არსებობდა თუ არა ოდესმე დამოუკიდებელი ქართული დიპლომატია და ნიშნავს თუ არა დღევანდელ მსოფლიოში დიპლომატია რაიმეს, როცა ჩვენისთანა პატარა ქვეყნების ბედი წინასწარ განსაზღვრულია?
ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: საქართველოს დიპლომატიური სამსახური ისტორიულად არასდროს ჰქონია. ისტორიკოსები საფრანგეთში სულხან-საბას მოგზაურობას თვლიან დიპლომატიურ შედეგად, მაგრამ ეს იყო სრული იდიოტიზმი. არავინ არ იცოდა, რისთვის გაუშვეს 70 წლის ბერიკაცი უცხოეთში მგზავრობაში 6 თვე იქით და 6 თვე აქეთ. სულხან-საბა საფრანგეთს სთხოვდა თურქეთისა და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯარის მიცემას, ამ დროს ესეც კი არ იცოდნენ თბილისში, რომ საფრანგეთი, ლუი მე-14 მაშინ თურქეთის მოკავშირე იყო. იქიდან მოყოლებული, დიპლომატიური სამსახური არასოდეს გვქონია. ქართული დიპლომატია შედარებით ოდნავ წელში გაიმართა ირაკლი მენაღარაშვილისა და ალექსანდრე ჩიკვაიძის დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება საერთოდ არ იყო. საფრანგეთში საქართველოს ელჩს ტელეფონის ფულიც არ ჰქონდა, შედიოდა სხვა ოფისებში, დაწესებულებებში, ნაცნობობით არეკინებდნენ და მასხრად იგდებდა მთელი საფრანგეთი, ელჩს ტელეფონის ფულიც არ აქვსო. მე ვიცი ელჩები, რომლებიც მიყვებოდნენ, რომ ნაქირავები ჰქონდათ ბინა, იმ ბინის პირველ სართულზე მესაკუთრე ცხოვროვდა, თვითონ-მეორეზე და დილით სამსახურში რომ მიდიოდნენ, უყურებდნენ, ჯერ ბინის მესაკუთრე გასულიყო შენობიდან და მერე ესენი გავიდოდნენ, რადგან ვალი ჰქონდათ და ბინის ქირას ვერ იხდიდნენ. თუმცა ყველაფერი, რაც დამართეს ქართულ მეცნიერებასა და განათლებას კახა ლომაიამ და შემდეგ ამ ბუღალტერმა ქალბატონმა, უარესი დამართა ქართველმა-ფრანგმა ქალბატონმა -სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიაში გაუგონარი რამ გააკეთა - ყველა გაყარა და უცებ ქუჩიდან დაიწყო ხალხის მიღება.
ორი სფერო არსებობს მსოფლიოში, სუვერენულმა სახელმწიფომ ამ ორი სფეროს სპეციალისტების აღზრდა არ შეიძლება მიანდოს უცხოეთს, ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოსაც კი - ეს არის დიპლომატია და უშიშროება. საამისო კადრები თვითონ უნდა გაზარდო. ჩიკვაიძის მინისტრობის უკანასკნელ წლებში საქართველოს დიპლომატიური აკადემიიდან (სადაც მე ვმსახურობ) 25 კურსდამთავრებული მოღვაწეობდა, ოთხი ელჩი იყო საქართველოში გაზრდილი, მაგრამ ყველანი ერთ დღეს გაყარა სალომე ზურაბიშვილმა. ალექსანდრე ჩიკვაიძე, ეს ბრწყინვალე დიპლომატი, შვეიცარიაში ელჩად იყო, როცა დაურეკეს, თქვენ მოხსნილი ხართო. ამის მერე იწყება დილეტანტიზმის საშინელი ერა სააკაშვილის დროს, განსაკუთრებით, დილეტანტიზმის ზეობა იყო ფანჯიკიძის გამინისტრება. როგორ გახდა ფანჯიკიძე დიპლომატი, აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. დღესაც როგორ ინიშნებიან ელჩები, კაციშვილმა არ იცის.
ქართული დიპლომატიური კორპუსის შექმნის პროცესიდან ბოლო წუთამდე მის მაჯისცემაზე მედო ხელი და ისეთი გვარებია, რომლებიც არც გამიგია. პირველად გავიგე და ვერც დავიმახსოვრე ჩვენი საგარეო საქმეთა დღევანდელი მინისტრის გვარი.
