„თუ სასამართლო სისტემაში დარჩებიან მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, კოპალიანები, გოგინაშვილები სასამართლო სისტემა განადგურდება“, – ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ზაზა მეიშვილს და თამარ ალანიას უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და სავარაუდოდ, მოქმედი იუსტიციის საბჭო მათაც გადანიშნავს, თუკი სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე არ დადგა.
თავის მხრივ, მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეები მათ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებულ საპროტესტო კამპანიას გმობენ და აცხადებენ, რომ თუკი მათდამი „სიძულვილის თესვა“ დროულად არ აღიკვეთება, მართლმსაჯულების სისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.
„ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვაცხადებთ, რომ თუ დროულად არ აღიკვეთა მთელი ეს კამპანია და საბჭოს საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობები, რომელსაც თან ახლავს ჩვენდამი სიძულვილის თესვა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება მართლმსაჯულების სისტემას. ამ ზიანის გამო მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სწორედ ამ კამპანიის განმახორციელებელ ძალებს, რომლებიც, სიტყვით სასამართლოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან, საქმით კი სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებას, მის მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას უშლიან ხელს“, – ნათქვამია მოსამართლეთა მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.
კონფერენციის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, რომლის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებს სურთ შეხვდნენ როგორც პრეზიდენტს, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მოსამართლეების მიმართ პროტესტს გამოთქვამენ.
ცნობილია, რომ უსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ჩანიშნულ შეხვედრას პრეზიდენტი არ დაესწრება, თუმცა წარმომადგენლებს: კახა კოჟორიძეს და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი კვერენჩხილაძეს გააგზავნის.
„ბევრი რამ ითქვა ჩემთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაცია, რომ მურუსიძემ გაუშვა გირგვლიანის მკვლელები, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს იყო სპეციალურად ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ვამბობდი და ვამბობ, რომ თუ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სისხლის სამართლის სპეციალისტებით და გავიაროთ ეს საკითხი.
მე ვამბობ, რომ უზენაეს სასამართლოს არ შეეძლო მიეღო სხვა გადაწყვეტილება. ასევე წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება და, თუ იქ სადმე წერია, რომ უზენაეს სასამართლოს შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ დავილაპარაკოთ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი გოგინაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს პრეზიდენტი აქეზებს. მისი თქმით, პრეზიდენტს არასდროს უთქვამს, რომ არავინ ჩაერიოს სასამართლო სისტემაში.
„პრეზიდენტიც კი არ მოუწოდებს ხატიაშვილებს და მათ მსგავს ადამიანებს, რომ თავი შეიკავონ შეურაცხყოფისგან. საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს“, – აცხადებს გიორგი გოგინაშვილი.
მოსამართლე გოგინაშვილი, რომელიც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლე იყო, დაწინაურდა და 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა. მოსამართლე ამბობს, რომ თუკი ვინმეს შეკითხვები გააჩნია თეთრაძის საქმეზე, მზად არის უპასუხოს.
„თუ რომელიმე ბრალდებულს სახეზე ჰქონდა რაიმე დაზიანება, რა უნდა ექნა მოსამართლეს? - არაფერი. გამოძიება უნდა დაეწყო ბრალდების მხარეს, მოსამართლე გამოძიებას ვერ დაიწყებდა. გადაწყვეტილება კანონიერი იყო, რომლის მიხედვითაც აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს სერგო თეთრაძეს და მასთან ერთად დაკავებულებს. მე ვიყავი თეთრაძის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლე და არა არსებითი განხილვის. სულ რაღაც, ერთსაათიანი შეხება მქონდა ამ ბრალდებულთან. ჩემი ვიზუალური დაკვირვება ყველა ბრალდებულზე ისე არ ვრცელდება, რომ ყველას თვალებში ვუყურო, მაგრამ თუ რამე დაზიანება აქვს, მოსამართლე ეკითხება ბრალდებულს, ან დაცვის მხარეს დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ არავის არ დაუფიქსირებია და განუცხადებია, რომ რომელიმე ბრალდებულს გამოძიების მხრიდან ჰქონდა რაიმე დაზიანება მიღებული. მსგავსი არაფერი ყოფილა გაცხადებული და როგორ ფიქრობთ, მოსამართლეს რა უნდა გამოეკვლია?“, – აცხადებს გიორგი გოგინაშვილი.
მაშ ასე, სერგო თეთრაძის და სანდრო გირგვლიანის საქმეების მოსამართლეები წინაურდებიან და ხელახლა ინიშნებიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე თვლის, რომ გირგვლიანის საქმე სისტემის დანაშაული იყო და ჯოხი ერთ ადამიანზე არ უნდა გადავტეხოთ. მისივე თქმით, თუკი რომელიმე მოსამართლემ კონვენცია დაარღვია, ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს საქმიანობა.
„ჩვენ ვაპირებთ იმ პრინციპით გაგრძელებას, რომ რაც შეიძლება სრულვყოთ მოსამართლის დანიშვნის სისტემა, ის კრიტერიუმები, რომელიც კანონით არის დადგენილი და მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები. ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა არ შეიძლება და უნდა გავითვალისწინოთ ბევრი სხვა რამ. მოსამართლეების საოცარი ნაკლებობაა დღეს სასამართლოს სისტემაში. იმდენად დატვირთულები არიან, რომ ხარისხზე ზედმეტია საუბარი. არც იმდენი კანდიდატი გვყავს სასამართლოს სისტემის გარეთ, რომ შეგვეძლოს მოსამართლეთა კორპუსი შევცვალოთ“, – აცხადებს ევა გოცირიძე.