პარლამენტის წევრი ზურაბ ზვიადაური და ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდებიან, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, ზურგს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე უმაგრებს.
დავით ქევხიშვილი გაიზიარებს თუ არა სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ბედს და მოუწევს თუ არა დაკავებული თანამდებობის დატოვება, ამას ძიუდოისტები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, მაგრამ სპორტსმენები ფედერაციაში შექმნილ მძიმე პირობებზე საუბრობენ, რეაგირებას სპორტის სამინისტროს სთხოვენ და ინტერესდებიან, მაშინ, როდესაც ფედერაციას 4 მილიონ 200 ათასს ლარიანი დაფინანსება აქვს გამოყოფილი, ძიუდოისტებს დარბაზში ვარჯიში ქურთუკებით, ქუდებითა და წინდებით რატომ უწევთ?
სანამ, სპორტსმენების პრობლემებს სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა გაეცნობა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც სხდომას ჩანიშვნავს, მანამდე ძიუდოისტების პრობლემები ზურაბ ზვიადაურმა გაასაჯაროვა, რომლის რეკომენდაციითაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე დავით ქევხიშვილი თავის დროზე დაინიშნა.
for.ge-სთან საუბარში ზვიადაური ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციაში 90-იანი წლები ბრუნდება, რადგან სპორტსმენებს ვარჯიში გაყინულ დარბაზებში უწევთ. დეპუტატის ცნობით, ქევხიშვილი როგორც პოლიტიკაში, ასევე ძიუდოს ფედერაციაში მისი რეკომენდაციის საფუძველზე მოხვდა, თუმცა, ახლა იმის გამო უპირისპირდება, რომ სპორტსმენებს შესაბამისს პირობებს არ უქმნიან.
„ნაკრების წამყვან სპორტსმენებს შევხვდი, მათი გულისტკივილი მოვისმინე და დაუშვებელია, მსგავსი მიდგომა იყოს. თურმე, პრობლემები მეჩვენება, ძიუდოში შექმნილი ვითარება არ მაინტერესებს და ყველაფერი კარგად მიდის. დავით ქევხიშვილი ჩემი მოყვანილია, რადგან „ქართულ ოცნებას“ მისი კანდიდატურა მე შევთავაზე. სამწუხაროდ, ამ ადამიანმა ვერ გაამართლა, რაზეც ჩემი რეაქცია მაქვს. ძიუდოში 90-იანი წლები დაბრუნდა, რადგან გათბობა სწორედ მაშინ არ იყო და ვარჯიში გაყინულ დარბაზში გვიწევდა. როგორ შეიძლება, მსგავსი რაღაც 21 საუკუნეში ხდებოდეს? როგორ შეიძლება, ამ ბიჭებს რაიმე მოაკლდეს?“, - აცხადებს ზვიადაური.
კანონმდებელი ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს, ასევე მწვრთნელებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არის.
„სპორტსმენებს დარბაზში ცივათ, გათბობას რატომ არ ურთავენ? ქევხიშვილს არ აინტერესებს, ვარჯიშების საქმეები როგორ მიდის და ბიჭები რა შედეგებს აკეთებენ. მაგათი გულისტკივილი წამოვიღე და ვამბობ კიდეც. ღიად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ როგორი დამოკიდებულებაა. როცა დავით ქევხიშვილი სპორტსმენი იყო, მაშინ მას სპორტში არსებული მდგომარეობა არ მოსწონდა და როცა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, ახლა მოსწონს და ყველაფერი კარგად არის? - ალბათ, კაბინეტიდან ჩანს, რომ ყველაფერი კარგადაა. ვერ ხედავს, სიცივის გამო, ორი მწვრთნელი გაცივდა და საავადმყოფოში წევს?“, - ინტერესდება ზვიადაური.
დეპუტატი ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია.
„ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ. სპორსტმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. თითოეული დღე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია“, - დასძენს ზვიადაური, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თავად ძიუდოისტებთან გადავამოწმეთ.
for.ge-სთან საუბარში ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ სპორტსმენებს ვარჯიში ცივ დარბაზში უწევთ, რის გამოც, რამდენიმე ძიუდოისტი ვერ ვარჯიშობს. მისი თქმით, სპორტსმენები ელემენტარული პირობების შექმნას ითხოვენ, სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის მიერ გამოჩენილი ყურადღება კი ნულს უტოლდება.
„დარბაზის გათბობის პრობლემა ერთი დღის წინ არ დაწყებულა, ორი კვირის მანძილზე ანალოგიური პრობლემა იყო. ყოველ დღე იგივე პრობლემაზე ვსაუბრობთ, რეაგირება კი, არ ხდება. სიცივის გამო წინდებით, ქურთუკებითა და ქუდებით ვვარჯიშობდით. ფედერაციას ვეუბნებით, ეს პრობლემა მოგვიგვარონ, მათი მხრიდან რეაგირება კი ნულია. მოდიან, ვითომ რაღაცას აკეთებენ და სინამდვილეში არაფერს აკეთებენ. მათი დამოკიდებულებაა, გინდათ? - გინდათ, თუ არადა, რაც გინდათ ის ქენითო. იქნებ, ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს“, - ამბობს ლიპარტელიანი.
ლიპარტელიანი ზვიადაურის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ადასტურებს, რომ სპორტსმენები შეკრებიდან მოხსნეს და მიზეზად ფინანსები დასახელდა.
„სიცივის გარდა პრობლემაა ის, რომ ბიჭები შეკრებაზე არ დატოვეს, რომლებსაც ჩვენთან ერთად უნდა ევარჯიშათ და რომლებიც მომზადებაში გვეხმარებიან. საუბარი ოთხ დღეზე იყო, მაგრამ თქვეს, ფინანსები არ არისო. ფედერაციას ამ პირობების მოგვარება ევალება, რომელმაც ინფორმაცია სპორტის სამინისტროს უნდა მიაწოდოს. ქვეყანას ავალდებულებთო და ვითომ, მათ ვაწუხებთ. ბიჭებს ისეთი განწყობა აქვთ, საშუალება რომ იყოს, დღესვე წავიდოდით და სხვა ქვეყნის სახელით ვიჭიდავებდით. უბრალოდ გულშემატკივრებს და იმ ხალხის გვრცხვენია, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობს. ჩვენი ზემდგომი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქედან წავიდეთ“, - აცხადებს ლიპარტელიანი.
ნაკრების კაპიტანი სხვა პრობლემაზეც აქცენტირებს და ამბობს, რომ ბაკურიანში, სპორტსმენებს ვარჯიში გაღუნული შტანგებით უწევთ.
„ქევხიშვილი კაბინეტში ზის, იქედან არ გამოდის და როცა ჩვენთან დარბაზში შემოიხედავს, უკან გადის. ოთხ-ხუთ კაცს სიცხე აქვს, დარბაზში გაცივდნენ და ვეღარ ვარჯიშობენ. ჩვენთან რა შეხვედრა უნდა? - არ გველაპარაკება და როცა გველეპარაკება, გვუებნება, რაც გინდათ, ის ქენითო. პირადული ინტერესები იყო, დეტალებზე საუბარი არ მინდა, რადგან ეს ჩვენი სპორტის სირცხვილია და არ მინდა, ოჯახის რაიმე საკითხი გარეთ გავიდეს. ქევხიშვილმა თქვა, ყველაფერი იდეალურად არისო და ალბათ, მათთვის არის. აბა, მოვიდნენ და ჩვენ გვკითხონ! ადამ ოქრუაშვილი ერთი კვირაა ტატამზე ვერ შემოდის და ვერ ვარჯიშობს, რადგან ძალიან სცივა. ეს ადამიანი კი ისეთი კანდიდატია, რომელიც მედალს მოიპოვებს“, - დასძენს ლიპარტელიანი, რომლის მიერ გაჟღერებულ პრობლემებზე აპელირებს ევროპის ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილიც.
