წიწაკამოყრილი ვაშლი

წიწაკამოყრილი ვაშლი

მსახიობებს საკუთარი პროფესიის გამო ხშირად არააორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის.

ცნობილ ქართველ ტელეწამყვანს ჟანეტა არჩვაძეს საინტერესო და მდიდარი თეატრალური წარსული გააჩნია. ერთხელ ქალბატონმა ჟანეტამ მსახიობ გიორგი შავგულიძეზე ერთი სასაცილო ეპიზოდი გაიხსენა.

“საოცარი იუმორი ჰქონდა, განუმეორებელი სიხალისე და კოლორიტი შეჰქონდა ურთიერთობებში. ერთხელ იცით, რა გაუკეთა ელენე ყიფშიძეს? სპექტაკლში არის ერთი ასეთი სცენა: მთაში ვართ, კარავში. რაღაც მომენტში გოგი გეგეჭკორი, მე და ლენა ვიწყებთ სიმღერას. ლენას ამ ეპიზოდისთვის სპეციალურად ჰქონდა მომზადებული გაჭრილი ვაშლი, რომელიც სიმღერის დაწყების წინ აუცილებლად უნდა ჩაეკბიჩა.

ერთხელაც, დაიწყო სცენა, ლენამ ჩაკბიჩა ვაშლი და უცებ ისეთი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. გავშრი, გავიხედე კულისებში და ვხედავ, ჟორა დგას და სიცილით კვდება, - თურმე, წიწაკა წაუსვა გაჭრილ ვაშლზე. მსახიობებს უყვართ ერთმანეთისთვის ასეთი ეშმაკობების გაკეთება. მახსოვს სპექტაკლი შეჩერდა, ფარდა დახურეს და ლენა გონს რომ მოვიდა, თამაში მერე გავაგრძელეთ. ზუგდიდში მოხდა ეს ამბავი, იქ გვქონდა სპექტაკლი წაღებული”.

მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო - ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო - მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, - უპასუხეს მათ.

ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.

- ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, - იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.

გოგუცა კუპრაშვილი იგონებდა:

“პირველი სეზონის შემდეგ მოეწყო გასტროლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და შუამდგომლობის შედეგად ამიერკავკასიის რკინიგზამ ორი ვაგონი გამოგვიყო. გასტროლებთან დაკავშირებით ჩატარდა შემოქმედებითი კოლექტივის თათბირი, სადაც გადაწყდა, რომ ეფექტისთვის ყველას ერთი ფერის ლაბადები ჩაგვეცვა.

მართლაც, შევიძინეთ იაფფასიანი ნაცრისფერი რეზინის ლაბადები. ივლის-აგვისტოში, ალბათ, წარმოიდგენთ, რა სიამოვნებასაც ვიგრძნობდით! ჯერ რომ ოფლად ვიღვრებოდით და მერე რეზინის სუნმა შეგვაწუხა. პირდაპირ სასჯელს ვიხდიდით. ამ დროს ვიღაცამ წამოიძახა: რას იზამ, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი ჩაცმულობა სენსაციას მოახდენდა. მით უმეტეს, როცა მატარებელი ბაქანზე ჩამოდგებოდა, ერთდროულად გაიღებოდა ოთხივე კარი და ჩვენც ყელმოღერებული გამოვლაგდებოდით.

ერთმა ქალმა გვიყურა, გვიყურა და ლირიკული ტონით წარმოთქვა: ”საწყლები, ალბათ “პრიუტიდან” არიან!”

ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ერთხელ ითავა, კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებს დახვედროდა თავისი მანქანით. მძღოლი მიხეილ ზარგარიანი, მეტსახელად “პროფესორა”, საინტერესო პიროვნება იყო, უყვარდა მუსიკა, შულიგინას კლასიც კი დაამთავრა. შემდეგ გაზეთ “ლელოში” მუშაობდა ფოტო-ჟურნალისტად, ომის წლებში მხატვრულ ბრიგადაში მოეწყო ფილარმონიის ხაზით და ჰოსპიტლებში მღეროდა. მოკლედ, სადგურზე ორივე მიშა სტუმრებს დახვდა, ჩასხდნენ მანქანაში და სასტუმრო “ორიენტისკენ” გაემგზავრნენ. ჭიაურელმა, რომელიც მძღოლის გვერდზე იჯდა, “თავო ჩემო” დაიწყო. უეცრად მძღოლი ჩაერთო და კიაზოსა და მალხაზის დუეტი წამოიწყეს, შემდეგ “აბესალომ და ეთერს” გადასწვდნენ. “პროფესორამ” ჟერმანის არიის ნაწყვეტი ჩაახვია, მიხეილ ჭიაურელმა – ჰერცოგის. სიჩუმე ჩამოვარდა.

- თქვენ ვინ ხართ? – მოესმათ სტუმრების ხმა.
- ვინ? ჩვენ? ჩვენ მძღოლები ვართ, - უპასუხა ჭიაურელმა.

სტუმრების გამოსვლას დიდი კმაყოფილებით შეხვდა ქართველი მაყურებელი. ყვავილებით აივსო სცენა, დიდხანს იწვევდნენ სცენაზე. გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კულისებში მათთან შევიდა ლაურეატის ნიშნით მკერდდამშვენებული ჭიაურელი, რომელიც თეატრის დირექტორმა სტუმრებს წარუდგინა, რაღა თქმა უნდა, ბევრი იცინეს.

სსრკ-ის სახალხო არტისტმა მიხეილ გელოვანმა სოხუმში სახლი აიშენა 80-იან წლებში. მაშინ სოხუმში ცხოვრობდა ძველი თაობის თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი, მისი ახლო ნათესავი ალიოშა დგებუაძე.

ერთ დღეს მიშა ნათესავებს ეწვია. ისადილეს, იმღერეს, დრო გაატარეს და მიშამ ალიოშა თან წამოიყვანა სახლის სანახავად. ალიოშას სახლი მეტად მოეწონა, ადგილ-მდებარეობაც.

- მიშა, აი ის სახლი შენი სახლის გვერდზე ქვემოთ რომ დგას, საცხოვრებელია?
- არა, ფსიქიატრიული საავადმყოფოა.
- აი, ის ზევით რომ არის?
- ვენერიული დისპანსერი. უკეთესი ადგილი ვერ შემირჩიეს, - სინანულით თქვა მიშამ.
- არა, მიშა, არა, შესანიშნავი ადგილი მოუციათ. მიხვდნენ, ალბათ, რომ შენი ბოლო ან იმ საავადმყოფოში იქნება, ან დისპანსერში.