ქუჩაში ბავშვის „მუშაობა“ და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგია

ქუჩაში ბავშვის „მუშაობა“ და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგია

ამიერიდან ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც გასული წლის 26 დეკემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის მოზარდი ემსხვერპლა. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ეს ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ამიტომაც საჭიროა ბავშვების დაცვა მონობისგან, რადგან ამ ბავშვებს მათხოვრობისკენ მათივე მშობლები ან მესამე პირები უბიძგებენ.

რეფორმის საფუძველზე, სოციალურ მუშაკს საშუალება ექნება, უკიდურესი ზომის სახით, ძალადობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორივე ინსტანციაში.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, შემოდის „მიუსაფარი ბავშვის“ სტატუსი, რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისები იქნება მიბმული.

რა ხარვეზებია ახალ კანონპროექტში, ამის შესახებ For.ge-ს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ესაუბრა.

ანა აბაშიძე: მივესალმებით ახალ ინიციატივას კანონპროექტის სახით, რომელიც მთავრობას წარედგინა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. აქ სხვადასხვა რეგულაციაა შემოტანილი, პირველ რიგში, შემოდის ტერმინი „მიუსაფარი ბავშვი“. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილს, ამ მიმართულებით შეკითხვები გვაქვს. თუ კანონპროექტის მიზანია, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება, ამას შესაბამისი რესურსებიც უნდა ახლდეს. ჩვენი აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფო არასწორად არქმევს სახელს იმ პრობლემას, რომელზეც წერს კანონპროექტებს. მაგალითისთვის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა დანაშაულთან ასოცირებული მოვლენაა და არა მხოლოდ სოციალური სიდუხჭირის შედეგი, რომელსაც წლებია, სახელმწიფო სწორედ ამ კუთხით აწვდის საზოგადოებას. ვიმეორებ, ქუჩაში ბავშვის გასვლა, მუშაობა და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგია. ეს ორგანიზებული დამნაშავეები არიან, როგორც ამ ბავშვების კანონისმიერი წარმომადგენლები, ანუ მშობლები, ასევე,- მესამე პირები, რომლებიც მონეტარულ სარგებელს იღებენ ბავშვებისგან. ჩვენ ამას ვუწოდებთ თანამედროვე მონობას ბავშვების მიმართ.

მესამე პირები რა ხერხით ახდენენ ბავშვებზე ზემოქმედებას? დაშინებით? ტრეფიკინგით?

- კონკრეტული თანხის საფასურად ხდება ბავშვების გაქირავება. ამ დროს გარიგება იდება როგორც მშობელთან, ისე მესამე პირთან, მის ნათესავთან. ქუჩაში გასასვლელად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმის ძალადობა ან ბავშვის იძულება, რაც არცთუ ისე ძნელია, ბავშვთან მიმართებით მოახერხონ დამნაშავეებმა. მტკიცებითი ფორმით ვერ გეტყვით, კონკრეტულად რას იყენებენ ბავშვების ქუჩაში გასაყვანად, მაგრამ ცხადია, გამოყენებულია არაკანონიერი მექანიზმები, რითაც ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საშიშროების წინაშე აყენებენ. მშობელი იქნება თუ მესამე პირი, არსებითად არაფერი იცვლება. ტრეფიკინგი ახსენეთ და გეთანხმებით, ტრეფიკიორი შეიძლება იყოს როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი, ისე მესამე პირი. ეჭვი გვაქვს, რომ ამ შემთხვევათა 95% სწორედ ტრეფიკინგის და სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულია და ბავშვის ქუჩაში გასვლა მისი შიმშილით ან ოჯახის სოციალური სიდუხჭირით არ აიხსნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფომ მოვლენის სახელი სწორად უნდა შეარჩიოს, არ უნდა მოხდეს დანაშაულის შელამაზება. რატომღაც იუსტიციის სამინისტროს მთავარ პრობლემად მიაჩნია ბავშვის დაბადების მოწმობის არქონა.

მაგრამ მშობლები არ ზრუნავენ ამ დოკუმენტის აღებაზე, რაც ფინანსების არარსებობით აიხსნება.

- მრავალი მიზეზის გამო შეიძლება, არ ჰქონდეთ ბავშვებს დოკუმენტაცია, მაგრამ არასწორია, რომ სახელმწიფო კონკრეტული დოკუმენტების ქონა-არქონას აბამს ბავშვთა უფლებების რეალიზებას. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ბავშვს არ აქვს არანაირი დოკუმენტი და ამ დროს ესაჭიროება უსაფრთხო გარემო, ჯანდაცვის სერვისი, განათლება. სახელწიფოს პასუხი ამაზე ისაა, რომ სანამ დოკუმენტს არ დავამზადებთ, ბავშვი ვერ მიიღებს ასეთი ტიპის სერვისებს. პირდაპირ გეტყვით, ეს ბავშვის უფლებებისა და გაეროს სტანდარტების დარღვევაა.

გერმანიაში ქუჩაში მჯდომი ბავშვისთვის ფულის მიცემა იკრძალება. იქ შეიძლება, სამათხოვროდ გასულ ბავშვს საჭმელი მისცე, მაგრამ არა ფული, რადგან შეიძლება ბავშვმა ამ ფულით მომწამვლელი წებო შეიძინოს. გარდა ამისა, აშკარაა, ვიღაც აიძულებს მათხოვრობას და ამის წახალისება არ უნდა მოხდეს. ცხადია, სენსიტიური თემაა და ძნელია, ქუჩაში სამათხოვროდ გასულ, ზამთარშიც კი შეუმოსავ ბავშვს არ დაეხმარო, მაგრამ ევროპული მაგალითი ხომ არ უნდა გადმოვიღოთ საქართველოში, სადაც ბავშვისთვის ფულის მიცემა დასჯადია?

