ორი მეგობარი – კოლია და არვიდასი

ორი მეგობარი – კოლია და არვიდასი

გასული წლის შემოდგომაზე დიდი კალათბურთი დაგვიბრუნდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშეებმა თანამემამულე გულშემატკივრები განსაკუთრებულად გაგვახარეს და ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე ღირსეულად იასპარეზეს. სამწუხაროდ ლიტვის ეროვნულ გუნდთან დავმარცხდით, მაგრამ ფაქტია: ჩვენი ნაკრები ევროპის კონტინენტზე ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ოპონენტად გადაიქცა.

დღევანდელ წერილში ის პერიოდი მინდა გავიხსენო, რომელიც ნიკოლოზ დერიუგინის სპორტულ ასპარეზზე გამოჩენასა და  გამოჩენილ ლიტველ მოთამაშე არვიდას საბონისთან მის ახლო ურთიერთობას ეხება.

1977 წლის 14 იანვარს, სვერდლოვსკის “ურალმაშთან” შეხვედრისას, თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ნიკოლოზ დერიუგინი გამოჩნდა. იმ ხანად თბილისელთა გუნდის ღირსებას მიხეილ ქორქია, გივი ბიჭიაშვილი, ლევან ჩხიკვაძე, იური პულავსკი, იური ძიძიგური, ნოდარ ქორქია, თამაზ ჩიხლაძე და ლევან გულდედავა იცავდნენ. კლუბი საკავშირო ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში შედიოდა და სატურნირო ცხრილის მაღალი ეშელონების მუდმივი ბინადარიც იყო. დერიუგინის დებიუტი წარმატებული გამოდგა და ახალბედამ 18 ქულა მოაგროვა. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში დებიუტანტმა სრულიად საბჭოთა სენსაცია გამოაცხო, როდესაც მოსკოვში ადგილობრივ “ცსკა”-სთან შეხვედრაში საკუთარ ანგარიშშზე 57 ქულა მიითვალა.

იმ დღიდან თბილისი “დერიუგინომანიით” დაავადდა და ხალხი სპორტის სასახლეში კოლიას თამაშის სანახავად დადიოდა.

ტკაჩენკო-ბელოსტენნის დუეტისა, ასევე სხვა საბჭოთა ცენტრალური თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში დერიუგინს არ უჭირდა, სამაგიეროდ ცოტა მოგვიანებით, ახალგაზრდა არვიდას საბონისის სახით მას მრისხანე მოწინააღმდეგე მოევლინა. ტანმაღალი კალათბურთელები უმეტესად მოუქნელები არიან და დერიუგინიც მათ საკუთარი სისხარტის ხარჯზე სჯობნიდა. აი, არვიდას საბონისთან ორთაბრძოლა კი ხშირად უჭირდა. ამ მოთამაშეს სიმაღლეც ჰქონდა, მოქნილობაც, სისწრაფეც და ჭკუაც.

ლიტველმა მოთამაშემ კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. თბილისის „დინამოს“ ცენტრალურ თავდამსხმელს ყოველთვის გულთბილად მოიხსენიებს: „ კოლია ბრწყინვალე ადამიანი და მშვენიერი კალათბურთელი იყო თანაც მეტად თავმდაბალი. ნაკრებშიც გვითამაშია ერთად და მის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენდი. იმ პერიოდში იგი ჩემზე ბევრად გამოცდილი გახლდათ”.

 დერიუგინს და საბონისს საკალათბურთო მოედნის მიღმა ჩინებული ურთიერთობა ჰქონდათ და ამჟამადაც გააჩნიათ. იმდროინდელი საბჭოთა ნაკრები მოთამაშეთა ეროვნებების მიხედვით რამდენიმე დაჯგუფებად იყო დაყოფილი. თბილისელი მოთამაშე განსაკუთრებით ახლოს ბალტიისპირელებთან იყო. რამდენი წელია გასული იმ პერიოდიდან და საბონისი, კურტინაიტისი, ხომიჩუსი, მიგლინიექსი და ვალტერსი თბილისელ კოლეგას სხვადასხვა ინტერვიუებში დღემდე მოიხსენიებენ და თბილ მოკითხვებსაც უძღვნიან.

დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ამ ორ გამოჩენილ კალათბურთელს მივცემ. ალბათ მკითხველებისთვის საინტერესო იქნება მათი სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ფურცლების კიდევ ერთხელ გაცნობა.

თავდაპირველად თქვენს სამსჯავროზე არვიდას საბონისს წარვადგენ.

„სპორტი პატარაობიდანვე მიყვარდა. კალათბურთამდე მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი: სიგრძეზე ხტომა, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა... შემდეგ ცურვა იყო, ფრენბურთიც ვცადე, მაგრამ კალათბურთმა ყველაზე ძლიერ მომხიბლა და აქ დავრჩი.

აკადემიის გუნდიდან დავიწყე მოგზაურობა. ჯერ საბჭოთა კავშირის ქალაქები იყო - თითქმის ყველგან ვთამაშობდით, სადაც მეტოქე გვეგულებოდა. ნელნელა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც წავედით: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა... მახსოვს, ერთხელ კუბაშიც უნდა წავსულიყავით, მაგრამ პატარები ვიყავით და მგონი ამიტომ არ გაგვიშვეს.

საბჭოთა კავშირში ჩვენი მთავარი მეტოქე მოსკოვის ცსკა იყო. სხვა ქალაქებშიც კარგი გუნდები ჰყავდათ, მაგრამ „ჟალგირისის" ნომერი პირველი კონკურენტი სწორედ არმიის სპორტული კლუბი გახლდათ. იქ ქვეყნის ნაკრების ბირთვი თამაშობდა, ყველაზე მეტი დაფინანსება ჰქონდა და ყურადღებაც, სხვებთან შედარებით, მეტი ექცეოდა, მაგრამ ასეთი მოდელი მიუღებელი მგონია. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ სხვა რესპუბლიკებში, იგივე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და ბელარუსში კალათბურთის დონე ლიტვასთან და რუსეთთან შედარებით, დაბალი იყო.

ცსკა-ს წინააღმდეგ თამაში რატომაც მიყვარდა, ადვილი მისახვედრია - როცა მთავარ კონკურენტს ეთამაშები, მოტივაცია მეტია. რაც შეეხება ქალაქს, ასეთი ლენინგრადი და თბილისი იყო - ორივეგან ბრწყინვალე გულშემატკივრობა იცოდნენ და ორივე ქალაქი ძალიან ლამაზი იყო.

ლამის 40 წლის ვიყავი, როცა „ჟალგირისში" დავბრუნდი და ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი გავხდი. მაშინ წერდნენ, რომ ეს სასწაული იყო, მაგრამ ბევრს არ ახსოვდა, რომ მე და ჩემი თაობის კალათბურთელები მთელი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით მომდევნო თაობისგან განსხვავებით. არა, მათ კი არ ვაკნინებ, მაგრამ დამიჯერეთ, ვარჯიშის ისეთი მეთოდები, რაც საბჭოთა კავშირში იყო, სხვაგან არსად მინახავს.

ჩვენ დროს ფულის გამო არ ვთამაშობდით, დღეს კი... ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი თავიდანვე მაღალ ხელფასს იღებს და შემდეგ გამოცდას ვეღარ უძლებს. 20 წლის ასაკში კარგ კონტრაქტს მიიღებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს მიაღწიეს. ამ შემთხვევაში რაიმე რჩევის მიცემა უაზრობაა - ეს კონკრეტული ადამიანის შინაგანი მორალური არჩევანის საკითხია. ვიღაც მზად არის მცირედით დაკმაყოფილდეს, სხვას კი პირიქით, სურს თავისი ნიჭის 100 პროცენტით რეალიზაცია მოახდინოს... საქმისადმი დამოკიდებულება - აი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

