„რუსული პროპაგანდის განეიტრალება თუ ვერ ვახერხებთ, მაშინ ჩვენ ვართ სუსტები და არა რუსეთი ძლიერი“

„რუსული პროპაგანდის განეიტრალება თუ ვერ ვახერხებთ, მაშინ ჩვენ ვართ სუსტები და არა რუსეთი ძლიერი“

ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩიონო გახდა რუსული პროპაგნადის გაზრდა საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქიდან გამომდინარე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა არის საფრთხე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვისაც. მისი თქმით, ყველა ის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ უნდა შეეწინააღმდეგოს ამ პროპაგნადას, ნამდვილად უნდა შეიმუშავოს სპეციალური პოლიტიკა რუსული პროპაგანდის წინააღემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოს შემუშავებული აქვს სკურპულოზურად გაწერილი კომუნიკაციის სტრატეგია, ხდება ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, ასევე ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლობების მეშვეობით, მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.

„ვფიქრობ, იმ საფრთხის არსებობის გათვალისწინებით, რაც არის, ალბათ, სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს და დაინტერესდეს ამ თვალსაზრისით. ეს შეხვედრა ემსახურება სწორედ ამას“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ის შეშფოთებულია ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო. ქართველი ექსპერტების შეფასებით საქართველოში აქტიურად შემოდის უკონტროლო რუსული ფული, რომლითაც ფინანსდება როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე მედია. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საეჭვო დაფინანსებისა და იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც ქვეყანშია სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი მედია თუ პოლიტიკური ძალა, აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მიუღებელია. ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსული პროპაგანდის გააქტიურება საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში აშკარად შეინიშნება რუსული პროპაგანდის ზრდა, თუმცა, მისივე თქმით, ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც არც პროპაგანდის და არც კონტრპროპაგანდის უნარი აქვს. ასეთი სახელმწიფო კი, ცისკარიშვილის განცხადებით, დიდხანს ვერ იდგება საკუთარ ფეხზე. პოლიტოლოგი ამბობს, რომ საქართველოში მიზანმიმართულად მუშაობს რუსული პროპაგანდა და ყველა შესაძლებლობას იყენებს ანტიდასავლური განწყობების გასავრცელებლად.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რას წარმოადგენს დღევანდელი მოსკოვი. ამიტომ, ვიდრე ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანაში არანაირი პრორუსული პროპაგანდა არ არსებობს, გაზეთები მაინც წაიკითხონ, რომელიც რასაკვირველია, მომართული არიან რუბლით და არა დოლარით ან ლარით“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას განსხვავებულად უყურებს ექსპერტი გია ხუხაშვილი და ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდის შესაძლებლობები გადაჭარბებულია. მისი თქმით, ისტერიული ტონი, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში შეიმჩნევა, საკუთარი უსუსურობის აღიარებაა და უადგილოც, როდესაც ზედმეტი ყურადღება მახვილდება.

„რუსეთს იმდენი ობიექტური სისუსტე აქვს, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანი რუსული პროპაგანდის ტყვეობაში აღმოჩნდეს. პროპაგანდა სახიფათოა მაშინ, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული აზრი. საქართველოში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ცენზურა არ მოქმდებს და პრობლემა რაშია, რას უკავშირდება ეს პანიკა და მუდმივად საფრთხეების შექმნა. ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება საკუთარი უსუსურობის აღიარებას ნიშნავდეს და მეტს არაფერს.

ილაპარაკოს საქართველოში თავისუფალმა პრესამ იმ პრობლემებზე, რომელიც რუსეთშია, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებებისა თუ ეკონომიკური კუთხით, რაც სავსებით საკმარისი იქნება რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად. თუ ამას ვერ ვახერხებთ, მაშინ ჩვენ ვართ სუსტები და არა რუსეთი ძლიერი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.