როგორც for.ge-ს ოქრუაშვილმა განუცხადა, ფედერაციის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სპორტსმენებმა ქვეყანა უფრო მეტად ასახელონ.
მისი ცნობით, ძიუდოისტებს შესაბამისი პირობები არ აქვთ იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის მოემზადონ.
„ამ თემებზე საუბარი არ გვსიამოვნებს, რადგან ეს სამინისტროსა და ფედერაციის განსახილველი საკითხია, მაგრამ ვინაიდან, ეს თემა არ გვარდება, ჩვენი ვალდებულებაა, ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ. ჩვენი მოტივაციაა, რომ საქართველოს დროშა აღიმართოს და ქვეყნის ჰიმნი გაისმას. ეს ჩვენი ოცნებაა და ამ მოტივაციით ვცხოვრობთ. პირობები არ გვაქვს იმისთვის, რომ ოლიმპიადისთვის მოვემზადოთ. წასვლა არსად არ გვინდა, მაგრამ ისეთ პირობებს გვიქმნიან, რომ აქეთ ვავალდებულებთ - ჭიდაობა გვინდა, მოგვხედე-თქო. ჩვენი შენახვა თუ პრობლემაა, ტრენაჟორის ყიდვა და დარბაზის გათბობა თუ არ შეიძლება, გვითხრან და ჩვენს გზას დავადგებით. ჩვენი სპორტის სახეობა ნომერ პირველია და მას შედეგებით ვერც ერთი ვერ შეედრება, შეიძლება, ფედერაციას დიდი დაფინანსება აქვს, მაგრამ ჩვენ ასეთ ვითარებაში ვართ“, - აღნიშნავს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ოლიმპიადა კარზეა მომდგარი, სპორტსმენებს კი საუბარი პრიმიტიულ საკითხებზე უწევთ.
„სპორტსმენებს შტანგა და დარბაზში რომ სჭირდებათ და რომ არ უნდა გაიყინონ, ეს ახალია? „რენჯროვერში“ გადაჯდომას, ხომ არ ვითხოვთ? გვეუბნებიან, ადრე უფრო ცუდი პირობები იყო, ამაზე ცივ დარბაზში არ გივარჯიშიათ, რა მოხდაო?!“, - დასძენს ოქრუაშვილი.
ზემოთ აღნიშნული სპორტსმენების განწყობას იზიარებს მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის სამი გზის ჩემპიონი ავთანდილი ჭრიკიშვილი. for.ge-სთან საუბარში ჭრიკიშვილი ამბობს, რომ პარტნიორები არ ჰყავთ, რომ იჭიდაონ - ისე გამოდის თითქოს, სპორტსმენები ისეთ რაღაცას ითხოვენ, რაც არ ეკუთვნით.
„გვინდა, რომ ოლიმპიადაზე ღირსეულად გამოვიდეთ. ოლიმპიური წელია და ამაზე მეტი ყურადღება უნდა გვქონდეს. სახვეწარი და სანერვიულო არ უნდა გვქონდეს. იმაზე ვინერვიულო დარბაზი როდის გათბება და ვიღაცა ვარჯიშზე ვერ მოვა, რადგან ფული და საშუალება არ აქვს? ამაზე ფედერაცია და სპორტის სამინისტრო უნდა ზრუნავდნენ. 4 მლნ ლარიანი დაფინანსებაა და სად მიდის თანხები, ჩვენც გვაინტერესებს“, - აცხადებს ჭრიკიშვილი.
ძიუდოს ფედერაციაში არსებულ სიტუაციას დეტალურად არ იცნობს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, რომელიც სპეციალური სხდომის მოწვევას გეგმავს, სადაც როგორც ძიუდოს ფედერაციას, ასევე სპორტის სამინისტროს მოიწვევს. როგორც for.ge-ს ხაბელოვმა განუცხადა, სპორტის სამინისტრომ ძიუდოს ფედერაცია წარმატებულად შეაფასა და ფედერაცია მუშაობს, მაგრამ შიგნით რა ხდება, ეს უფრო უკეთ ზვიადურმა იცის, ვიდრე მან.