ოლიმპიადების მხრივ არასდროს მიმართლებდა. 1984 წელს შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაგრამ ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო, საბჭოთა კავშირის ნაკრები ლოს ანჯელესში არ გაუშვეს. რაც შეეხება სეულის ოლიმპიადას, იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მანამდე წელიწადნახევარი თამაშგარეში ვიყავი - უმძიმესი ტრავმა მივიღე და დიდი დრო გამიცდა. სიმართლეს გეტყვით: სეულში ჩემი წასვლა არც იგეგმებოდა, უბრალოდ, ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ ძალიან მკაცრად მითხრა: „სეულში წამოხვალ და ითამაშებ კიდეც"! ოლიმპიადაზე სწორედ მის გამო მოვხვდი და ვითამაშე, თუმცა „ცალი ფეხით".

ხომ გახსოვთ როგორი პოლიტიკური სიტუაცია იყო საბჭოთა კავშირში 80-იანი წლების ბოლოს? მოსკოვსა და ლიტვას შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, ნაკრებში კი, რუსების მხარდამხარ მაშინ ძალიან ბევრი ლიტველი თამაშობდა. ყველაფრის მიუხედავად, გომელსკიმ მოახერხა და ჩვენგან ერთი დიდი ოჯახი შექმნა! მეტიც, მან იმდენი შეძლო, რომ მოთამაშეებს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება და ფულის შოვნის შანსიც გაგვიჩინა! მეეჭვება ისეთი გუნდი, როგორიც ჩვენი ნაკრები იყო სეულის ოლიმპიადაზე, ვინმემ სადმე შეკრას.

ოლიმპიადა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი ამერიკელებთან ნახევარფინალში, გადამწყვეტ შეხვედრაში იუგოსლავიასთან კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის მანძილზე ისინი წინ იყვნენ, ჩვენს ჩემპიონობაში წამითაც არ შემპარვია ეჭვი! საბოლოოდ ასეც მოხდა - ოქრო ჩვენ დაგვრჩა!

კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ყველაფრით დაღლილი ვიყავი. თეორიულად კიდევ შემეძლო ერთი-ორი სეზონი უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ ათენის ოლიმპიადის შემდეგ მივხვდი, რომ სეზონისწინა შეკრებას და მომქანცველ ვარჯიშებს ვეღარ გადავიტანდი. თანაც, ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება მსურდა. ყველაფერი ძალიან მალე გადავწყვიტე.

მწვრთნელობა არასდროს მსურდა. დასამალი არაფერია - „ჟალგირისიც" მთავაზობდა გუნდში დარჩენას და რამდენიმე ევროპული კლუბიც, მაგრამ ყველა წინადადებაზე უარი ვთქვი. მოთამაშისგან განსხვავებით, რომელსაც დროდადრო დასვენება შეუძლია, მწვრთნელი წამით არ უნდა მოდუნდეს. პლუს ამას, გუნდის ხელმძღვანელი მუდმივ სტრესშია, კოლოსალურ ძალას ხარჯავს, მე კი ამის სურვილი არ მქონდა!

სპორტულ ფორმას დღემდე ვინარჩუნებ. ორგანიზმი წლების მანძილზე ეჩვეოდა დატვირთვას, ამიტომ, ჩემდაუნებურად ვგრძნობდი, რომ თამაში მჭირდებოდა. დღესდღეობით კვირაში ერთხელ აუცილებლად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.

1995 წელს, როცა მადრიდის „რეალში" ვთამაშობდი, კლუბში ფინანსური კრიზისი დაიწყო. „ბარსელონაში" გადასვლა არ მსურდა, საბერძნეთის ვარიანტიც გამოვრიცხე და სწორედ იმ დროს გამიჩნდა NBA-ში გადასვლის შანსი. ჩემთვის ვთქვი, რატომაც არა? ცხადია, მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ამერიკაში 7 წელი დავრჩებოდი, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ იქ წასვლა ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა.

