„ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი“, - ეს ნიკა გვარამიას შეფასებაა.
„ეს მართლა ნაგავი, რამე მაინც ესმოდეს ან იცოდეს ამ სფეროში“,-ეს ნიკა გვარამიას ნათქვამის განმარტებაა კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის მხრიდან.
30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება, რასაც რჩეული საზოგადოება დაესწრება - მთავრობის, საპატრიარქოს, „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლების, თეატრის კოლექტივის სახით. საზოგადოების რჩეულებად და არარჩეულებად დაყოფამ ოპერის გარეთ დარჩენილთა უკმაყოფილება გამოიწვია.
სავარაუდოდ, განაწყენებულთა დამშვიდებას შეეცადა ნიკა გვარამია, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს „უსაშინლესი ოპერა „აბესალომ და ეთერი“ თრეშია (ნაგავია) ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკა ძალიან სუსტია მსოფლიოში საუკეთესო ფოლკლორული მუსიკის ფონზე“, ხოლო ის „ხალხი, რომელიც ვერ იტანს მუსიკის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართულია, არის შავრაზმელი და არაფრით განსხვავდება ეკლესიას თუ ცრუ პატრიოტიზმს მიკედლებული შავრაზმელებისგან. ასეთი სექტანტები საშიშნი არიან“, - მიიჩნევს გვარამია.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რასაც გვარამია ამბობს „აბესალომისა და ეთერის“ შესახებ, ნორმალური კაცი არ იტყოდა. მით უმეტეს, „აბესალომი“ უცხოეთშიც ბევრჯერ დაიდგა და ეს ჩვენი უპირველესი ოპერაა. ჩვენს სამეზობლოშიც უდიდეს პატივს სცემდნენ უნიჭიერეს ქართველ კომპოზიტორებს. ცნობილ კომპოზიტორ არამ ხაჩატურიანს, ამ თბილისელ კაცს, ძლიერ უყვარდა ქართული მუსიკა, ქართველი კომპოზიტორები.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ვაჟა აზარაშვილი თვლის, რომ „მაგან მუსიკა პროფესიონალურ დონეზე არ იცის“ და ვის ემსახურება ამ განცხადებით, უცნობია.
„ამის თქმით რის მიღწევას ცდილობს? ყველაფერს გადაასხას წყალი - ამას ვერ შეძლებს. საქართველო ომებმა შეიკლა. ჩვენი ერი ამდენი საუკუნეა იბრძვის, ხალხი და საზღვრები განახევრებულია. ტაო-კლარჯეთში გახლდით და დავრწმუნდი, აი, სად არის ნაღდი საქართველო. ნუ ვედრებით ბეთჰოვენს, მოცარტს, ვერდს. ამ პროვინციალიზმს, ქაჯობას თავი დავანებოთ. რას ჰქვია, არ არსებობდა ქართული ოპერა, როცა არაჩვეულებრივი ოპერებია დაწერილი- „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ქეთო და კოტე“, „მინდია“, „გორდა“, „ოტელო“. ქართველი ერის უბედურებაა, რომ ხანდახან წავიკითხავ აფიშას და პიანისტია თუ მევიოლინე, ქართველი ავტორი არ არის. ქართველები არ უკრავენ, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, ჩვენს ნაწარმოებებს უფრო უკრავენ უცხოეთში, რატომ? იქ ჩავაწყე? იმიტომ, რომ უცხოელები გვაფასებენ. როგორ შეიძლება, შეადარონ, მოცარტი სჯობს თუ ბეთჰოვენი? ან კიდევ, რუსთაველი სჯობს, გურამიშვილი, გალაკტიონი თუ ვაჟა-ფშაველა? ჩვენ პატარა ნიჭიერი ერი ვართ, ერთმანეთს თუ არ დავჭამთ და გავანადგურებთ შურით, ეგოიზმით. ასეთი ხალხური სიმღერები და ცეკვები სხვაგან სად არის? ჩვენსას რატომ ვაკნინებთ? იტალიურ ოპერას თავისი ღირსება აქვს, ჩვენ ჩვენი ღირსება გვაქვს.
უბედურება ისაა, რომ გვარამია ამხელა არხის დირექტორია და ერისთვის არ არის სასიკეთო. ყოველგვარ ქართულს ვერ იტანენ, რადგან აზროვნებით პროვინციალები არიან“, - აცხადებს ვაჟა აზარაშვილი.
