2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიები შესაძლოა, სარეიტინგო გამოკითხვების მიხედვით შეადგინოს. სიებთან დაკავშირებით თავისებური მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თამაზ მეჭიაურს. მისი აზრით, საარჩევნო სია განათლებისა და დიპლომების მქონე ადამიანების მიხედვით არ უნდა დაკომპლექტდეს, რადგან ეს არ არის გამარჯვების გარანტია.
„თუკი უმრავლესობით ვერ მოვედით, „თავიანთი დიპლომები და სიგელები დაკიდონ კედლებზე და იმარიაჟონ მაგითი“, - აცხადებს მეჭიაური „რესპუბლიკური პარტიის“ გასაგონად.
როგორ უნდა დაკომპლექტდეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: დასაზუსტებელია, რას გულისხმობს ბატონი მეჭიაური დიპლომებში, რადგან უდიპლომო და გაუნათლებელი ადამიანი პარლამენტში რომ არ უნდა მოხვდეს, მე მგონი, საკამათო არც არის. რა თქმა უნდა, სჯობს, იყვნენ იურისტები, ეკონომისტები და ის ადამიანები, ვინც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან და არა ისინი, ვისაც არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ ჰქონია, გარდა მაგიდასთან და მეზობლებთან პოლიტიკურ საკითხებზე ჭორაობისა, როცა უცებ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე პარლამენტში. რაც შეეხება რეიტინგებს, აქ ორგვარი მიდგომაა. ერთი, „ქართულ ოცნებას“ გადახალისება რომ სჭირდება, ეს ფაქტია. საპარლამენტო სიაში უნდა შეიყვანონ ის ადამიანები, რომელთაც საზოგადოება იცნობს, ენდობა და, რომელთაც დადებითი მუხტის მოტანა შეუძლიათ „ოცნებისთვის“. შესაძლოა, სწორედ აქ არის პრობლემა, რადგან როცა დიპლომებზეა საუბარი, თუ სიაში შეიყვანენ ძალზე განათლებულ და ჭკვიან ადამიანს, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს, მასზე აპელირება ძალზე რთული იქნება. ამიტომ უნდა ეძებონ ისეთი კადრები, რომელთაც დიპლომიც აქვთ და, ვისაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს. აქ არ ვგულისხმობ აუცილებლად იურისტისა და ეკონომისტის დიპლომს, არამედ - ზოგად და პოლიტიკურ განათლებას, ასევე, საზოგადოებრივ საქმიანობას. ეს ორი ფენომენი ყველაზე საუკეთესოა საპარლამენტო სიის დასაკომპლექტებლად.
უნდა გაირკვეს თუ არა ეს სარეიტინგო გამოკითხვის თვალსაზრისით, ეს ცოტა რთული საკითხია, რადგან ამომრჩეველმა სია ერთიანობაში უნდა ნახოს და არა მხოლოდ რეიტინგებით, რადგან რეიტინგების გამოვლენა საკმაოდ რთულია მთელ მოსახლეობაში. თუ აქ ლაპარაკია ამერიკულ მოდელზე, როდესაც პარტიის ან კოალიციის შიგნით ხდება ამომრჩეველთა რანჟირება, ეს სხვა საკითხია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ გამონაკლისნი ვართ.
ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც რუსული, ისე დასავლური და რეგიონალური საგარეო ფაქტორები. ამიტომ მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობა, პირდაპირი მნიშვნელობით, არა მგონია, გამართლებული იყოს. თუმცა არც ამის გაუთვალისწინებლობა არ ივარგებს.
კიდევ ერთი, „ქართულ ოცნებას“, გარდა იმისა, რომ მოუწევს სიის გადახალისება, მოუწევს, ასევე, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება, რადგან სულ სხვა სიტუაცია იყო 2011-ში და სრულიად სხვა სიტუაციაა 2016-ში. მოსახლეობის მოთხოვნები მაშინ სხვა იყო და დღეს სხვა არის. ნებისმიერ ადამიანს, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს, თუ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და ამ მიმართულებით არ უფიქრია, რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება ადაპტირებისთვის.
და, ალბათ, ინტელექტკლუბის წევრების გამოჩენა „ქართული ოცნების“ რიგებში არ არის საკმარისი?
- რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ ყველას, ვინც ინტელექტკლუბშია, მაგრამ გარდა იმისა, რომ ინტელექტკლუბში მონაწილეობს, საკითხავია, რა საზოგადოებრივი ან პოლიტიკური გამოცდილება აქვს? სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა დამოუკიდებლობის ისტორიაში ისაა, რომ ვერ შევქმენით პოლიტიკური საზოგადოების ჩამოყალიბების ან დაწინაურების მექანიზმი. ამიტომ გვიწევს ეს ორომტრიალი.
„ამ გაზულუქებული პარლამენტარებისთვის“ გარანტიების მიცემა ცალკეულ პოლიტოლოგებს არ ემეტებათ, მით უფრო, როცა საარჩევნო სიის დაკომპლექტება წყდება ჭავჭავაძეების მარანში და ბიძინა ივანიშვილის მაგიდასთან დაჯდომა მოწყალების გაცემის ტოლფასია. ჩვენი პარლამენტარების რეიტინგზე თუ მიდგება საქმე, ხედავთ ისეთ პარლამენტარს, რომელიც მომავალ პარლამენტს გამოადგება?
- ივანიშვილის განცხადებაში, რომ ის თავის გუნდს ისე არ დატოვებს და ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან ბიზნესში გადაანაწილებს, სადავო შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ რას ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა? აღმასრულებელ ხელისუფლებას ხომ სწორედ არჩევნების შედეგების მიხედვით არჩევენ? რა გამოდის, ამა თუ იმ დეპუტატმა თუ პარლამენტში ვერ იმუშავა, ახლა აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმუშავებს? მესმის, რომ ამ გუნდს სჭირდება რაღაც ბაზის შექმნა, მაგრამ სრულიად ვეთანხმები ივანიშვილს ფრაზის მეორე ნაწილში, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ხალხმა აღმასრულებელ და სახელმწიფო სტრუქტურებში კი არ მოსინჯოს ძალა, არამედ ბიზნესში მოსინჯოს. ივანიშვილის მფლობელობაშია ბანკიც, მას საკუთარი რესურსებიც გააჩნია. ეს კარგი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი დეპუტატები უმტკივნეულოდ გადავიდნენ ერთი სიბრტყიდან მეორეში.
მაგრამ საჭიროა კი ამ ხალხის ბოლომდე „გათრევა“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათი ბიზნესში დასაქმება?
- სახელმწიფოსა და ქვეყნის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ამ ინდულგენციების გაცემა. როდესაც ლაპარაკია მათ გადაყვანაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს ქვეყნის ხარჯზე მათი უზრუნველყოფაა. ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, პირადი ქონების ხარჯზე გააკეთოს ეს და, თუ ამას გააკეთებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს დაფასებაა იმ საქმიანობისთვის, რაც 2012 წლის არჩევნებში მხარდაჭერის გამო მიიღო. შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ეთქვა ხმამაღლა, მაგრამ თავიდანვე უნდა განესაზღვრა, როგორ უნდა მომხდარიყო გუნდის გადახალისება. თუ ბიზნესში ვერ გააკეთებენ გასაკეთებელს, ეს ქვეყანას არ დააზარალებს, სახელმწიფო სამსახურში მათი ყოფნა კი ქვეყანას დააზარალებს.
ვინ უნდა შეინარჩუნოს დეპუტატის პოსტი? მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“, არსებული დეპუტატების დაახლოებით 15-20% შეიძლება შენარჩუნდეს, უნდა ინახოს, რა აქტივობის მქონე იყო ესა თუ ის დეპუტატი მთელი ამ ხნის განმავლობაში და ეს გადაწყდება ძალზე მარტივად.
ადრე ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, თუკი კოალიციის შიგნით პარტია „ქართულ ოცნებაზე“ მეტი აქცენტი გაკეთდებოდა და წინ წაიწევდა ეს პარტია. დღეს საუბრობენ, რომ შესაძლოა, კოალიცია „ოცნება“ დაიშალოს და დამოუკიდებლად გავიდეს არჩევნებზე. მომგებიანი იქნება დამოუკიდებლად არჩევნებზე გასვლა? რადგან გარკვეული პარტიები გამალებით ითხოვენ თავიანთ წილსა და ფასს კოალიციაში. სავარაუდოდ, საუბარია „რესპუბლიკელებზე“.