პორტლენდში ნორმალურად მიმიღეს. საერთოდ, NBA-ს გუნდებში ასეთი წესია - ახალბედებს აშაყირებენ ხოლმე, ჩემთან მიმართებაში კი ასეთი რამე არავის გაუკეთებია. ასაკის გათვალისწინებით, მწვრთნელი ხშირად მაძლევდა სულის მოთქმის საშუალებას... კალათბურთის მხრივ NBA-ში პრობლემა ნაღდად არ მქონდა, სამაგიეროდ, ცხოვრების ამერიკული წესი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ევროპაში და მითუმეტეს, საბჭოთა კავშირში მივეჩვიე.

ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? საბჭოთა კავშირში ასეთი ტკაჩენკო იყო, ნამდვილი ადამიანი-მთა. მის ფონზე მოზარდის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. მასთან შეჯახებისას, ერთი მატჩის განმავლობაში დაახლოებით ათჯერ ვეცემოდი პარკეტზე. ცხადია, ასეთ შემთხვევებს ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი - ვცდილობდი მსაჯისთვის ჯარიმა დამეტყუებინა. რაც შეეხება NBA-ს, იქ ასეთი მეტოქე შაკილ ო'ნილი იყო. მის შესაჩერებლად ბოლომდე ჯანმრთელი უნდა ყოფილიყავი. ერთი ერთზე მისი შეჩერება არარეალური იყო. გარდა იმისა, რომ შაკი საოცარი გაბარიტების პატრონი გახლდათ, ძალიან მოქნილიც იყო. ერთი სიტყვით, მის წინააღმდეგ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არასდროს ვიყავი - პარტნიორებიც მეხმარებოდნენ.

საუკეთესო კალათბურთელი? ალბათ, გამორჩეული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ასეთად მაიკლ ჯორდანი მიმაჩნია. ის სრულყოფილი მოთამაშე იყო! შესანიშნავი ტყორცნები, დაფარული პასები, დიდებული თამაში დაცვაში, საოცარი მოქნილობა... ის ტალანტი იყო! ცხადია, როცა ჯორდანის სიდიადეზე ვსაუბრობთ, მისი თანაკლუბელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც მართლა მაგარი კალათბურთელები იყვნენ, მაგრამ მაინც - მაიკლი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია! ის უდიდეს გავლენას ახდენდა არამარტო გუნდზე, მეტოქეზეც!

რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს? ერთის გარდა, ყველაფერს უცვლელს დავტოვებდი - 16 წლისა ერთდროულად სამ ნაკრებში არ ვითამაშებდი. საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევდი, სამმაგ დატვირთვას ვიღებდი და ალბათ, სწორედ იმ პერიოდში დავიზიანე მუხლები, რის გამოც მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი. ალალად ვამბობ, 1984 წლიდან მოყოლებული უფრო ტრავმებს ვებრძოდი, ვიდრე კალათბურთს ვთამაშობდი. ტკივილებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი - პარკეტზე ყოველთვის გავდიოდი, მიუხედავად იმისა, შემეძლო ფეხზე დგომა თუ არა.

სანამ მოთამაშის კარიერას დავასრულებდი, კაუნასში ბავშვთა საკალათბურთო სკოლა გავხსენი, სადაც 8-დან 16-წლამდე ბავშვები ვარჯიშობენ. მიხარია, რომ იქაურობა ვითარდება. იცით, ლიტვაში კალათბურთი ნომერ პირველი სპორტია და მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვეკარგება უსახსრობის გამო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი აკადემია მცირედით მაინც ცდილობს ამ პრობლების მოგვარებას. დროდადრო იმედისმომცემ მწვრთნელებს ამერიკაში ვაგზავნით განათლების მისაღებად და გამოცდილების შესაძენად. ამას ფინანსური მოგების მისაღებად არ ვაკეთებ, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს ჩემი ვალია.

ვარ თუ არა პოლიგლოტი? თავად გადაწყვიტეთ: კარიერის მანძილზე ინგლისურად, პოლონურად, ჩეხურად, ესპანურად და რუსულად ნორმალურად საუბარი ვისწავლე. მგონი საკმარისია“.

