საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. H1N1 ვირუსით გარდაცვალების ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა, გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები დაავადება ჰქონდა და რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გავრცელება არის საშუალო, ხოლო სიკვდილის შემთხვევები, საბედნიეროდ ძალიან დაბალი.
„დღეს ყველა შემთხვევა, რაც არის გრიპის, არის H1N1 ვირუსი, გარდა ზოგიერთი შემთხვევისა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გვხვდება H3, თუმცა ავადმყოფისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გრიპის რომელი ვირუსით გახდება ავად. ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურება იმისთვის გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რა ვირუსები ცირკულირებს საქართველოში“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება მოსალოდნელია იანვარ-თებერვალში. ამ მომენტისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. თუმცა, ეს ციფრი აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელია და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პიკს არ აჭარბებს.
იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევას გადააჭარბებს, გრიპის ეპიდემია გამოცხადდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ჰოსპიტალიზაცია.
ის პირები, რომლებიც დაავადებულები არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტით, ფილტვის პრობლემებით, მოხუცები და ორსულები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და პირველივე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს. დღეისთვის გრიპის ვირუსებზე სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი. 8 ათასზე მეტი პირი კი, კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა ანტიბიოტიკები. გარდა ამისა, იმნაძემ მიმართავს დაწესებულებათა მენეჯერებს, გაციებული თანამშრომლები გამოჯანმრთელებამდე სამსახურიდან გაათავისუფლონ.
„ე.წ.ღორის გრიპის ვირუსის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ პრევენცია მაინც აუცილებელია. ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მოხლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 ათას კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ არის მოსალოდნელი“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელთან გამართულ თათბირზე მიიღო. დავით სერგეენკომ სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.
„გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც.
ცხელების გამოძახებები, რომლებიც არის არა რისკ-ჯგუფის პაციენტეში, ამაზე სასწრაფო ბრიგადა არ უნდა გავიდეს. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი პატარა მანქანა, რომელშიც იქნება ოჯახის ექიმი. თბილისის სასწრაფოს მიმართ მაქვს რეკომენდაციები და ბრძანება, ასევე რაიონული სასწრაფოს მიმართ, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვთ საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ ამ კატეგორიის გამოძახებებზე. ასეთ შემთხვევებზე გავიდეს სწორედ ეს მანქანები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.