ეროვნული არჩევნების თავისებურებები

ეროვნული არჩევნების თავისებურებები

რამდენიმე დღის წინ გარდაბანში მორიგი არჩევნები გაიმართა, რომელზეც მინიმუმ ერთი გაცხარებული ცემა–ტყეპა მაინც გაიმართა. მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნები გველის და „კონცერტს“ ალბათ შემოდგომით უნდა ველოდოთ. კი გვიხარია, ევროპაში კარი გაგვიღეს და მალე უვიზოდ ვიმოგზაურებთო, მაგრამ ადგილზე პრობლემებს მუშტის გარეშე ვერ ვაგვარებთ და მე რომ მკითხოთ, ჩვენი ადგილი, „მოხუც კონტინენტს“ რომ ეძახიან იქ ნამდვილად არ არის.

მესმის რომ თავის დროზე ამჟამად ოპოზიციაში მყოფი პარტია წლების განმავლობაში ოპონენტების წინააღმდეგ მთელ რიგ აკრძალულ ილეთებს ხმარობდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან ისტორიის კუთვნილება ხდება. აუცილებელი არ არის სააკაშვილისა და მისი მიმდევრების მიერ ქვებისა და ხელკეტების გამოყენების „სასახელო“ ტრადიცია არსებობას განაგრძობდეს და ალბათ დროა თუნდაც არჩევნების ჩატარების უფრო ცივილურ გზას დავადგეთ. სამწუხაროდ ფაქტები საწინააღმდეგოს გვიჩვენებს და იგივე გარდაბანში დატრიალებული ალიაქოთი ამისი ნათელი დადასტურებაა.

გამიგრძელდა შესავალი. ორი დღის წინ რამდენიმე წლის წინანდელ ქართულ მასმედიას ჩავუჯექი და „ქართულ არჩევნებზე“ დაფიქსირებული სხვადასხვა „კურიოზული დარღვევები“ ამოვიწერე. ეს „ნაშრომი“ ამჟამად მკითხველის სამსჯავროზე გამომაქვს.

1. ფონიჭალაში სუფრა გაშალეს და საარჩევნო უბანთან მუსიკა ჩართეს.

2. “ქუთაისში ამომრჩევლებს ხმა დაგინებით მიაცემინეს”, - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

3. ქობულეთში შორტის გამო არ შეუშვეს უბანზე ამომრჩეველი – ქობულეთელმა გიორგი კერძევაძემ ხმის მიცემა გრძელი შარვლის ჩაცმის შემდეგ შეძლო.

4. დმანისში, სოფ. მთისძირში მისულ დამკვირვებლებს უბანი დაკეტილი დახვდათ. რამდენიმეხნიანი ბრახუნის შემდეგ კი დამკვირვებლებს შიგნიდან გამოსძახეს: “ვინ გნებავთო”.

5. საარჩევნო უბანზე მისულ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა დარჩა სახლში.

6. ხონში საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო დახვდა.

7. რუსთავის საარჩევნო უბნიდან ძაღლი გაჭირვებით გაიყვანეს გარეთ

8. ხონში, 27–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ვადაზე 10 წუთით ადრე, 07:50 წუთზე დაიწყო. კომისიის თავმჯომარემ განაცხადა - ყველა პროცედურა უკვე შესრულებული გვქონდა და გარეთ ამომრჩეველი იცდიდა, მა რა გვექნაო.

9. ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანიას ხმა ვერ მისცა, რადგანაც არჩევნებში ნატანებში მიიღო მონაწილეობა.

10. ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ გიორგეთში, კენჭისყრის შენობაში „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ წარმომადგენელი ლოცულობს. როგორც ქალბატონმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას სურს რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ“ გაიმარჯოს.

11. ზუგდიდის ოლქის 42–ე უბანზე, დარჩელში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი კონვერტები აღმოაჩინეს. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ გიგიბერია აცხადებს, რომ ამ კონვერტების არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. კონვერტები ამჟამად დალუქულია.

12 . მარნეულის საოლქო კომისიის ნომერ 42–ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა არ იცის ქართული ენა და ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი – კომისიის სხვა წევრი – ასრულებს.

13. ზურაბ ჭიაბერაშვილის ცნობით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ „ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა”.

14. პატრიარქს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავშლებით დახვდნენ და საკმეველი აკმიეს.

15. ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში მამა თევდორემ პარაკლისი გადაიხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატის კარლო ჯამბურიასთვის.