„საქართველოს დიპლომატიური სამსახური დანგრეული და განადგურებულია, რის გამოც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე აღარ ფიგურირებს“, - მიიჩნევს ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი სალომე სამადაშვილი და, მისი პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე, ეს პოზიცია გასაგებია, მაგრამ მის დროს რა ხდებოდა?
- სამადაშვილი სწორია, დიპლომატიური სამსახური განადგურებულია. თუმცა უკან მიიხედოს, მის დროს სულ ტალეირანები და ბისმარკები ინიშნებოდნენ? ან თვითონ როცა დაინიშნა ელჩად, რა პროცედურა გაიარა და რა ბიოგრაფიით წავიდა უცხოეთში ელჩად? ახლა საერთოდ საშინელებაა, ამიტომაცაა ქართული დიპლომატიის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის დაბალი. ღარიბი საელჩოსგან ვერაფერს მოვითხოვდით, იმავე მენაღარიშვილის, ჩიკვაიძის დროს ელჩები მიღებაზე ტაქსით მიდიოდნენ. ასეთ ელჩს პატივს არავინ სცემს. ახლა კი ყველაფერი აქვთ, ცოდნის გარდა. სალომე სამადაშვილის დროს არ იყო, რომ ევროპის ციხეები ჩვენი დიპლომატებით გაივსო? რესტორნებში მიდიოდნენ, თვრებოდნენ და მერე მილიაციაში ხვდებოდნენ ჩვენი დიპლომატები.
იმ პერიოდში ჩვენმა მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო, თუ არ ვცდები, საბერძნეთის აეროპორტის საპირფარეშოში ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენმა დიპლომატებმა არ მიაქციეს ყურადღება.
- აბსოლუტურად არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან არავის აინტერესებდა. ახლა ირკვევა, რომ თურქეთში ჩვენმა გენერალურმა კონსულმა ასი ათას ლარად ღირებული მანქანა დაამტვრია და ახალი კონსული რომ ჩავიდა და საბალანსო-საბუღალტრო ანგარიში მოითხოვა, ნახა, რომ ეს ვალად აწერია საკონსულოს. არავინ იცის, ყოფილმა კონსულმა გადაიხადა თუ არა ეს ფული, არადა, ის დღეს პარლამენტში ლამის მეორე თუ მესამე კაცია.
ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების - ამ წინსვლის მიუხედავად, მაინც თვლით, რომ ეს მიღწევები დიდად არ ყოფილა ჩვენს დიპლომატებზე დამოკიდებული და ეს გლობალური პოლიტიკის ნაწილია?
- ჩვენ რომ პაკეტში არ მიგვეღო ეს ვიზალიბერალიზაცია უკრაინასთან და სხვებთან ერთად, ჩვენ გვახსენებენ ცალკე?! მოლდოვა-უკრაინა-საქართველო - ყოველთვის ერთად გვახსენებენ, რადგან აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამამ სრული კრახი განიცადა, მილიარდები შეჭმულია ამაზე ევროჩინოვნიკების მიერ და რაღაც შედეგი ხომ უნდა დაედოთ?! მაშინ დადგებოდა ევროჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი. მოგვცეს ეს ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ გეკითხებით, რა ფასი აქვს დღეს ვიზალიბერალიზაციას, როცა ყოველდღე ევროპაში 4-6 ათასი მიგრანტი შედის თავისუფლად? გერმანიაში ერთ წელიწადში მილიონ 250 ათასი მიგრანტი მიიღეს. გუშინ გამოვიდა საფრანგეთის პრემიერი, მანუელ ვალსი და მორიდებით, მაგრამ მაინც გააკრიტიკა მერკელი, საზღვრები ღია იყო და ახლა უნდა ჩავკეტოო. თუ ყველასთვის ღიაა ევროპის კარი, მაშინ რაღა ფასი აქვს ვიზალიბერალიზაციას? დღეს მილიონობით ტერორისტი და პრიმიტიული ადამიანი შედის ევროპაში, რომელიც გუშინ გამოვიდა გამოქვაბულიდან. გაიხსენეთ, რაც კელნში მოხდა, რაც სტოკჰოლმში მოხდა, რაც ანტვერპენში მოხდა, ასეთი ხალხისთვის გახსნილია ევროპა, ასეთი ვიზალიბერალიზაცია ცინიზმია.
