„რუსეთი პროვოკაციაზე მიდის, რომ თურქეთმა მეორედ ვერ გაბედოს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება“

„რუსეთი პროვოკაციაზე მიდის, რომ თურქეთმა მეორედ ვერ გაბედოს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება“

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ცდილობს რეგიონში არსებული კრიზისის კიდევ უფრო ესკალაციას. შესაბამისად, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებზე ამ დრომდე შენარჩუნებულია განგაშის მომატებული - „ნარინჯისფერი“ დონე. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, თურქეთის ავიაბაზებზე გამოცხადებული განგაშის ფორმა გულისხმობს ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე.

როგორც ცნობილია, თურქეთი განგაშის ძირითად 3 ფორმას იყენებს - თეთრი, რაც თავდასხმის მცირე ალბათობას ნიშნავს, ყვითელი - თავდასხმის ალბათობის არსებობა და წითელი - შეტაკების ან ომის მაღალი ალბათობა. რაც შეეხება ნარინჯისფერ დონეს, ფორმალურად, ეს ნიშნავს, რომ შეტაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს და სამხედრო ძალები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმისთვის.

თურქეთის სამხედრო ავიაბაზებზე განგაშის დონე მას შემდეგ აამაღლეს, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰარეო სივრცე დაარღია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 29 იანვარს, ადგილობრივი დროით 11:46 საათზე, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენმა „სუ-34“-მა თურქეთის საჰარეო სივრცე კიდევ ერთხელ გადაკვეთა. ვიდრე რუსული თვითმფრინავი საზღვარს დაარღვევდა, მფრინავი რუსულ და ინგლისურ ენებზე არაერთხელ გააფრთხილეს.

თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამგვარი მოქმედებები შესაძლოა, სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ოფიციალური ანკარაში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, არ დაარღვიოს თურქეთის საჰარეო სივრცე, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეა. წინააღმდეგ შემთხვევში ანკარა ადეკვატური რეაგირებით იმუქრება.

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს პენტაგონიც ადასტურებს და მხარეებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვისგან ნატო-ს საჰაერო სივრცის პატივისცემას მოითხოვს ნატო-ს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმისთვის, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს.

კრემლი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ანკარის მიერ გავრცელებულ ცნობას უსაფუძვლო პროპაგანდა უწოდეს. უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვმა თურქეთის განცხადებას „უსაფუძვლო პროპაგანდა“ უწოდა.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ვითარება სავარაუდოდ სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა. მათივე განცხადებით, თურქეთი სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი ინტერესების დაცვა დამოუკიდებლად, ეფექტურად შეუძლია. გარდა იმისა, რომ თურქეთის სამხედრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია, ის ნატოს წევრი სახელმწიფოა, რაც ნიშვს, რომ თურქეთის უკან ნატო დგას. თუმცა, აამოქმედებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მე-5 მუხლს, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას საფუძველი აქვს, რადგან, თუკი ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება არ განიმუხტა, შეიძლება ვითარება მეტად უსიამოვნო პროცესში გადაიზარდოს.

„რუსეთის ხელისუფლებას ახლა სხვა გამოსავალი არ აქვს, თავი უნდა აჩვენს როგორც მკაცრ გადაწყვეტილებაზე წამსვლელმა მხარემ. სწორედ, რომ ამგვარი მიდგომა წარმოშობს ასეთ მოვლენებს. დაახლოებით ასეთივე მკვეთრი პოზიცია უჭირავს თურქეთის ხელისუფლებასაც. თუმცა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, რომ თურქეთმა რამდენეჯერმე შესთავაზა დიალოგის დაწყება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რაც უპასუხოდ დატოვეს. აი, ეს ყველაფერი ქმნის ამგვარ დაძაბულობას. თუკი საერთაშორისო მოთამაშეთა აქტიური ჩარევით დაპირისპირება არ განიმუხტა, შესაძლოა, შედეგი გაცილებით მძიმე იყოს“, - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

რა დონეზე შეიძლება გამწვავდეს რუსეთ-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. თუმცა, როგორც მენაღარიშვილი აცხადებს, როდესაც სუვერენული ქვეყნის საჰაერო სივრცე ირღვევა, ქვეყანა ვალდებულია პასუხი გასცეს დამრღვევს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჰაერო სივრცე მუდმივად იქნება ღია ჭიშკარი ვიღაცისთვის. ამის უფლებას კი, თურქეთი საკუთარ თავს ვერ მისცემს და ვერც ერთ სხვა სახელმწიფოს. თურქეთისთვის მისი საჰაერო სივრცის ასეთი მოურიდებელი დარღვევა სრულიად მიუღებელია. არ მგონია ანკარაში არ ესმოდეთ, რომ ამას თავისი ფასი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ანკარა ამ ფასის გადასახდელად მზად არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ რუსეთი ღიად მიდის პროვოკაციაზე, რომ თურქეთმა ვერ გაბედოს მეორედ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება.

„ამ ეტაპზე რუსეთის ნაბიჯი ნიშნავს ერთ რაღაცას - აი, უყურეთ, კიდევ ერთხელ დავარღვიეთ თურქეთის საჰაერო სივრცე, ვერ გაბედეს და მეორედ ვერ ჩამოგვაგდეს. ანუ, რუსული გაგებით თურქები „დაჩმორდნენ“. პუტინის საქციელის ახსნა შეუძლებელია, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამ ნაბიჯით მან ალიანსს უთხრა - გიჟი ვარ და ფრთხილად იყავით. რუსეთის ტაქტიკა დიდი ხანია ასეთია - გიჟი ვარ და თუ წყნარად არ მოიქცევი, შეიძლება გესროლო და სიწყნარე დაგინგრიო. სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის პოლიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