რატომ არის საშიში იმუნიტეტის დაქვეითება

რატომ არის საშიში იმუნიტეტის დაქვეითება

იმუნიტეტი ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობაა გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როდესაც ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ავადმყოფობს სხვადასხვა ინფექციური დაავადებით, სწორედ მასზე ამბობენ,  სუსტი იმუნიტეტი აქვსო.

ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით ადვილია. ეს ხდება სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევით.

იმუნურ პროცესებზე პასუხს აგებს ლიმფოციტები და მონოციტები. ამ უჯრედების რაოდენობის საგრძნობი მატება, ანუ, როცა ლიმფოციტები დაახლოებით ორმოც პროცენტს აღემატება, მონოციტები კი ათ-თხუთმეტ პროცენტზე მეტია, იმუნური სისტემის გადაძაბვაზე – ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის პროცესზე მეტყველებს. მაგრამ, თუ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ეს იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელია.

ასევე, სისხლში არსებობს სპეციალური იმუნოკომპეტენტური ცილები, ანუ იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც  იმუნიტეტის მდგომარეობაზე მიუთითებს.

ადამიანი რომ მხნედ, ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, მისი იმუნიტეტი გარკვეული პროცენტით აკმაყოფილებდეს საერთო ნორმებს.