არვიდას საბონისის შემდეგ სიტყვა ნიკოლოზ დერიუგინს გადავცეთ.

„6 წლისა მამამ კალათბურთზე შემიყვანა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ცხადია, სპორტზე სერიოზულად არ ვფიქრობდი - მხოლოდ ვერთობოდი. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ კალათბურთის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ჩემი პირველი მწვრთნელი ზაურ ჩარკვიანი იყო, მამა მეგობრობდა მასთან.

7 წლის რომ გავხდი, ცხონებულმა სულიკო თორთლაძემ მნახა და თავისთან გადამიყვანა. ის ძალიან დიდი მწვრთნელი იყო და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩემი საკალათბურთო კარიერის საძირკველი სწორედ მან გაჭრა. ამ დიდებული კაცის ხელმძღვანელობით მე-9 კლასამდე ვვარჯიშობდი, მერე კი თბილისის „დინამოს" მწვრთნელებთან მიშუამდგომლა და მეც დედაქალაქში წამიყვანეს.

თბილისის „დინამოს" პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, მიხეილ ქორქიამ დამინახა და „საკოს" - ზურაბ საკანდელიძეს გასძახა, ნახე ბიჭო, კიდევ ერთი ქუთაისელი ჭიჭიკია მოგვივიდაო. ასეთმა დახვედრამ გამამხიარულა, მაგრამ გუნდთან შეგუება, საერთო ჯამში, მაინც გამიჭირდა - პირველ დღეებში ვარჯიშების შემდეგ რამდენჯერმე ვიტირე კიდეც.

ქუთაისელი ვიყავი და იმერულ კილოზე ვსაუბრობდი: ისთე, ასთე... მოკლედ, ვარჯიშებზე ერთი სიცილ-ხარხარი იყო! მახსოვს, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ აყოლებდნენ თბილისელები ყოველ სიტყვას „ტო"-ს. სიმართლე გითხრათ, ამას დღემდე ვერ მივმხვდარვარ.

დებიუტი? ამას რა დამავიწყებს! 1977 წლის 14 იანვარს პირველად ვითამაშე თბილისის „დინამოს" მაისურით. ჩვენმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა პირველად მანდო ადგილი ძირითად შემადგენლობაში. სვერდლოვსკის „ურალმაშს" 81:63 მოვუგეთ - 18 ქულა ჩავაგდე!

იმ ხნის მანძილზე, რაც თბილისის „დინამოში" ვითამაშე, ერთადერთხელ გავხდი საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი - 1977 წელს მესამე ადგილი დავიკავეთ. მაშინ 18 წლის ვიყავი და მეგონა წინ დიდი გამარჯვებები მელოდა, მაგრამ ამის შემდეგ ხეირიანს ვერაფერს მივაღწიეთ. ისე, იმ სეზონში ძალიან გაგვიმართლა: მესამე ადგილზე მყოფმა მოსკოვის „დინამომ" ბოლო 4 შეხვედრა წააგო, ჩვენ კი ყველა მოვიგეთ და მოსკოველებს გადავასწარით. მახსოვს, უკანასკნელ მატჩზე კიევის „სტროიტელთან" სპორტის სასახლეში ტევა არ იყო!

როგორ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო" ძლიერი გუნდი არ იყო, რუსეთში წასვლის სურვილი მაინც არ მქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი იყო ის ურთიერთობები, რაც ქართველ კაცს გარშემომყოფებთან აქვს. თანაც, გულშემატკივრებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი და იმ დროს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მოსკოვის ცსკა მაშინ უძლიერესი კლუბი იყო - ზედიზედ იგებდა ჩემპიონატებს! ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ გომელსკი იყო. მან რამდენჯერმე მნახა, ერთი წელი დამაკვირდა და ერთ მშვენიერ დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში მამაჩემს გაესაუბრა: წავიყვან მოსკოვში, კლასს აიმაღლებს, თან არაქართული გვარი გაქვთ და რუსეთში პრობლემა არ გექნებათო. იცით, რა უპასუხა მამამ? კოლიას ბაბუის გარეშე ვერაფერს გადავწყვეტ, მას უნდა ჰკითხოთ, ქუთაისში, საფიჩხიაზე მოიკითხეთო. თამაშის მერე გომელსკი მართლა ჩავიდა ქუთაისში და ბაბუაჩემი იკითხა. გაკვირვებულმა მეზობლებმა მორიდებით უთხრეს, ცხონებული, წლებია საფიჩხიის სასაფლაოზეა განისვენებსო... მამას ძალიან ეწყინა, გომელსკიმ რომ უთხრა არაქართული გვარი გაქვთო. ეს სიტყვები არ აპატია.

