უშიშროების საბჭოს წევრებმა შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი განსაზღვრეს

უშიშროების საბჭოს წევრებმა შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი განსაზღვრეს

ცვლილებები საქართველოს საერთაშორისო მისიების მუშაობაში, ნატო-ს ვარშავის სამიტი და სამიტისთვის სინქრონული მოქმედებების მნიშვნელობა - ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას, საბჭოს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს და ეს არის ნატო-ს სამიტისთვის მზადება და სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელი სამუშაო ნატო-ს ვარშავის სამიტამდე.

„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე ნატო-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, განხილულ იქნა საკითხი ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თაობაზე. საუბარი იყო ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნატო-სთან მიმართებით, შემდგომი ნაბიჯების და კოორდინაციის პროცესი განისაზღვრა.

„იცით, რომ უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თათბირობენ. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საქართველო-ნატო-ს პროცესი. ამ თვალსაზრისით, უმნიშნელოვანესია, რომ მოხდეს კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ დღევანდელ უშიშროების საბჭოზე ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ. პრეზიდენტის განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები პანკისში ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ.

„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას პანკისში, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკური ხელმძღვანელებიც მუდმივი ყურადღებით ვართ განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს ყურადღება არც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არც სამართალდამცავების მხრიდან არასდროს არ მოდუნდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, რომლის განცხადებით, პანკისში მშვიდი ვითარებაა და არავითარი დაჯგუფებები იქ მომზადებას არ გადიან. რაც შეეხება „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიის ბატალიონის მიერ (რომელსაც ახმეტ ჩატაევი ხემძღვანელობს), რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს დაგეგმვის საკითხს, გომელაური განმარტავს, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ქართული მხარე მას პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

„პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ იქ არაფერი ხდება, არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. ჩატაევს რაც შეეხება, ის გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს მიიღო იმ ადამიანმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მასზე პასუხს ვერ გავცემთ. ჩატაევი რას ამზადებს და გეგმავს, ამაზე, თუ ჩვენ რაიმე ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით. პანკისში კი არანაირი პრობლემა არ არსებობს და დღესდღეობით როგორც სხვა ხეობებში, ასევე გრძელდება იქაც ცხოვრება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.