„ვერ აიტანეს მათზე ბევრად მაგარი ადამიანის მიერ სასამართლოს მოგება. ეს ადამიანები მათი ცხოვრების წესით არიან ასეთები, ასე იციან საქმეების „მოგვარება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მოკლული ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი ქეთი ხარძიანი, რომელიც მამამისის მკვლელობის დამკვეთებად ქურასბედიანსა და უდესიანს ასახელებს. მკვლელობის მოტივად კუს ტბის წილებს და სასამართლოში წაგებულ პროცესს ასახელებს. ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ქურასბედიანსა და უდესიანს ბრალს წაუყენებს.
რატომ მალავენ უდესიანები ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიას, რატომ არიან ოჯახისთვის მთავარი ეჭვმიტანილი უდესიანი და ქურასბედიანი, ვისთან აპირებდა უდესიანი საქმის „გაიასნებას“, რა უთხრა ოჯახს ბესიკ ხარძიანმა და რას პასუხობს მის ნახევარძმას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ქეთი ხარძიანს ესაუბრა.
თქვენ აცხადებთ, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა უდესიანისა და ქურასბედიანის შეკვეთით განხორციელდა. თუმცა, ნატო უდესიანი აცხადებს, რომ ხარძიანებს არ აქვთ საფუძველი მკველობის შემკვეთად მისი ძმა დაასახელონ და აქვე საუბრობს გია უდესიანსა და თქვენს მამიდას შორის არსებულ ფარულ ჩანაწერზე...
ქეთევან ხარძიანი: ნატო უდესიანი იმას აცხადებდა - რაში გვჭირდებოდა სააპელაციო სასამართლო, რადგან ისედაც მოგებული გვქონდა ეს საქმე, იმიტომ, რომ ფარული ჩანაწერები წარვადგინეთ სასამართლოშიო, რაც არის ტყუილი. რაც შეეხება თვითონ ამ ფარულ ჩანაწერებს, რეალურად 5-საათიანია, ამ დროს სასამართლოში წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ 4 თუ 5-წუთიანი ჩანაწერი. მამაჩემის სიცოცხლეშივე წარმოადგინეს ეს ჩანაწერი პირველ ინსტანციაში, მაგრამ წააგეს სასამართლო. მოსამართლეს განაჩენში პირდაპირ უწერია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება იძულების წესით მოხდა.
ეს ჩანაწერი ახალი არ არის და მით უმეტეს, არც იმის გარანტია არსებობს უდესიანებისთვის, რომ ისინი სასამართლოს მოიგებენ. უდესიანები ვერ მოიგებენ ამ სასამართლო დავას და დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც გითხარით, პირველ ინსტანციაში წარდგენილი იყო ეს ჩანაწერი და ამავე სასამართლო სხდომაზე მამაჩემმა მიმართ მათ - „წარმოადგინეთ 5-საათიანი ფარული ჩანაწერი მთლიანად, არ მინდა ეს მიჭრილ-მოჭრილებიო“, მაგრამ უდესიანებმა ვერ წარმოადგინეს.
რატომ არ წარმოადგინეს?
- იმიტომ, რომ იმ ჩანაწერში, რომელიც გია უდესიანმა ფარულად გააკეთა, ზუსტად ასახულია ის სიმართლე, რომლის გახმოვანება არ აწყობდათ უდესიანებს.
რა სიმართლეა ამ ჩანაწერში?
- ამ ფარულ ჩანაწერში გია უდესიანი ეუბნება მამიდაჩემს, რომ კუს ტბის სანაცვლოდ ძმას გაჩუქებო. სწორედ ამ ფირებით წააგეს პირველ ინსტანციაში. ეს ფირი საქმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რომელიც ბუნდოვანს გახდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება უდესიანისა და ქურასბედიანის როლს ბესო ხარძიანის მკველობაში, თქვენ მკვლელობის შემკვეთად მათ ასახელებთ, რა ფაქტობრივი გარემოება გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და რა კავშირშია ეს მკვლელობა კუს ტბასთან დაკავშირებულ სასამართლო დავასთან?
- მამას მკვლელობა პირდაპირ კავშირშია კუს ტბასთან და სასამართლო პროცესთან. უდესიანის არგუმენტები, რომ ხატზე დავიფიცებ, შერიგება გვინდოდა და ა.შ. სასაცილოა. მამასთან შერიგება თუ უნდოდათ, მაშინ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. დაებრუნებინა კუთვნილი ქონება, რომელიც მან და ქურასბედიანმა ერთობლივად გადაიფორმეს და მერე სადღაც ობშორებში გადაიფორმეს. ჩემი მხრიდან რთულია ამ საკითხზე საუბარი, მამა ცოცხალი არ არის და არ ვიცი მოხდებოდა თუ არა შერიგება, თუმცა, ახლა ამ საკითხზე ლაპარაკიც ზედმეტია.
გასაგებია, მაგრამ საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები რომ იყოს, გვითხარით, რა მტკიცებულების საფუძველზე აცხადებთ, რომ სწორედ ქურასბედიანმა და უდესიანმა შეუკვეთეს მკვლელობა? პროკურატურა ჯერჯერობით, მხოლოდ, შემსრულებელზე გავიდა და არაფერს ამბობს მკვლელობის შემკვეთებზე...
- მამაჩემს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უდესიანის და ქურასბედიანის გარდა სხვა მტერი არ ჰყავდა. დამერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების გარდა არ არსებობდა ადამიანი, ვისაც არ აწყობდა მამაჩემის სიცოცხლე. მამა სიცოცხლეშივე ამბობდა - თუ რამე დამემართება ეს უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურება იქნებაო. ამას ყოველთვის უსვამდა ხაზსს.
იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცოდა თუ მამას რამე დაემართებოდა, ყველა ხელს მათკენ გაიშვერდა, დიახ, წავიდნენ ასეთ გადაწყვეტილებაზე და შეუკვეთეს მამას მკვლელობა. როდის და როგორ გადაწყვიტეს ქურასბედიანამა და უდესიანმა მამას მკვლელობა, მტკიცებულებას ამ ეტაპზე ვერ წარმოვადგენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, დიახ, მათ შეუკვეთეს მკვლელობა. ვერ აიტანეს მათზე ბევრად მაგარი ადამიანის განცხადებები მათთან მიმართებაში, ვერ აიტანეს სასამართლოს წაგება.
ეს ადამიანები მათი ცხოვრების წესით არიან ასეთი, ასე იციან საქმეების „მოგვარება“, ეს არის მათი გაგება. ვერ აიტანეს, რომ სასამართლო მოუგო ბესო ხარძიანმა, რომელსაც უკანონოდ მიუსაჯეს 8 წელი და რომელიც ციხეში ვერ ამოალპეს. მამა ციხიდან რომ გამოვიდა, ხმამაღლა იძახდა ქურასბედიანის და უდესიანის დაინტერესებაზე და, რომ მათ იძულებით ჩამოართვეს კუს ტბა.
კუს ტბის სასამართლო პროცესის მოგების შემდეგაც საუბრობდა თუკი რამე დაემართებოდა, ეს უდესიანის და ქურასბედიანიდან გამომდინარე იქნებოდა?
- დიახ. 2011 წელს გააჩერეს ვარაზის ხევთან, მანქანიდან გადმოიყვანეს, ნარკოტიკი ჩააყარეს პირში, შემდეგ სასტიკად აწამეს, ამაზე მეტი რა უნდა იყოს. ეს ხომ ერთ დღეს არ მომხდარა? მამას განადგურების გეგმა 2011 წელს დასახეს, დარწმუნებული იყვნენ, რომ მამა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. მაგრამ, როდესაც მამამ ციხე დატოვა, სხვა გეგმა შეიმუშავეს, რაც სისრულეში მოიყვანეს 2015 წელს. სანამ მამა სასამართლოს მიმართავდა, ცდილობდა მოლაპარაკების გზით დაებრუნებინა ის, რაც წაართვეს უდესიანმა და ქურასბედიანმა, თუმცა მათგან არ იყო დაინტერესება, რადგან ფიქრობდნენ, რომ მაპატიეთ და „გააიასნებდნენ“ უწყებებში. ეს მამასაც აქვს ნათქვამი, მაგრამ რაც მოხდა ყველამ იცით.
ბესიკ ხარძიანმა დაასახელა ის უწყება, სადაც უდესიანი და ქურასბედიანი საქმის „გააიასნებდნენ“?
- წინ არის სასამართლო პროცესები და არ მინდა ამ თემაზე დეტალურად ლაპარაკი. მათ რომ სდომოდათ სასამართლოს გზით დავის დასრულება, მკვლელობას არ შეუკვეთდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ისევე აღიზიანებთ მათი სახელების ხსენება, როგორც მამას დროს.
სწორედ ამიტომ აპირებს ნატო უდესიანი მიმართოს სასამართლოს ოჯახის სახელის ღირსების შელახვისთვის...
- მიმართოს. საერთოდ, ძალიან საინტერესოა, როდესაც უდესიანები ღირსებაზე საუბრობენ.
პროკურატურას აქვს მტკიცებულები, რომლის საფუძველზეც მოხდება ბრალის წაყენება ქურასბედიანისთვის და უდესიანისთვის?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ძალიან დიდი სამუშაო გაწია პროკურატურამ, მადლობა ამისათვის, მაგრამ ჩვენთვის მთავარია პროკურატურა გავიდეს დამკვეთებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელმაც მამას ესროლა, არ იცობდა და არც პირადი განზრახვა არ ჰქონდა. ის იყო ჩვეულებრივი დაქირავებული მკვლელი, რადგან ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.
თქვენ მკველობის შემკვეთად ასახელებთ უდესიანს და ქურასბედიანს, მაგარამ არის ბესო ხარძიანის პირველი ოჯახი, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორად თქვენს დედას ასახელებს. თქვენი ძმა ამბობს, რომ ხარძიანებს ბოდიში გაქვთ მოსახდელი უდესიანზე და ქურასბედიანზე. რატომ გაუჩნდა თქვენს ძმას ეჭვი დედათქვენთან დაკავშირებით? მაშინ იყო ვერსია, რომ უდესიანის დაველებით გააკეთა ეს განცხადება თქვენმა ძმამ...
- ვის ინტერესებსაც ემსახურება მისი ქმედება, ეს გასაგებია.
უდესიანის ინტერესებს ემსახურება?
- ვისაც იცავს იმის ინტერესებს ემსახურება. ყველაფრის მიუხედავად, არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ვიცი, რომ საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ მათგან განსხვავებით მამაჩემს ვცემ პატივს და სწორედ, ამიტომ, არ მინდა ამაზე საუბარი. თბილისი პატარაა და ყველამ იცის ვინ, ვინ არის. ამიტომ დედაჩემზე არ ვილაპარაკებ. მამა არ იმსახურებდა ასეთ განცხადებას საკუთარი შვილისგან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უდესიანს და ქურასბედიანს დაუმტკიცდება მამას მკვლელობის შეკვეთა და ზოგიერთებიც მიხვდებიან ვინ შეუკვეთა მკვლელობა.