დავუბრუნდეთ ისტორიას. არის ასეთი მოსაზრება, რომ დამოუკიდებელი ქართული დიპლომატია ფარნავაზის პერიოდიდან იწყება, როცა ფარნავაზს და მის მემკვიდრეებს ორიენტაცია აღებული ჰქონდათ სელევკიდებთან კავშირზე.
- ზღაპრებია. რაც დოკუმენტები შემოგვრჩა, ბიზანტიაში იმპერატორ კომნენების დროს ნათესაური მისვლა-მოსვლა იყო, იქ ქართველი ქალი გახლდთ იმპერატორის მეუღლე, ნათესაური კავშირებიც არსებობდა, მაგრამ დიპლომატია არ არის ფოლკლორი, რომელიც მხოლოდ ზეპირ გადმოცემებს ეყრდნობა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საამისო დოკუმენტური მასალა არ გაგვაჩნია. მე მიმუშავია მსოფლიოს რამდენიმე არქივში, მათ შორის, წლობით მიმუშავია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში, სადაც პეტრე პირველისა და ივანე მრისხანის დროინდელი დოკუმენტები მინახავს, ისეთი რუსულითაა ნაწერი, რომ თარჯიმანი გჭირდებათ თანამედროვე რუსულის გასაგებად. იქ მართლაც არის საამისო დოკუმენტური ბაზა, საქართველოში კი ეს არ არის. საქართველოში ეს ემყარება ცალკეულ ისტორიკოსთა პატრიოტულ აღტკინებას, როგორ, ქართველები ყველაფერში პირველები ვიყავით და როგორ შეიძლება დიპლომატები არ გვყოლოდა? არის ჩხრეკა და თითიდან გამოწოვა.
ქართველი ქალების დიპლომატიის წარმოსაჩენად თამარის პერიოდსაც იხსენებენ, როცა თამარმა ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი მიუგზავნა ამბოხებულებს, ყუთლუ არსლანის დასის წევრებს დასაშოშმინებლად.
- დიახ, ხვაშაქ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის მიგზავნა თამარ მეფის დროინდელ ფაქტად არის ცნობილი, მაგრამ დეტალურად არ ჩანს, როგორ შემოირიგეს მოწინააღმდეგენი, რა კომპრომისი დაიდო. ყველა ქვეყანას თავისი დიპლომატიური სტილი აქვს, რომელზეც სპეციალისტები ვსაუბრობთ შემონახული საარქივო მასალებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით ტალეირანის, ბისმარკის დიპლომატიის სტილი როგორი იყო, მაგრამ ეს ვიცით არა ზოგიერთი ჟამთააღმწერის პირად სიმპათია-ანტიპათიებით შედგენილი ნაწარმოებებით, არამედ-ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც რამდენიმე ალტერნატიული წყაროთი მტკიცდება.
მოდით, ჩავთვალოთ, რომ თამარის დროს ეს მხოლოდ ეპიზოდი იყო და ისტორიაში ეპიზოდებით თუ ცალკეული გაბრწყინებებით, რომელსაც შემდეგ საუკუნეობრივი უკუნეთი და უდაბნო მოსდევს, დიპლომატიური სკოლა არ იქმნება. დიპლომატიური სკოლის შექმნას თაობები, სახელმძღვანელოები სჭირდება. დღეს დიპლომატიაზე ერთი ნორმალური წიგნიც არ გვაქვს. 90-იანი წლების თავისუფლების შემდეგ საქართველოს მიერ უცხო ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებებიც კი სისტემატიზირებული არ გვაქვს. ჩვენი ყოველი ხელისუფალი თვლიდა, რომ ჟამთა აღწერა მისი მოსვლის დღიდან იწყებოდა. ასე თვლიდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, „ქართული ოცნება“ კი თვლის, რომ საქართველოს ისტორია უნდა დაიწეროს 2012 წლიდან.