- როდესაც ვლაპარაკობდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ადგილი უნდა მოძებნოს, ვგულისხმობდი იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, დღესაც კი სრულყოფილად ფორმულირებული არ არის. არ ვიცი, ახლა მის შიდა სამზარეულოში რა ხდება, მაგრამ რეგიონებიდან წამოსული ინფორმაციით, „ოცნება“ სტრუქტურირებულიც არ არის ნორმალურად და ფორმაც კი არ აქვს მიცემული თავიდან ბოლომდე, რომ ყველა რაიონში ჰყავდეს თავისი დეპუტაცია, თავისი წამომადგელობა. იქაც არ არის ვერტიკალები შექმნილი. თუ უნდა დაშლილიყო „ქართული ოცნების“ კოლიცია, ეს უნდა მომხდარიყო გასული წლის შემოდგომაზე, რადგან საჭირო იქნებოდა დრო გარკვეული ადაპტირებისთვის როგორც ამომრჩეველთან, ისე თვითონ პარტიის შიგნით. ახლა ეს დაგვიანებულია. თუ ახლა „ქართული ოცნება“ დაიშლება, ამას ოპონენტები მთელ საარჩევნო კამპანიაში გამოიყენებენ.
ცოტა პარადოქსული სიტუაციაა, არჩევნებამდე დარჩენილი დრო ძალზე ცოტაა იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, მაგრამ იმისთვის, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ დაკარგოს რეიტინგი, საკმაოდ დიდი დროა. მე არ ვიცი, ვინ რაზე ვაჭრობს კოალიციაში და ვის რა პრეტენზიები აქვს, მაგრამ არსებობს კოალიციის საბჭო, არსებობს ივანიშვილი და იქაც არგუმენტირებულ მოთხოვნებზე იქნება ლაპარაკი და არა მოთხოვნაზე -„მე მინდა“.
მართალია, „ოცნების“ შიდა სამზარეულო ნაკლებად საჯაროა, მაგრამ უკვე ცნობილია „რესპუბლიკელების“ მოთხოვნის შესახებ, მათ წინასწარ უნდა იცოდნენ კოალიციაში თავიანთი სამომავლო ადგილის შესახებ. თუმცა, თუკი დაშლის შემთხვევაში, „ოცნების“ რეიტინგი გაუარესდება, მაშინ კოალციიდან გამოყოფის შემთხვევაში, ალბათ, მინუს ნულს ქვემოთ წავა „რესპუბლიკელების“ რეიტინგი, რომელიც არც მანამდე ყოფილა მაღალი, მაგრამ ივანიშვილთან დაახლოების შემდეგ მათ მოახერხეს ამდენი მინისტრისა და პარლამენტის წევრის გაყვანა.
- მოთხოვნა, რომ მე მინდა საარჩევნო სიით ამდენი წევრი გავიყვანო, გულუბრყვილო, ბავშვური და არასერიოზულია. არ ვიცი, საგურამოში მოხდება, მარანში თუ ზღვის პირას, მაგრამ ეს ისევ და ისევ კოალიციის შიგნით უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა გააკეთა და ვის მხრებზეც რა სიმძიმე იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. რაც შეეხება რეიტინგებს, გეთანხმებით, ერთ-ერთ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ დამოუკიდებლად გამოვიდნენ და 3 თუ 4% მიიღეს. გასაგებია, მათ დიდი მხარდაჭერა არ აქვთ მოსახლეობაში, ახლაც, ალბათ, გაუჭირდებათ, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, „რესპუბლიკელები“ კოალიციას უფრო სჭირდება, თუ „რესპუბლიკელებს“- კოალიცია? თუ ერთნაირად? ესაა განსასაზღვრი. ვიმეორებ, პარლამენტარების შერჩევის დროს დიდ გავლენა ახდენს ქვეყნის გარეთ არსებული სიტუაციაც. ეს არ არის მარტივი. ვიღაცას დამოუკიდებლობა და თავისუფლება წარმოუდგენია იზოლაციაში ყოფნად. არადა, ვინ იქნება დღეს იზოლაციაში? თუნდაც ნახეთ, ეკონომიკური ვითარება როგორ იცვლება, მით უმეტეს, ჩვენნაირი დამოკიდებული ქვეყნისთვის.