- პირველ რიგში, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მრავალფეროვანი და სრულყოფილი სერვისები. თუ ბავშვის სახლში დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ ის სადღაც უნდა წაიყვანოს სახელმწიფომ და არა ისეთ გარემოში, სადაც მისთვის უარესი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ დღეს მრავალფეროვანი სერვისები გვაქვს. ბავშვისთვის თანხის მიცემით ჩვენ ვმონაწილეობთ და ვაფინანსებთ ტრეფიკინგის დანაშაულს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ბავშვებს ეს თანხა არ ხმარდებათ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ნაწილში დავიწყეთ კამპანია, რათა ხალხს ვურჩიოთ, რომ თანხის მიცემის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებს აცნობონ, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება.

ანუ წაიყვანონ ბავშვი? მაგრამ 2013 წელს დაიწყო პროგრამა, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფას ეხებოდა, თუმცა ბავშვები თავშესაფრიდან მაინც გარბოდნენ და ქუჩაში მათხოვრობას ამჯობინებდნენ.

- ქუჩაში ბავშვების ორი კატეგორიაა. პირველი, რომლებიც დაბადებიდანვე ქუჩაში იზრდებიან. მათთან მიმართებით განსხვავებული სერვისია აუცილებელი, რადგან შეიძლება, ბავშვი მივიდეს კონკრეტულ დღის ცენტრში, მაგრამ არ დარჩეს. იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ თემებზე აქტიურად მუშაობენ, აქვთ კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ დაანახონ ამ ბავშვებს სერვისის სარგებლიანობა. მართლაც, დგება დრო, როცა ბავშვები აღარ გარბიან ამ სერვისიდან. რაც შეეხება ქუჩაში ახლადგასულ ბავშვს, მას არ აქვს ის „უნარ-ჩვევა“ ჩამოყალიბებული, რომ აუცილებლად უნდა იყოს ქუჩაში. ამ ბავშვების გადარჩენა უფრო შესაძლებელია, სახელმწიფოს ამგვარი დიფერენცირებული მიდგომა რომ ჰქონდეს.

დღეს არსებობს რამდენიმე დღის ცენტრი, სადაც ღია კარია და ბავშვებს მისვლას სთავაზობენ, მაგრამ ეს გულუბრყვილო შეთავაზებაა, რადგან ამ ბავშვებს დამოუკიდებლად არ მიუღიათ ქუჩაში ყოფნის გადაწყვეტილება. ამიტომ, თუ სახელმწიფო სამართლებრივ პასუხს არ გასცემს მათზე ზემოქმედების მომხდენთ, ცხადია, შედეგს ვერ მივიღებთ და ისინი ისევ გაიყვანენ ბავშვებს ქუჩაში, ან აუკრძალავენ რომელიმე ცენტრში მისვლას. გვქონია შემთხვევა, როცა ბავშვი გამოიქცა სახლიდან, პოლიციის შენობას აფარებდა თავს და ითხოვდა, უკან აღარ დაებრუნებინა პოლიციელს, რადგან მას ისევ ქუჩაში სამათხოვროდ გაუშვებდნენ. სახელმწიფოს არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია ამ მიმართულებით, სახელმწიფო აყალბებს სტატისტიკურ მონაცემებს.

ანუ რეალურად რამდენი ბავშვია ქუჩაში გასული, არ ვიცით?

- დღეს სახელმწიფო ამბობს, რომ 500-მდე ბავშვია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2008 წელს არსებული მონაცემებით, 2000-მდე ბავშვი იყო ქუჩაში. შეუძლებელია, ამ მონაცემებმა იკლოს იმის გათვალისწინებით, რომ არანიარი სერვისი არ შეუთავაზებიათ ბავშვებისთვის.

არ გამოვლენილა არც ერთი მესამე პირი, რომელიც ამ ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდა?
- გამოვითხოვეთ სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც სამართალდამცავებისგან, ისე ჯანდაცვის სამინისტროსგან, მაგრამ არც ერთ ასეთ შემთხვევაზე სამართლებრივი პასუხი არ არის გაცემული.

საინტერესოა, რა სარგებელს იღებენ ეს ბავშვები და მათ უკან მდგომი პირები ყოველდღიურად?

- ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ამის განზოგადება არ იქნებოდა სერიოზული, რადგან ამას შესწავლა სჭირდება, თუმცა დღის განმავლობაში საკმაოდ მომხიბვლელ თანხებზეა საუბარი. განსაკუთრებით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მგზავრები და გამვლელები ამჩნევენ, რომ დღის კონკრეტულ მონაკვეთში მოდის ვიღაც სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც ბავშვს შეგროვილ თანხას ართმევს და მიდის. როგორც თვითმხილვლები ამბობენ, დაახლოებით დღეში ეს საშუალოდ ას ლარს უტოლდება, რაც ბავშვების ხელით ჩადენილი სერიოზული დანაშაულია. ამ შემთხვევაში, ბავშვები მთავარი მსხვერპლნი არიან. ვერ წარმომიდგენია, ამაზე როგორ შეიძლება დუმდეს სახელმწიფო.