16.”იტალიის ნაკრებში კალაძეზე უკეთესი ფეხბურთელები გვინახავს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

17. მარნეულში ამომრჩეველი (მოხუცი პაპა) რომელიც სიაში არ აღმოჩნდა კომისიის წევრებს ხელკეტით დაერია

18. ჭიათურის 33-ე საარჩევნო უბანზე, კომისიის თავჯდომარეს კომისიის ბეჭედი ტუალეტში ჩაუვარდა. ინციდენტის გამო უბანზე კენჭისყრა შეჩერდა.

19. თბილისის 28–ე საარჩევნო უბანზე კურიოზი დაფიქსირდა. ხანშიშესულმა მამაკაცმა ბილეტენზე სასურველი ნომერი ვერ იპოვა, ის 14 ნომერს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით რეგისტრატორის დახმარებით გაირკვა, რომ მას  41-ის შემოხაზვა უნდოდა.  მამაკაცმა საკუთარი არჩევანი რეგისტრატორის  დახმარების  შემდეგ დააფიქსირა.

20. 26–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა პარტია "მშრომელთა საბჭოს" მაჟორიტარობის კანდიდატს რევაზ გოგიძეს. როგორც აღმოჩნდა, მის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული.

21. რუსთავის 32-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სია საჯაროდ არ იყო გამოკრული, ამავე უბანზე ძაღლი შევიდა და გარეთ ვერ გაჰყავდათ.

22. ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის  59-ე  საარჩევნო უბანზე ფოტოსურათთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა. საარჩევნო უბანზე მისულ მამაკაცს სიაში საკუთარი ფოტოსურათის ნაცვლად, ქალის ფოტო დახვდა. სხვა დანარჩენი პირადი მონაცემები საარჩევნო სიაში არსებულ მონაცემებს სრულად ემთხვეოდა. საარჩევნო წესების თანახმად, მან ხმის მიცემა მაინც შეძლო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს საარჩევნო კომისია განიხილავს.

23. "მარნეულში ერთ-ერთ უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთებისას ხელი გაიჭრა და ისე გამწარდა "ერთი თქვენიც და არჩევნებისაცო...", სხვა ბეჭდებს ნაკვეთურები აღარ გაუკეთა და ისე განაგრძო პროცესი. წესით, უნდა გაუქმდეს ამ უბნის შედეგები."

24. "დედოფლისწყაროში გადასატანი ყუთი, წესისამებრ, ორმა კომისიის წევრმა წაიღო, თუმცა 1 საათში უკან მობრუნდნენ ბიულეტენები დაგვრჩაო."

25. "ე.წ. მატროსოვის ციხეში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა"

26. "ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს შენობა, რომელიც წლების განმავლობაში წითელი ფერის იყო, დღეს თეთრად გადაღებეს."

27. "ვაკეში დამკვირვებელი დაიჭირეს ერთ ხელზე 4 თითი ჰქონდა, მეორეზე ერთი და აგიტაციაში ჩაუთვალეს, უბრალოდ ვერ ადგენენ ვისისტია"

28. "კომენტატორი სანდრო ცნობილაძე არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს... მისი და ცესკოს ცხელი ხაზის დიალოგი:

სანდრო – გამარჯობათ, თუ არ შეწუხდებით იქნებ ამიხსნათ, რატომ ვარ მოხსნილი რეგისტრაციიდან?

ოპერატორი– (ხმაზე მაქსიმუმ 30 წლის) მე რა ვიცი, შვილო!!! რატომ ხარ მოხსნილი, ალბათ დააშავე რამე!!! იუსტიციის სახლმა მოგხსნა და იქ დარეკე, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, არაფერი შეიცვლება."

29. "დმანისის 43-ე უბანზე ჩაყარეს ბიულეტენები. ფაქტი გადაღებულია."

30. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, 21-ე საარჩევნო უბანზე პირველი საარჩევნო კურიოზი მოხდა.

ამომრჩეველმა, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ვერ ამოიკითხა, კომისიის წევრებს აღშფოთებულმა შეცდომის გამოსწორება მოსთხოვა.

როცა ამომრჩეველს აუხსნეს, თუ რატომ არ იყო სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის, შემდეგ დაინტერესდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ვინ იყო ,,მიშას კაცი“ და ამის შემდეგ საარჩევნო კაბინაში შევიდა.