თუ კოალიცია დაიშლება, ეს პარტია „ქართული ოცნებისთვის“ იქნება რთული და ცუდი. „რესპუბლიკელები“ ზოგჯერ იყვნენ პარლამენტში, ზოგჯერ არც იყვნენ, მაგრამ ამაზე თავი მაინცდამაინც არ მოუკლავთ, ეს პრობლემაა უფრო კოალიციისთვის. მიუხედავად აზრთა და იდეოლოგიური სხვადასხვაობისა, კოალიციის შენარჩუნებაა საჭირო იმ სუბიექტებით, რა სუბიექტებითაც ის დღემდე მოვიდა, თუ ვინმე მიემატებათ, კიდევ უკეთესი, რადგან საკმაოდ მძიმე არჩევნები ელის ქვეყანას და არჩევნების შემდგომი პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ამიტომ, თუ შესაძლებელია, თუნდაც ერთ და ორკაციანი პარტიის რაღაცნაირად ჩართვა, ასეთი უნდა ჩაერთოს, ან ოპოზიციაში უნდა მოხდეს გაერთიანება. ძალიან კარგი იქნება, თუ გაერთიანებას შეძლებს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია.
რას გულისხმობთ არჩევნების შემდგომ რთულ პერიოდში? მოსალოდნელია ქუჩის აქციები?
- არ ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ქვეყნის შიგნით და გარეთ დალაგდება. მეშინია, რომ ამომრჩეველი შეიძლება არც მივიდეს არჩევნებზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლების ნაკლებ ლეგიტიმიზაციას. ეს ქმნის ხიფათს, რომ, თუ პოლიტიკური სპექტრის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩება ქუჩაში, აუცილებლად დაიწყება არასტაბილური ვითარების პროვოცირება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაქსიმალურად იქნება პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო სივრცეში წარმოდგენილი, მაინც არის ამის საშიშროება დაბალი ლეგიტიმიზაციის პირობებში. ამიტომ ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე და არ შეიქმნას ვაკუუმი, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ხალხი დარჩეს ცალკე და პოლიტიკური ცხოვრება მცირე გუნდთან ერთად გაგრძელდეს ცალკე. ამის მეშინია. დარჩება ეს ხელისუფლება თუ მოვა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სიტუაცია არ იძლევა მნიშვნელოვანი წარმატების საფუძველს. რაც შეეხება მოსაზრებას, „თუკი უმრავლესობით ვერ მოვედით, კაბინეტებში გააკრან ეს სიგელებიო“, თქვენც ხომ კარგათ იცნობთ „რესპუბლიკელების“ იმ გუნდს, ვინც არიან პარლამენტში. ესენი შემდგარი ადამიანები არიან, ულუკმაპუროდ არც ერთი მათგანი არ დარჩება. არსებულ კოალიციაში შეიძლება დიდი მხარდაჭერა ცალკე აღებულ არცერთ სუბიექტს არ ჰქონდეს. თუ გულწრფელები ვიქნებით, თუკი ივანიშვილს მოვაშორებთ, შეიძლება, საერთოდ განულდეს ეს კოალიცია. ისევ ივანიშვილის რეიტინგზე მიდის თამაში, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ძალა. ამ კოალიციის არსებობა, გნებავთ, პიარი დაარქვით ამას, გნებავთ, სხვა რამ, მაინც ერთგვარი ძალის ასოციაციას ქმნის ამომრჩევლის თვალში.
მაგალითად, თუ „რესპუბლიკელებს“ 3% ამომრჩეველი ჰყავთ, მათი მხრიდან კოალიციის დატოვების შემთხვევაში, 3 %-ზე მეტს დაკარგავს კოალიცია. ეს შეეხება „რესპუბლიკელებსაც“, „ფორუმსაც“ და „მრეწველებსაც“, კოალიციიდან მათი გასვლის შემთხვევაში, ადაპტირებას ამომრჩეველი ვეღარ მოასწრებს. ეს არის პრობლემატური, თორემ კარგია, რომ სიგელები აქვთ, დაკიდონ ეს სიგელები და იქნებიან სახლში.