„ზვიადაური მწვრთნელადაც მუშაობდა, დიდი სპორტსმენიც იყო, მას ამ ახალგაზრდებთან ურთიერთობა აქვს და მისი გულისტკივილიც სწორედ ამ ადამიანების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარეობდა. ეს განცხადება ჩემთვის მოულოდნელი და დამაფიქრებელი იყო, რადგან მიმდინარე წელს ოლიმპიური თამაშებია, მნიშვნელოვანი წელია და ეს ის ადამიანები არიან, რომლებისგანაც მედლებს ველოდებით. ჩვენი რეაგირება იქნება ის, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებსა და სამინისტროს მოვიწვევთ, რათა ყველაფერს პასუხები გაეცეს“, - დასძენს ხაბელოვი.
კანონმდებელი ამბობს, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას უკეთ იცნობენ ხუბულური, ხაბარელი და ზვიადაური, რადგან ფედერაცია დღემდე მათ მოიყვანეს.
„ამომწურავად გავიგებთ, რა ხდება. ძიუდოს ფედერაციისთვის 4 მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი და მას ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს. გვაინტერესებს, ფინანსების ხარჯვა რამდენად სწორად მიდის“, - აცხადებს ხაბელოვი.
რაც შეეხება ძიუდოისტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე დავით ქევხიშვილის პოზიციას, ზემოთ აღნიშნული პირების მსგავსად, for.ge ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსაც ესაუბრა:
ბატონო დავით, რატომ არ ურთავთ სპორტსმენებს გათბობას?
- გათბობა ყოველთვის ჩართულია, მაგრამ ვინაიდან, ბოლო დღეების განმავლობაში ყინვებია, შეიძლება, გათბობა ისეთ ტემპერატურაზე ვერ ადის, როგორც აქამდე იყო. დარბაზი საკმარისად თბება და დღესაც ბავშვები ვარჯიშობენ. მაგათ სხვა რაღაცის გამო თუ სცივათ, არ ვიცი. ვარჯიშის დროს არავის არ სცივა. გარდა ამისა, მწვრთნელებისთვის არაერთხელ იქნა შეთავაზებული მარჯანიშვილზე არსებული დარბაზი, სადაც კიდევ უფრო კარგი პირობებია და მათ შეუძლიათ, ეს დარბაზი დილიდან საღამომდე გამოიყენონ.
ძიუდოისტები ამბობენ, რომ სპორტსმენები ოთხი დღე შეკრებიდან მოხსენით, რადგან თანხები არ გქონდათ. ეს მართალია?
- ყველა პირველი ნომერი შეკრებაზეა. ვინც თბილისში ცხოვრობს, შეკრება დამთავრდა და მწვრთნელებისგან მოთხოვნა იყო, რომ 15 კაცი შეკრებაზე კიდევ დარჩენილიყო. ვინაიდან შეკრება თბილისშია, ისინი დავიბარეთ და ვუთხარით, ყველანაირად უზრუნველვყოფდით, ხოლო ეს ოთხი დღე ის იყო, რომლის ფულიც უნდა დაგვეზოგა და ეს ისევ მათ მოხმარდებოდა. მათ შევთავაზე, თუ გინდათ შეკრებაზე დარჩით, თუ არადა, ეს ფული საკლუბო ჩემპიონატს მოაკლდებოდა. 100 კმ არ უნდა იარონ. მათ ასე აირჩიეს და ასე გავაკეთეთ. პირველი ნომრები ერთ კვირაზე მეტი სახლში არ ყოფილან და ისინი მუდმივად შეკრებაზე არიან.
სპორსტემენები აცხადებენ, რომ მათ ვარჯიში გაღუნულ შტანგებზე უწევთ. რატომ?
