პროექტი „რა გაწუხებთ?“ საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა. ამ ერთობლივი სოციალური ინიციატივის შესახებ ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა.
როგორც აღნიშნული პროექტის ინიაციატორები აცხადებენ, 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით - ვებ-გვერდზე www.1505.ge, ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში ხელმისაწვდომი იქნება. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.
„ჩვენ არ გვჭირდება რეფორმა რეფორმისთვის. საზოგადოებამ უშუალო და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც ეხება გადაწყვეტილებებს ჯანდაცვის სფეროში“,-ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია.
თუმცა, სანამ მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება, საინტერესოა, რა აწუხებთ ჩვენს თანამემამულეებს ჯანდაცვის კუთხით?
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროექტის კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე For.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას და ზრუნვას ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის დადებითად აფასებს და გამორიცხავს, ეს პოპულისტური ნაბიჯი იყოს.
მისი თქმით, გააჩნია, კითხვარში რა საკითხებია შესული. შეიძლება, ეს მიმართული იყოს ვირუსებზე, ან ცე ჰეპატიტზე.
„პირადად ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ვირუსულ ჰეპატიტზე, აივ-შიდსის გავრცელებაზე, ასევე, გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარება დაავადებაა და არა- კრიმინალი. ამ მხრივ სამუშაო ნამდვილად ჩასატარებელია“, - აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.
ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ თოიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სოციოლოგიური კითხვარები პასუხს იძლევიან, რა აწუხებს მოსახლეობას და ეს გამოკითხვაც კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ საკმარისი არ არის და შეიძლება, ხალხის განწყობა ერთ თვეში შეიცვალოს. გააჩნია, ვინ ატარებს ამ კვლევას და გააჩნია პერიოდსაც, დროის რა მონაკვეთში ჩატარდება ესა თუ ის გამოკითხვა - გაზაფხულზე, ზაფხულში თუ ზამთარში. ზამთარში უარყოფითი პასუხები უფრო მეტი იქნება.
„კვლევა უნდა მოიცავდეს არა მარტო მოსახლეობის გამოკითხვას, არამედ უნდა ეფუძნებოდეს ექსპერტების აზრსაც და შედარება უნდა გაკეთდეს, რა მოუტანა ასეთმა კვლევებმა სხვა ქვეყნებს. თუ არ შეფასდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაშინ ამას მხოლოდ კეთილი სურვილების სახე ექნება. პირდაპირ გეტყვით, ჩვენს მოსახლეობას ჯერჯერობით ისევ უჭირს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ეს არ არის გასაკვირი, ხელმისაწვდომობა ბევრ ქვეყანას უჭირს, ხელმისაწვდომობა ნიშნავს, როცა სრულად არის დაკმაყოფილებული არა პაციენტის სურვილი, რაც მას უნდა, არამედ, რაც ობიექტურად სჭირდება პაციენტს. მაგალითად, არის ბევრი გამოკვლევა, რასაც პაციენტს ვერ უნიშნავ, რადგან არ არის ან სიახლოვეში, იმ არე-მარეში, სოფლის რეგიონში ან მცირე ქალაქების რეგიონში, ან ფასია მაღალი. ცუდ რამეს ვიტყვი, პროფესიონალიც არ არის, რომ პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს იმ დონეზე, როგორც საჭიროა. ამიტომ ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას არ ნიშნავს.
მეორე, მოსახლეობას უჭირს ფინანსური ხელმისაწვდომობაც, ძირითადად ლაპარაკია მედიკამენტებზე. ახლა ყველა მედიკამენტი ხელმისაწვდომია, ყველაფერს უნიშნავენ და ბევრსაც უნიშნავენ, მაგრამ ეს არის უსაზღვრო ხელმისაწვდომობა, რადგან პაციენტს მედიკამენტი სჭირდებოდა იმ რაოდენობით და იმ ხანგრძლივობით, რაც ობიექტურად საჭიროა. ამას ემატება მედიკამენტების უსაზღვრო რეკლამა და ჩვენი მოსახლეობის გათვითცნობიერების აკადემიური დონე, ვგულისხმობ მათ ცოდნას, როდის და რაში სჭირდებათ ექიმი“, - აცხადებს ოთარ თოიძე.
ამასთან, ექიმების კვალიფიციურობაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მედიკოსის აკადემიურ ცოდნაზე, არამედ - პაციენტებთან ურთიერთობის ხარისხზე, თუ რამდენად მისახვედრად უხსნიან პაციენტებს, რა არის მათთვის საჭირო, აკონტროლებენ თუ არა მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას. ცხადია, ეს შრომატევადი საქმეა, მაგრამ მკურნალობის ლომის წილი სწორედ პაციენტის მართვაზე მოდის, თორემ ერთხელ ნანახი და გაშვებული პაციენტი შედეგს ვერ იძლევა. პაციენტის დაავადება არ არის ერთჯერადი, პაციენტი დაავადებულია რამდენიმე დღით ან თვით ადრე, ხანდახან - წლების განმავლობაშიც. როგორც წესი, ჩვენ ქრონიკული დაავადების მქონე ბევრი ადამიანი გვყავს ქვეყანაში. ამიტომ თვალყურის დევნის სისტემა აუცილებელია, რაშიც ექიმები სცოდავენ.