უბანი, სადაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, იყოს ნავთობისა და გაზის საბადოები, მათ შორის, შავი ზღვის შელფზეც.
რაც შეეხება „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნს“, მან 2015 წლის ბოლოსაც გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ძებნა-ძიების ოპერაციების შედეგად მიღწეულ გაზის რესურსების მნიშვნელოვან მატების შესახებ. კომპანია აცხადებდა, რომ „ფრონტერას“ ამჟამინდელი საქმიანობის შედეგად მოხდა გაზის საწყისი რესურსების გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც 300-5000 მეტრის ინტერვალში აღმოჩენილ სამიზნე კოლექტორებში იგი 135 ტრილიონ კუბურ ფუტს (3.8 ტრილიონ კუბურ მეტრს) შეადგენდა.
ცნობისათვის - „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი“ წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. ფრონტერას აქციები იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიის აღნიშნული განცხადება შესაძლოა, სწორედ საერთაშორისო ბირჟაზე აქციების ფასის მანიპულირებისათვისაც ხდებოდეს, რადგან ხშირად ასეთი ხმაურიანი განცხადებები საკმაოდ დადებითად აისახება-ხოლმე აქციების ფასებზე.
მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, გასული წლის დეკემბერში „ფრონტერას“ განცხადებას კომპანიის აქციების ფასის 18%-იანი ზრდა მოჰყვა, ზოგი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა განცხადებამ კომპანიის აქციები ამ ეტაპზე 28%-ით გააძვირა.
კომპანიის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, შეძლებს გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.
„სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი“ შეძლებს გაზის მიწოდებას თურქეთში, რუმინეთში, უკრაინასა და ევროპულ ბაზრებზე. საქართველოს შეუძლია განახორციელოს გაზის ექსპორტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე თხევადი გაზის მცირე ტერმინალით, ან თურქეთში გაყვანილი მთავარი საექსპორტო გაზსადენითა და ასევე ტანაპით“, - წერს ანგარიშის ავტორი, აშშ-ის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი არიელ კოენი.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ატლანტიკური საბჭოს ანგარიშს „დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავ ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ“ ეკონომიკური პორტალი bpn.ge ავრცელებს. მასში იმ პერსპექტივებზეა საუბარი, რაც შესაძლოა, ქვეყანას გაუჩნდეს.
კოენის მოსაზრებით, საქართველოს დღეს სჭირდება მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, მეტი გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა, რომლის გარეშე უცხოური ინვესტიციების ფართოდ მოზიდვა რთული იქნება.