„დღეს რუსეთს უჭირს და შეიძლება, ბევრ კომპრომისზე წამოვიყვანოთ“, - მსგავს პოზიციას საქართველოში არაერთხელ გაიგონებთ.
ამჯერად ამ შეხედულებას „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი ახმოვანებს. ის მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთი რთულ სიტუაციაშია. ამიტომ სწორედ ახლა არის საუკეთესო მომენტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, გადადგას გაბედული ნაბიჯი და რუსეთთან სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე წავიდეს. ეს ურთიერთობები კი უნდა დაიწყოს არა ბორჯომით და მწვანილით, არამედ აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი.
„ყირიმის ანექსიის მერე აფხაზეთი რუსეთისთვის რაიმე განსაკუთრებული ინტერესის სფეროს აღარ შეადგენს. მისთვის უპირველესი საქმეა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებით კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. სწორედ ახლა არის მომენტი, როდესაც შესაძლებელია, ყინული დავძრათ. შესაძლოა, ხვალ ეს მომენტი აღარ იყოს. რუსეთი თუ წელში გაიმართა, მერე საერთოდ აღარ გამოიხედავს აქეთ, ხოლო, თუ გამოიხედავს-სულ სხვანაირად“, - აცხადებს ბათიაშვილი.
ამ პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია „ნეზავისიმაია გაზეტას“ სტატიის შინაარსი. რუსული ბეჭდვითი ორგანოს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 2008 წლის მოვლენების გამოძიებამ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობები გაამწვავოს. გაზეთისთვის ამ მხრივ საინტერესოა კრემლის დუმილი, რომელიც ჰააგის სასამართლოს შესახებ ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. ეს მაშინ, როცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადება 2008 წლის აგვისტოში მომხადარი ომის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულობათა გამოძიების თაობაზე ოპტიმიზმით მიიღეს, როგორც თბილისში, ასევე, ცხინვალში. ორივე მხარემ გამოძიების ობიექტურად ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯის იმედი გამოთქვა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არადამაჯერებელია მოსაზრება, თითქოს ყირიმის ანექსიის შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენდეს. თუ ლაპარაკია სამხედრო-სტრატეგიულ თვალსაზრისზე, რომ ყირიმის შემდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ აქ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისი არაფერ შუაშია, აქ არის რუსული გეოიმპერიული პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, როგორც სამაჩაბლო, ისე აფხაზეთი რუსეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა მთლიანად უნდა შეცვალოს თავისი იმპერიული პოლიტიკა.
„აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესს ლოგიკურად მოჰყვება ყირიმის დათმობა რუსეთის მიერ, შემდეგ ამას დონბასიც მიჰყვება და ა.შ. შესაბამისად, ახლა არ არის დრო, საქართველომ რაიმე მოიგოს ამ მოლაპარაკებით. რუსეთმა მშვენივრად იცის, რა პრობლემა დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. მშვენივრად იცის ისიც, რომ ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა. არა მგონია, საქართველოში ოდესმე ისეთი ხელისუფალი ყოფილიყო, რომელიც რუსეთის შემოთავაზებას ტერიტორიების დაბრუნების შესახებ ბარიერს შეუქმნიდა. არც დღევანდელი და არც გუშინდელი ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა. პირიქით, რუსეთი რომ მზად იყოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ის უბრალოდ გამოვიდოდა საჯარო სივრცეში და იტყოდა, რომ მზად არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოსაგვარებლად. ეს იქნებოდა პირდაპირი პროპაგანდისტული ნაბიჯი ქართული მოსახლეობისთვის, რომ უარი ეთქვათ ევროკავშირზე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა კოზირი იქნებოდა ეს რუსული პროპაგანდისთვის? რაც შეეხება „ნეზავისიმაია გაზეტას“ თავლსაზრისს, რომ აგვისტოს ომის გამოძიებამ შეიძლება რუსულ-ქართული ურთიერთობები გაამწვავოს, აქ მთავარია, რომ ჰააგის გამოძიება ქართული იურისდიქციას სცილდება. საქართველო, როგორც მხარე, ამ ძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ არსებული დოკუმენტაცია გადავცეთ ჰააგის პროკურორს, ისევე, როგორც თავის მიერ მოპოვებულ მასალებს გადასცემენ რუსები. ის, რომ გამოძიებას აწარმოებს მესამე ნეიტრალური მხარე, რა თქმა უნდა, გარკვეულ დაძაბულობას შექმნის, რადგან რუსეთმა მშვენივრად იცის, რაც ჩაიდინა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
ამასთან, ერთი მძიმე ნიუანსის შესახებაც განმარტა, რომ ჰააგის გამოძიების პარალელურად, ამ პროცესის გადასაფარად შესაძლოა, რუსეთმა ახალი პროვოცირებები დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ. ეს ქართულმა ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს, რადგან, სანამ რუსული პოლიტიკური გეზი არ შეცვლილა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით პროვოკაციის საფრთხის წინაშე.