რაც შეეხება ნაციონალების დადგმებს, კომპოზიტორი არ მალავს, რომ მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ და „ვერის უბნის მელოდიები“ არ მოსწონს, მაშინ, როცა ქეთო და კოტეს შესახებ ძალიან კარგი ფილმი გადაიღო ვახტანგ ტაბლიაშვილმა და სცენარმა რომ მოითხოვა, მიიწვია კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, რომელმაც შესანიშნავად შეურწყა თავისი მუსიკა ვიქტორ დოლიძის ბრწყინვალე მუსიკას. ნომრები „გინდ მეძინოს“, „მე რომ ვლოთობ“, „ერთხელ ვიხილე“, „ჩემო სტუმრებო“ შესანიშნავი იყო და პოპულარული გახდა კერესელიძის მუსიკაც.
მომღერალი ირმა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაშინ, როცა ნიკა გვარამია საზრიანთა კლუბში - „რა, სად, როდის“ მოვაწეობდა, იგი განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა დეფინიცია, რომ თურმე საშინელი ოპერაა „აბესალომ და ეთერი“, გასაოცარია. მართალია, „აბესალომ და ეთერი“ არ არის „კარმენი“ და „აიდა“, მაგრამ ქართული ეროვნული, ნაციონალური ოპერაა, ეს უნდა გვიხაროდეს და მასში საქილიკოს არ ვხედავდეთ.
„ასე შეიძლება, რომელიმე იტალიელმა გვითხრას, რა ოპერა თქვენ გაქვთო, მაგრამ არც ერთი კულტურული და განათლებული იტალიელი ამას არ იტყვის. იმის არ იყოს, ილია ჭავჭავაძე თურმე ცუდი მწერალიაო, ესეც გვითხრა ერთმა ძალიან განათლებულმა ადამიანმა. მაშინაც გული მეტკინა. ყველაფერი ქართული ყველაზე კარგიაო, ამას გიჟის მეტი ვინ იტყვის, მაგრამ რაც კარგი გვაქვს, მოდით, ნუ დავიყრით თავზე ნაცარს. ჩვენზე მრავალრიცხოვან, ომებში ნაკლებად გათანგულ ერებს ერთი ოპერა და პოემაც არ აქვთ. გვარამიას ნათქვამი ერთ რამეს ემსახურება, რომ თურმე ყველაფერი ნაციონალებმა მოიტანეს. არ მიყვარს, ყველაფრის ნაციონალებზეც გადაბრალება, რაც გააკეთეს, ყველაფერზე ხაზის გადასმა არ შეიძლება, მაგრამ მანკიერი ნოუ-ჰაუ, რაც მათ მოსვლას ახლდა, ის იყო, რომ თურმე ბავშვები მხოლოდ მაშინ წასულან ოპერაში, როცა ნაციონალები მოვიდნენ. ჩვენი თაობა თურმე ილუზიასა და ვირტუალურ სამყაროში იზრდებოდა. ამ დროს კი მართლაც ოპერაში გაიზარდა ჩემი თაობა. ყველაფრის ნიველირება და ჭუჭყში გასვრა რევოლუციონერებისთვის იყო დამახასიათებელი“, - აცხადებს ირმა სოხაძე.
ამასთან, გულისტკივილს გამოხატავს, რომ არავინ დაპატიჟა პრემიერაზე. ამიტომაც რჩევას აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ იქნებიან კომუნისტებზე ნაკლებად მგრძნობიარენი ადამიანების მიმართ. ასე კომუნისტებიც აწყობდნენ დახურულ ჩვენებებს, ჰქონდათ გენერალური რეპეტიციები, ჩაბარებები, სადაც მიდიოდა ნომენკლატურა, პარლამენტი, მაშინდელი კულტურის სამინისტრო და მხოლოდ ამის შემდეგ იმართებოდა პრემიერა, სადაც უკვე უბრალო მაყურებელს იწვევდნენ, თანაც სამასლარიანს კი არა, მისაწვდომ ფასად აძლევდნენ ბილეთებს. ამდენად, მომღერალს აინტერესებს, ოპერის გახსნისას მუსიკოსები რატომ უნდა იყვნენ გარეთ და ვიღაც ჩინოვნიკის ცოლმა რატომ უნდა ჩაიცვას ახალი კაბა, გაიპრანჭოს და ხალხს უთხრას, რომ თურმე ხალხისთვის დასწრება 31 იანვარსაა. „ეგენი ადამიანები არ არიან? არ შეიძლება, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო შენს ერს, ვინც მოგიყვანა ხელისუფლებაში. გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ეს არ აკნინებს ზაქარია ფალიაშვილს და მის ხელთუქმნელ ქმნილებას, ფანტასტიკურ ოპერას, რომელიც ძალიან მიყვარს, ვიდრე „კარმენი“ და „აიდა“, რადგან ეს ჩემია“.