„...რათა ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს და შფოთი არ იყოს“

„...რათა ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს და შფოთი არ იყოს“

დაიწევს თუ არა პოლიტიკური ტემპერატურა და მივა თუ არა ახალი პრემიერი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას?! ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, თუმცა მისი ფრაზები, რომ პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფება და, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა აღარ უნდა იქცეს მითქმა-მოთქმის საგნად, პრეზიდენტისა და პრემიერის ინსტიტუტების ახალ ფაზაზე გადასვლას ადასტურებს. მით უფრო, რომ კვირიკაშვილის აზრით, დროა, იკლოს პოლიტიკურმა ტემპერატურამ და სახელმწიფო ინსტიტუციების ურთიერთობა პიროვნულ ურთიერთობებზე აღარ იყოს დამყარებული.

ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სულაც არ არის სავალდებულო, პრეზიდენტის, პარლამენტის ან პრემიერის ინსტიტუციებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა სუფევდეს, რადგან მათ შორის კამათი ქვეყანაში ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ასეთი კონფრონტაცია უცხოეთში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

რა ხდება საქართველოში? რამდენად ჯანსაღია ეს დამოკიდებულება და რა უნდა შეიცვალოს პრემიერ კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ურთიერთობაში?!

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში პრობლემაა ის, თუ როგორ აღიქვამს ამ დაპირისპირებას ჩვენი მოსახლეობა.

„პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გარკვეული დაპირისპირება დიდი უბედურება არ არის, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ უხერხულ ვითარებას ქმნის. გასაგებია, რომ ამით უცხოეთში არ იღუპებიან, მაგრამ ჩვენში ეს დაპირისპირება, სამწუხაროდ, ქვეცნობიერში აღიქმება, როგორც მტრული დამოკიდებულება. მოსახლეობას ის კი არ აწუხებს, ვინ დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, არამედ-თავად დაპირისპირების ფაქტი, რადგან ამ დაპირისპირებაში დესტაბილიზაციას ხედავს. ჩვენს ხალხს დესტაბილიზაციის ეშინია. ამიტომ გერმანიიდან კი არ უნდა გადმოვიღოთ კანონები, არამედ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მენტალობა. გერმანიას ზოგადად ვამბობ, თორემ ჩვენი პრეზიდენტის უფლებები ჰგავს გერმანულ მოდელს. ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ ეს მთავრობა მივიდოდა და დაესწრებოდა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებით გამოსვლას. საკითხავი ის არის, ვინ უნდა აფასებდეს ქვეყანაში სიტუაციას-პრეზიდენტი თუ პრემიერი? ესაა უკვე კონსტიტუციური პრობლემა. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ამას უნდა აკეთებდეს პრემიერი და არა პრეზიდენტი“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, მართალია, მთავრობას პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე დასწრების იურიდიული ვალდებულება არ აქვს, მაგრამ საამისო მორალური ვალდებულება აქვს, რათა ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს და შფოთი არ იყოს. მით უმეტეს, ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც პრეზიდენტიც აირჩია, პარლამენტიც და პრემიერიც. ამიტომ ანგარიში ამომრჩეველს უნდა გაუწიონ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის პრეზიდენტის რეზიდენციიდან ე.წ. გამოსახლების თაობაზე კონფლიქტი ამ ეტაპისთვის საჯარო არ არის. მეტიც, დღევანდელი პრემიერი, ეკონომიკის მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის დროს, მთავრობაში ყველაზე მოზომილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემა დაიხურება და სადმე გაქრება, მით უმეტეს - წინასაარჩევნო პერიოდში. ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები თუ თავდასხმების ფორმატი არ იყო მხოლოდ სამთავრობო, ეს თავდასხმები პარლამენტიდანაც გვესმოდა, საზოგადოებრივი თუ არასაპარლამენტო სექტორიდანაც და ყოფილი პრემიერიც სწორედაც ამ გამოსახლების მომხრე იყო.

„არა მგონია, მთლად ისე იყოს საქმე, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდებოდეს პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის მნიშვნელობას, მათ როლს, ფუნქციას და მათ შორის ჯანსაღი კომუნიკაციის მნიშვნელობას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ჯანსაღ ოპონირებასაც. 2012 წლის შემდგომ წინასაარჩევნო დაპირებების ტყვეობაში მყოფ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ხშირად უწევდა პოპულისტური თემებით მანიპულირება. სწორედ ასეთი კატეგორიისად მივიჩნევ მე პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხს, რომელსაც, თავისთავად, შინაარსი არ აქვს, რადგან დამოუკიდებელი, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი თვითონ განსაზღვრავს თავისი მუშაობის წესსა და ადგილს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
რაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლას, ლევან ალაფიშვილის თქმით, ეს არის პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობისადმი სწორედ ხალხის რჩეულთა, ანუ პარლამენტართა ტრიბუნიდან. შესაბამისად, განვითარებული დემოკრატიის საზოგადოებაში ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა და მასზე დასასწრებად არასამთავრობო სექტორსაც იწვევენ.