1977 წელს, 17 წლისამ საკავშირო ჩემპიონატის მატჩში მოსკოვის ცსკა-სთან 59 ქულა ჩავაგდე. ეს რეკორდი იყო! მაშინ არმიელთა გუნდში ტკაჩენკო და ბელოსტენი თამაშობდნენ... „ვრემია" ხომ გახსოვთ, მთავარი საინფორმაციო გადაცემა? მისმა წამყვანმა ნინა ერიომინამ საღამოს გამოშვებაში თქვა, თბილისის „დინამოს" 17 წლის მოთამაშემ ნიკოლოზ დერიუგინმა ცსკა-ს 59 ქულა ჩაუგდო, საბჭოთა კალათბურთს ახალი ვარსკვლავი ეზრდებაო! ეს იყო ნიკოლოზ დერიუგინის პირველი ხსენება საკავშირო ტელევიზიაში. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში რიგაში ჩავედით - იქ 44 ქულა მოვაგროვე.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ მიმიწვიეს, იქაც ცხონებული მიხეილ ქორქია დამხვდა, რამაც გუნდთან შეგუება ძალიან გამიადვილა. საერთოდ, მისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი - როგორც უმცროს ძმას, ისე მივლიდა. საერთოდ, ქართველებს ნაკრებში არასდროს გვიჭირდა, ყველასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, განსაკუთრებით ბალტიისპირელებთან.

1980 წელს, მოსკოვში ოლიმპიადის მოგების ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ყველა ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი. თანაც, ხომ გახსოვთ, ამერიკელები არ ჩამოვიდნენ... მოკლედ, ჩვენგან ყველა პირველობას ელოდა, ჩვენც გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ... იუგოსლავიის და იტალიის ნაკრებებს სათვალავში არავინ აგდებდა, არადა სწორედ მათთან დავმარცხდით - იუგებთან 91:101, სკუადრასთან 85:87. მე 8 შეხვედრაში ვითამაშე და ზუსტად მახსოვს, 67 ქულა დავაგროვე. ყველაზე მეტი ქულა - 17, ინდოეთთან მატჩში ჩავაგდე. ისე, იმ იუგოსლავიის სასტარტო ხუთეული ახლაც მახსოვს: ჩოსიჩი, დელიბაშიჩი, ერკოვი, დალიპაგიჩი და კიჩანოვიჩი...

80-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ნაკრები ხშირად აწყობდა ტურნეს ამერიკაში. მაშინ ჩვენ პროფესიონალებად არ ვითვლებოდით და ამიტომ, საუკეთესო საუნივერსიტეტო გუნდებს ვხვდებოდით. სწორედ მაშინ ვითამაშე დომინიკ უილკინსის და კლაიდ დრექსლერის წინააღმდეგ. რამდენიმე წელიწადში ისინი NBA-ს ვარსკვლავები გახდნენ.

კურიოზი? ასეთი ბევრი იყო, ყველაზე უცნაური ისტორია კი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად გადამხდა. ჩვენი „აეროფლოტის" გადამკიდე, იამაიკაზე ჩასვლა დავიგვიანეთ და პუერტო-რიკოს რეისს ჩამოვრჩით. მწვრთნელებმა საიდანღაც ორი პატარა თვითმფრინავი მოიძიეს და ნაკრების წევრებმა ასე ვიმგზავრეთ. უნდა გენახათ რა დღეში ვიყავით! ორმეტრიანი კაცები წელში მოხრილები ვიჯექით რამდენიმე საათს და როცა პუერტო-რიკოში დავჯექით, თვითმფრინავის კარი ლამის ფეხით გავანგრიეთ. მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც დამხვდურთა თვალები იყო - ვერ დაიჯერეს, რომ იმ პაწაწინა თვითმფრინავებში გოლიათები ვიჯექით - ჩვენს დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდათ!

