ცნობილი ფრანგი მსახიობი, უბერებელი და მუდამ ჩინებულ ფორმაში მყოფი ალენ დელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონის შესახებ მხატვრულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
მუსიე ალენი სკანდალურად ცნობილი პოლიტიკოსის სახეს განასახიერებს.
ალენ დელონი დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც დათანხმდა. ის ჰონორარის სახით ორ მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სურათში აგრეთვე ქალბატონი პატრიცია ადარიო მიიღებს მონაწილეობას, რომელიც იტალიაში ყველაზე ძვირადღირებულ ე. წ. „ესკორტ-გოგონას“ სახელით სარგებლობს.
პატრიცია ადარიო საკუთარ სამშობლოში განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ადგილობრივი პრესის ფურცლებზე მისი აღსარებები გამოჩნდა, სადაც სილვიო ბერლუსკონისთან რამდენიმე წლის წინ გრაციოლის სასახლეში, რომში, მთავრობის რეზიდენციაში შეხვედრებზე საუბრობს.
პატრიცია ამ ახალ კინოსურათში საკუთარ თავს ითამაშებს..
ამ სურათს საფუძვლად უდევს რეალური მოვლენები, რომლებიც ზემოთნახსენებმა გოგონამ თავის მემუარების წიგნში „თქვენდა სასიამოვნოდ, პრემიერო“-ში აღწერა.
ფილმის რეჟისორი იქნება დარიო ჩიონი, რომელმაც სახელი სარეკლამო რგოლების გადაღებით გაითქვა. აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობა რაფაელო სარაგომ იკისრა, რომელმაც რამდენიმე ფილმი ნანი მორეტისთან ერთად დადგა. ამ მსახიობსა და რეჟისორს სილვიო ბერლუსკონის როლი საკუთარ სატირულ კომედიაში „კაიმანი“, უკვე აქვს შესრულებული.