- ფედერაციებში ყველაზე თანამედროვე ტიპის და სატრენაჟორო დარბაზი გვაქვს. ამას გარდა, როცა ისინი ბაკურიანში შეკრებაზე მიდიან, შტანგების ექვსი-შვიდი კომპლექტია და როგორც კი რაიმე უფუჭდებათ, მაშინვე ვყიდულობთ.
ვინაიდან, ძიუდოისტები პრობლემებზე საუბრობენ, მათთან შეხვედრა თუ გქონდათ?
- თქვენგან ყველა ბრალდება პირველად მესმის, გარდა სიცივისა. რამდენიმეს ავუხსენი, ცოტა ცივა და რა ვქნათ-თქო. მათ ვუთხარი, რომ თუკი ეს სიცივე ხელს უშლიდათ, ალტერნატიულ ადგილას წავიყვანდით.
თუმცა, ნაკრების წევრები ამბობენ, რომ თქვენ თქვენს კაბინეტში ზიხართ და მათ პრობლემებზე არ რეაგირებთ. კომუნიკაციის პრობლემა არ გაქვთ?
- ყოველ დღე დარბაზში ვარ და ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს.
თქვენ ფედერაციის პრეზიდენტად ზვიადაურის რეკომენდაციით დაინიშნეთ, ეს ადამიანი კი დღეს, ღიად გიპირისპირდებათ. რატომ - თქვენს მოვალეობას ვერ ასრულებთ, თუ მას თქვენთან პიროვნული ინტერესები აქვს?
- ფედერაციაში ზვიადაურის რეკომენდაციით არ დავნიშნულვარ. რაც შეეხება იმას, ჩემს ვალდებულებას ვასრულებ თუ არა, ეს შეგიძლიათ სამინისტროსა და მწვრთნელებს ჰკითხოთ.
მაშინ, როდესაც თქვენი ნაკრების წევრები თქვენი საქმიანობით უკმაყოფილოები არიან, თქვენს წარმატებას რა განაპირობებს?
- ჩემს წარმატებას ის განაპირობებს, რომ მათ ყველანაირ პირობას ვუქმნით და რაზეც თქვენ მესაუბრებით, სრული აბსურდია. ეს ყველაფერი ვიღაცისთვის სასურველია.
დაძაბულობა ვისთვის არის სასურველი?
- თუნდაც ზვიადაურისთვის.
თუკი ფედერაციაში პრობლემები არ არის, ზვიადაურს თქვენთან დაპირისპირება რატომ უნდა უნდოდეს?
- მას პარლამენტში სამი წელი არაფერი გაუკეთებია და ეტყობა, სანამ თავის საპარლამენტო კარიერას დაამთავრებს, უნდოდა, რაღაც ეთქვა.
პარლამენტში ზვიადაურს რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა?
- მას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, როცა ის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეა.
თქვენ არ იცით, რომ ზვიადაური სპორტის კომიტეტის წევრია და არა თავმჯდომარე?
- უკაცრავად, კი ბატონო, წევრია.
თუკი თქვენ თვლით, რომ მართალი ხართ, ის რატომ დაგიპირისპირდათ?
- მას ჰკითხეთ, რატომ დამიპირისპირდა. დროს იმაზე არ ვხარჯავ, ისეთი ადამიანების ქმედებებზე ვიფიქრო, როგორი ინტრიგანიც ზვიადაურია.
ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ძიუდოს ფედერაციის პრობლემებზე სხდომა გაიმართოს. სხდომაზე გამოცხადდებით?
- სპორტის კომიტეტს დიდი ხანია ვთხოვ სხდომაზე მისვლას. უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, რაც ისინი კომიტეტის ხელმძღვანელები გახდნენ, საშუალება ერთხელ არ მომეცა ჩემი აზრი მეთქვა. მათ ეს ათასჯერ ვთხოვე და თუკი მათი კარიერის მიწურულს, მოსვლას შევძლებ და ჩემს სათქმელს ვიტყვი, მოხარული ვიქნები.