ერთ სახალისო ისტორიასაც გავიხსენებ. როცა ეს ამბავი მოხდა თამაშისთვის თავი მქონდა დანებებული და ბიჭებს ვავარჯიშებდი. ერთი მოსწავლის მშობელი მოვიდა, სვანი და მითხრა, ბიჭი სოფელში მიმყავს, არ მინდა ვარჯიშს მოცდეს და მითხარი ფარი რა სიმაღლეზე დავუმაგრო, რომ ივარჯიშოსო. ვუთხარი რაც საჭირო იყო. გადის ნახევარი წელი და მოდის ეს მშობელი, გაკვირვებულია, ბიჭი ფარს ვეღარ წვდება, თქვენ რა სიმაღლეც მითხარით, ფარი იქ დავამაგრე, მაგრამ რა მოხდა, ვერ ვხვდებიო. დავეკითხე, ფარი სად დაამაგრეთ-მეთქი. ხეზეო! მერე შე დალოცვილო, ამ ხნის მანძილზე ხე არ გაიზრდებოდა-მეთქი? უი, ამაზე არც მიფიქრიაო.

ჩემთვის ყველაზე უხერხული მეტოქე არვიდას საბონისი იყო. მახსოვს, 1982 წელს, კოლუმბიაში მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წამოიყვანა გომელსკიმ, 17 წლის ბიჭი უკვე 2,17 მეტრი იყო! მას იქ ბევრი არ უთამაშია, მაგრამ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მაინც მისცეს.

ერთხელ ვილნიუსში ვართ სათამაშოდ ჩასული და საღამოს, მატჩის შემდეგ სასტუმროს ნომერში საბონისი დამადგა. არაფერი უთქვამს, მომკიდა ხელი და რესტორანში გამაქანა. ბევრი ვისაუბრეთ და წამოსვლის წინ მეუბნება, იცი, ჯიბეში პორტლენდელთა კონტრაქტი მიდევს, ერთ კვირაში ამერიკაში მივდივარო. მაშინ ის მადრიდის „რეალის" ლიდერი იყო, ევროპაში საუკეთესოდ ითვლებოდა. ვკითხე, შენი ტრავმების პატრონს, NBA-ში რა გინდა-მეთქი, მაგრამ მითხრა: ძლივს იქ თამაშის შანსი მომეცა და რომ არ წავიდე, ვიცი, მთელი ცხოვრება ვინანებო. NBA-ში გადასვლით მხოლოდ მოიგო, თორემ არც არაფერი წაუგია - თავისი მაღალი კლასი იქაც დაამტკიცა... მე თუ მკითხავთ, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი ცენტრი ევროპაში არც ყოფილა.

26 წლის ვიყავი, როცა ერთ რიგით შეხვედრაში მუხლი დავიზიანე. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდად - ძვალი არასწორად გაიზარდა. ეს იყო და ეს - იმ ოპერაციის შემდეგ კარგად აღარც მითამაშია. კი გავდიოდი პარკეტზე, მაგრამ ალალად გეტყვით: ის დერიუგინი აღარ ვიყავი.

2,06 მეტრი ვარ და „დინამოში" ყველაზე მაღალი ვიყავი, გოლიათად ვითვლებოდი! ახლა 18-19 წლის ბიჭები 214-215-ები არიან, რაც თავისთავად, ძალიან კარგია. ჩემ დროს 2 მეტრზე მაღალი კალათბურთელი ძალიან ცოტა იყო.

