საქმე გახსნილია - მკვლელობის შემკვეთად უდესიანი და ქურასბედიანი სახელდება

საქმე გახსნილია - მკვლელობის შემკვეთად უდესიანი და ქურასბედიანი სახელდება

მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. თუმცა, ბიზნესმენის მკვლელობის შემკვეთი და მოტივი, უცნობია. მოკლული ბიზნესმენის შვილი, ბესო ხარძიანი ამბობს, რომ ოჯახს პირველ რიგში, დამკვეთი აინტერესებს და დარწმუნებულია, ის რომ ხარძიანი მიწაში წევს, ეს გია უდესიანის და რეზო ქურასბედიანის დამსახურებაა. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ხარძიანის მკვლეობაში მხილებულნი არიან უკრაინის მოქალაქე, ალექსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ოლეგ დოევი  და ამბობენ, რომ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების და მათ შორის დამკვეთის მხილების მიზნით ინტენსიური გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ ბრალდებულებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი, პარალელურად კი, ბრალდებულების მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვას სასამართლო 3 თებერვალს დაიწყებს. საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს 9-ტომიანი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154 სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა აღნიშნულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. ამოღებული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს.

დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დამნაშავე პირთა ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები. არის თუ არა გამოძიებისთვის საინტერესო მოწმე, გია უდესიანი, რომელიც ბიზნესმენის ოჯახმა მკვლეობის შემკვეთად დაასახელა, ამ საკითხზე გამოძიება არ საუბრობს.

აღნიშნულთანდ კავშირებით არ საუბრობს ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიებამ დაკითხა ყველა ის პირი, ვის დაკითხვასაც მიზანშეწონილად თვლიდა.

„ყველადაკითხულია და ეს მასალები საქმეში დევს. ვიდრე ეს ხალხი სასამართლოს მიერ არ დაიკითხება, ვერ გეტყვით ვინ არიან დაკითხული და ვის რა ჩვენება აქვს მიცემული“, - აცხადებს მალხაზ სალაყაია.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით,2015 წლის 13 იანვარს, დამეტოვი და დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ. იმავე დღეს დამეტოვი ჯავახეთის ქუჩა N44-ში მდებარე სასტუმრო „GGS“-ში დაბინავდა , ხოლო დოევი ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ ბინაში. 16 იანვარს კერძო პირისაგან იქირავეს პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც 28 მარტამდე ცხოვრობდნენ. პეკინის გამზირზე მდებარე „ჯორდანოს“ მაღაზიათა ქსელში დამეტოვმა შეიძინა ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი. 4 მარტს რუსთაველის გამზირზე მდებარე მობილური ოპერატორის ოფისში დამეტოვმა და დოევმა ტელეფონის სიმ-ბარათებზე გაიაქტიურეს ინტერნეტ მომსახურების სერვისი.

ხოლო 15 მარტს კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში, შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი და შავი ფერის ჩაფხუტი, რის შემდეგ დაიწყეს ხარძიანის გადაადგილების მარშუტების შესწვალა. მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ხალიკ ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „საქართველოსთან“ და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.

იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და საქმიან შეხვედრაზე მივიდა მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო „საქართველოში“. შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო „საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე. ხარძიანმა სასტუმრო „საქართველოს“ ტერიტორია 13:43 საათზე დატოვა და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას. როდესაც ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესიკ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო.

მკვლელობის შემდეგ დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მოპედი და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან, ხოლო რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე. ამის შემდეგ გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით. თუმცა, თამარ მეფის ხიდთან ჩამოვიდა, რა დროსაც მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.

ამის შემდეგ, დამეტოვმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა „MERSEDERS-BENZ E“-კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. იმავე დღეს დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა.

დაახლოებით 15-16 საათისათვის დამეტოვმა და დოევმა ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურზე იქირავეს „MERSEDERS-BENZ S“-კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში. დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ფეხით გადაკვეთეს და მიიმალნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიება თავს იკავებს.

პროკურატურამ გახმაურებული მკვლელობა გახსნა, თუმცა ოჯახი შემკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს. ბიზნესმენის დედა შემკვეთის ვინაობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არანაირი ვარაუდი არ აქვთ.

„ვარაუდი რომ გვქონდეს, ფრჩხილებით ამოვკორტნიდი თვალებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ვიღაცა მოტოციკლით მოვიდა და მოკლა, მაგრამ ჩვენ გვაინტერებს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა, თორემ ის ისედაც ვიცოდით, რომ ვიღაცა უცხოელი მოვიდა და თავის სახლთან მოკლა ჩემი შვილი...ისედაც ვიცოდით, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ხარძიანის დედამ.

ხარძიანების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ახალი არაფერი უთქვამს და ადამიანები, რომელიც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურირებენ, გამოძიების პროცესში იქნენ იდენტიფიცირებულები.

„ოჯახი ვერ გაცდება იმ განცხადებას, რაც პროკურატურამ გააკეთა. იმიტომ, რომ ჩვენც ეს პოზიცია გვაქვს. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და პირთა ბრალელუბაზეა საუბარი, შესაბამისად საზოგადოების ინტერესებზე ვერ ვიმუშავებთ. საზოგადოება აუცილებლად მიიღებს სრულყოფილ პასუხს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და გაირკვევა ვინ შეუკვეთა ეს მკვლელობა, რადგან ფაქტია, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელი და შემკვეთი კავშირში არიან ერთმაენთთან. რასთან არის ეს მკვლელობა კავშირში, ამას პასუხს გასცემს გამოძიება“, - აცხადებს მალხაზ სალაყაია.