წამოვა თუ არა რუსეთი კომპრომისზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მიმართებით, ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გააჩნია, ჩვენს ხელისუფლებას რა მიზანი აქვს და მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში რას გეგმავს. თუ ჩვენი ხელისუფლება გეგმავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მაშინ მან უნდა დაიწყოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ, როგორც კი საქართველო რუსეთთან ვაჭრობას დაიწყებს, საქართველო ავტომატურად დანარჩენ მსოფლიოსთან შევა კონფლიქტში, რადგან მთელი მსოფლიო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგია და მას ამის გამო სანქციებიც დაუწესეს.
„უნდა კი საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე (რომელიც მაინც არ იქნება სრულფასოვანი) გადაიკიდოს დანარჩენი მსოფლიო? საფრთხე შეუქმნას ლარის კურსს და ეკონომიკას? ხომ შეიძლება, საქართველოც ერთბაშად ისეთ იზოლაციაში აღმოჩნდეს, როგორშიცაა რუსეთი? უახლოეს წარსულში ჩვენ ვნახეთ, ნავთობ და ენერგომომპოვებელ ქვეყნებს- ყაზახეთსა და აზერბაიჯანს როგორი პრობლემები შეექმნათ. ასე რომ, თუ ჩვენს ხელისუფლებას უნდა ევროატლანტიკურ ბლოგში გაწვრიანება, მაშინ სწორი გზით მივდივართ. გვიჭირს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად მივდვართ. თუმცა დიალოგი რუსეთთან მაინც უნდა დაიწყოს. ეს უნდა წამოიწყოს თავად რუსეთმა, რადგან 1990 წლიდან დღემდე რუსეთის აგენტურა და რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, ყველა პრობლემა სწორედ მათ შეგვიქმნეს“,-აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე და განმარტავს, რომ 2008 წლის ომის გამოძიებით თვითონ რუსეთი უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან, უნდა თუ არა, მომავალში საქართველოსთან მაინც ნორმალური ურთიერთობა ექნება. ამიტომ ამ ორ ქვეყანას შორის არ უნდა არსებობდეს ისეთივე კითხვის ნიშნები, როგორც -2008 წლამდე.
„თუ ვინმე ფიქრობს, აგვისტოს ომში მარტო სააკაშვილია დამნაშავე, ასე არ არის. საბედისწერო შეცდომები დაუშვეს სააკაშვილმაც და პუტინმაც. სააკაშვილმა და საქართველომ ამ შეცდომების შედეგები 2008 წელს მოიმკო, ხოლო პუტინის რუსეთი ახლა იმკის ამ შეცდომებს. ამიტომ, რაც უფრო მეტად დაუმალავენ სიმართლეს საქართველო და რუსეთი თავის მოსახლეობას, მით უფრო მეტი კითხვის ნიშანი, წყენა და გაუგებრობა იქნება ურთიერთობებში. სჯობს, ყველაფერი გაირკვეს და შედეგის გარშემო მერე ვიკამათოთ ცივილიზებულად და ღირსეულად, ვიდრე იყოს გრიფით საიდუმლო თემა და ადამიანები შურისძიების გრძნობას ატარებდნენ გულში“.