90-იანი წლების დასაწყისში კალათბურთს მეგობრების თხოვნით დავუბრუნდი. ნოდარ ქორქიამ და ვალერი ჯგერენაიამ კლუბი „თბილისი" ჩამოაყალიბეს და დახმარება მთხოვეს.

1993-94 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს. ჟურნალისტთა გამოკითხვაში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. თუ არ ვცდები, მეორე ადგილზე „კაქტუსის" ლიდერი ვახტანგ ნაცვლიშვილი გავიდა.

„თბილისის" შემდეგ სლოვაკეთის „სლოვაკოფარმა" იყო. ამ გუნდის მესვეურები მოსკოველი ნაცნობების მეშვეობით დამიკავშირდნენ. დიდხანს არ მიფიქრია, თანაც, ძალიან კარგი პირობები შემომთავაზეს და წავედი. ხომ გახსოვთ მაშინ რა ხდებოდა ჩვენთან? იქ კი კალათბურთის კარგად თამაშის გარდა, არაფერზე ვფიქრობდი. მაგრამ უცხოეთში დიდხანს მაინც ვერ გავძელი. ასეთი ტიპი ვარ, სამშობლოდან შორს დიდხანს ვერ ვძლებ.

სლოვაკეთიდან დაბრუნებული სდასუ-ში უნივერსიტეტის პრეზიდენტმა თემურ ქორიძემ მიმიწვია. მითხრა, ახალი გუნდის გაკეთება გვინდა, დაგვეხმარეო. მეც მოთამაშე-მწვრთნელად წავედი. კარგად დავიწყეთ, პრიზიორობასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთ მატჩში მძიმე ტრავმა მივიღე - ექიმებმა აქილევსის მყესის გაწყვეტა დამიდასტურეს. სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და მეც კლუბს მივმართე, ქორიძემ კი, ჯერ თანხას ჩაგირიცხავთო-მითხრა, მერე კი ამაზეც უარი თქვა. ოპერაციის ფული თავად შევაგროვე, აი, როცა კლუბში მივედი კუთვნილის მოსათხოვად, ქორიძემ მაგრძნობინა, რომ საერთოდ აღარ ვჭირდებოდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი.

კარიერას რომ ვამთავრებდი, სწორედ მაშინ იწყებდა ქართული კალათბურთი დამოუკიდებლად განვითარებას. რა მახსოვს იმ დროიდან? უამრავი პრობლემა და მთავარი, რაც გულს მტკენდა - სრულიად უცნობი, დამწყები ბიჭებისგან წამოსული უაზრო აგრესია. მე რომ თამაშს ვიწყებდი, უფროს თაობასთან კრძალვით ვიქცეოდი, 90-იანების დასაწყისში კი, ჩვენს ჩემპიონატში რაც უფრო თავხედურად ითამაშებდი, მით უფრო მაგარ კალათბურთელად ითვლებოდი. ეს სისულელე იყო, ამას ვერ ვეგუებოდი.

და მაინც, იმ პერიოდიდანაც მაქვს ტკბილად მოსაგონარი: საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშე და ამით ოცნება ავისრულე!

საუკეთესო ქართველი კალათბურთელი? მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჩვენიანმა NBA-ში ითამაშა, უძლიერესად მაინც მიშა ქორქია მიმაჩნია. ის შეუდარებელი იყო, პირადად ჩემთვის მიშა მხოლოდ თანაგუნდელი არ იყო - ცხონებული ადამიანობის, კაცობის იდეალად მიმაჩნდა! მოედანზე ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის და დარბაზს მიღმაც ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა! უცხოელი კალათბურთელებიდან? ცხადია, მაიკლ ჯორდანი! ასეთი სრულყოფილი მოთამაშე არ მინახავს.

კალათბურთმა ყველაფერი მომცა: ტიტულები, აღიარება, პოპულარობა, უამრავი მეგობარი, მატერიალური კეთილდღეობა... მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ კალათბურთმა ადამიანობა მასწავლა, ძალიან დიდ პიროვნებებს შემახვედრა, რომლებმაც ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ცხოვრებაში გამიმართლა“.