ქართული დიპლომატიის წარმატება-წარუმატებლობაზე როცა საუბრობენ, დღემდე საკამათოდ რჩება ისტორიის ყველაზე მძიმე ფურცელი, როცა 1783 წელს რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში დაიდო ტრაქტატი, სადაც ქართლ-კახეთის წარგზავნილებმა, ე.წ. დიპლომატებმა (იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ) ხელი მოაწერეს ტრაქტატს და დღემდე სადაოა, დაგვღუპა ერეკლემ თუ არა? ეს ტრაქტატი მოგვიანებით რუსულმა მხარემ საქართველოს ანექსიით ჩაანაცვლა. ერეკლემ ჩათრევას ჩაყოლა ამბჯობინა?
- ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული მეცნიერული კვლევა არ ჩატარებულა. რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, შეიძლება რეალობასთან უფრო ახლოს იყოს სტალინის რეპლიკა, ეს იყო უმცირესი ბოროტება. უფრო დიდი ბოროტება იქნებოდა, თუ თურქეთი ან სპარსეთი გადაყლაპავდა საქართველოს. მეორე მხრივ, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ამ ორივე სახელმწიფოს დაკნინება იწყება, აღარ არის არც სულეიმან ბრწყინვალის და არც შაჰ-აბასის ეპოქა. უკანასკნელი ტრაგიკული შემოსევა ეს იყო 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევა. თუ ჩვენ საწყის მომენტად ავიღებთ დემოგრაფიულ სურათს, მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის საქართველო დაცარიელებული იყო, მიწათმოქმედი მოსახლეობაც არ ჰყავდა. საქართველო თავის სუვერენულ პოლიტიკას მაინც ვერ გაატარებდა. ჩრდილოეთიდან უკვე გიგანტი მოდიოდა, რომლის შეჩერებაც გაერთიანებულ ისლამურ სამყაროსაც არ შეეძლო. ევროპა უკვე ჩაკეტილი იყო და ევროპიდან დახმარება მითი იყო, როგორც დღეს მითია ნატოში ჩვენი მიღება. ეს დელიკატური საკითხია და აქ ფართო ასპარეზი იქმნება დემაგოგიისა და იარლიყების მიწებებისთვის.
მე-18 საუკუნის დასასრულიდან არტილერია - ომის ღმერთი შემოდიოდა და საქართველოს სად ჰქონდა იმხელა მეტალურგიული მრეწველობა, ან ფინანსები, რომ ხმლიდან და ხანჯლიდან უცებ გადასულიყო თოფის წამალსა და თანამედროვე იარაღებზე?! საქართველოს სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ფიზიკურად გადარჩა, გამრავლდა. მახსოვს, შუა აზიიდან, ბალტიისპირეთიდან რომ მოდიოდნენ, როგორ შურდათ ჩვენი, მაშინ არ იყო ლაპარაკი დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, მაგრამ იყო მსოფლიოში ცნობილი ქართული მეცნიერება, ქართული ხელოვნება. ჩვენ ელჩები არ გვყავდა არსად, მაგრამ დღევანდელ ორ წიგნ წაუკითხავ ელჩებზე მეტს აკეთებდა სუხიშვილის ანსამბლი, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. ასე თუ ისე, ახალგაზრდობაში კავშირი მქონდა ამ ანსამბლთან და მახსოვს, პირველ გასტროლზე აფიშები იყო „რუსული ანსამბლი“, ხოლო მეორე-მესამე გასტროლებიდან ილიკო სუხიშვილმა დიპლომატიურად მოახერხა და ე.წ. „რუსული ანსამბლი“ „ქართული ანსამბლით“ ჩაანაცვლა ისე, რომ არც ერთს მოსკოვში, კრემლში ნაციონალისტობა არ დაუწამებია. ყველა დღევანდელ ელჩზე მეტი გააკეთა სუხიშვილების ანსამბლმა. ნახევარი ჩემი მეგობრები იყვნენ, ომარ მხეიძე ჩემი უახლოესი მეგობარია. წელიწადში ორ-სამჯერ თუ ჩამოვიდოდნენ მივლინებით თბილისში, აქ ცოტა ხანს იყვნენ, ისვენებდნენ და ისევ სამი-ოთხი თვით მიდიოდნენ, საქართველოს აცნობდნენ მთელ მსოფლიოს. ესეც დიპლომატია იყო.