„ისლამური სახელმწიფო“ ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა

„ისლამური სახელმწიფო“ ფინანსური კრიზისის წინაშე დადგა

„ისლამური სახელმწიფო“ მებრძოლებისთვის და დაჯგუფების სხვა წევრებისთვის ხელფასის განახევრებას აპირებს. ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც ანაზღაურების შემცირების შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებებსაც მოიცავს. განცხადებებში აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია დაჯგუფებაში შექმნილი „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო. მათივე განცხადებით, ანაზღაურების შემცირება შეეხება ყველას.

„ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსების შემცირება სავარაუდოდ ბოლო პერიოდში მათ მიერ კონტროლირებად ნავთობობიექტებზე იერიშების გახშირებამ გამოიწვია. როგორც ცნობილია, წლის დასაწყისიდან დღემდე აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სირიასა და ერაყში ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად ობიექტებზე დაახლოებით 270 იერიში მიიტანეს.

ჯერ კიდევ 18 დეკემებრს გაეროს უშიშროების საბჭომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა, რომელიც დაჯგუფების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია - ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა. რეზოლუცია ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს.

დაჯგუფების დაფინანსების ძირითადი წყარო მოპარული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ასობით მილიონი დოლარია. ამასთან, ისლამისტები მნიშვნელოვან კაპიტალს აგროვებენ ნარკოტიკებით და იარაღის ვაჭრობით მიღებული თანხებით, მათ შორის გატაცებული ადამიანების გამოსასყიდით მიღებული თანხები.

გარდა ამისა, ისლამისტები მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას სპარსეთის ყურის ქვეყნების კერძო ინვესტორებისაგან ღებულობენ, განსაკუთრებული აქტიურობით კი გამოირჩევიან - კატარის საამირო და საუდის არაბეთი. ანალიტიკოსების განცხადებით, საუდის არაბეთს და კატარის საამიროს საკუთარი ინტერესები გააჩნიათ სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე და ეს არის ენერგომატარებლები. არ არის გამორიცხული, რომ ისლამისტები გარკვეულ ფინანსურ დახმარებას რუსეთიდანაც ღებულობდნენ.

თუმცა, ანალიტიკოსები დადასტურებით აცხადებენ, რომ დაფინანსების მთავარი წყარო ნავთობის საბადოა. ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ დაჯგუფების დაფინანსების გზების მიზანში ამოღება ისლამისტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს მებრძოლების დაქირავებისა და ბრძოლისთვის საჭირო მარაგის ყიდვის შესაძლებლობას.

„ბუნებრივია, რომ მათ მიერ კონტროლირებად ნავთობობიექტებზე იერიშებმა რაღაცა შედეგი გამოღო. პირველი რიგში, დგას ფინანსები და აქიდან გამომდინარე უნდა დასუსტდეს ფინანსური ნაკადი და არ არის გამორიცხული ამის ფონზე შიდა დაპირისპირება დაიწყოს. სამწუხაროდ, ფინანსური მოტივი გახდა მთავარი მოტივი საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც გაემგზავრნენ სირიასა და ერაყში.

საქართველოში ყველა ადამიანს არ აქვს თვითრეალიზაციის საშუალება, მით უმეტეს უმცირესობას. ამიტომაც გავიდნენ სირიაში. ახლა მთავარია, რომ მოხდეს ფინანსური წყაროს გადაკეტვა. ვიცით, რომ აშშ და იგივე არაბული სამყარო დაინტერესებულია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებით.

იმედია, რომ არც რუსეთს აწყობს მათი არსებობა. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე დიდი სახელმწიფო შეეცდება მხარი დაუჭიროს „ისლამურ სახელმწიფოს“, ასეთ შემთხვევაში, ფინანსური შემოსავალი შეიძლება სულაც არ შესუსტდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ ისლამისტების მიერ კონტროლირებადი რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები განადგურდა, რამაც „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუქმნა გარკვეული პრობლემა, რადგან ბიუჯეტის 40% სწორედ ნავთობის მოპოვებით და მისი რეალიზაციისგან მოდიოდა.

„მათ სხვა შემოსავლებიც გააჩნიათ და საკმაოდ ძლიერი, როგორიც არის ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა, ასევე ადამიამების უკანონო ვაჭრობა. ფინასური პრობლემები მხოლოდ ნავთობის განადგურებით არ არის გამოწვეული. იცით, რომ დაეცა ნავთობის ფასები და ბუნებრივია, რომ ესეც გავლენას თამაშობს „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლებზე.

არ მგონია, რომ ფინანსური ნაკადის შემცირებამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო პოტენციალის შემცირებაზე. მათი ძირითადი იდეა არის იდეოლოგიური ბაზის განმტკიცება. მებრძოლების უმეტესობა სწორედ იდეოლოგიური მოტივაციით არის გაწევრიანებული ამ დაჯგუფებაში. იდეოლოგია ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ რამდენიმე ფრონტზე გადავიდა შეტევაზე და ცდილობენ დაკარგული პოზიციების აღდგენას.

„პრობლემები ჰქონდათ ალეპოს პროვინიციაში. მუსლიმ მარგოშვილმაც გააკეთა მიმართვა, სადაც ის მოუწოდებდა „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობას, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ამ მხარეში მებრძოლების მობილიზაციას და გააძლიერონ სამხედრო კომპონენტი. აქიდან გამომდინარე, შემცირებული ფინანსური ნაკადის ფონზე არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მეტი რაოდენობის მებრძოლების მობილიზაცია მოახდინონ და როგორც მე ვიცი „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაცხადა მობილიზაცია, რის შედეგადაც საკმაოდ გაიზარდა მებრძოლების რაოდენობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.