იოსებ არჩვაძის პასუხი სააგენტო For.ge-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე

იოსებ არჩვაძის პასუხი სააგენტო For.ge-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუზე

მოგესალმებით და მინდა დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, ხაზი გავუსვა თქვენი სააგენტოს თანამშრომლების მაღალპროფესიონალიზმს, მუდმივ მზაობას, სიღრმისეულად გააშუქონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ დემოგრაფიული პრობლემები. პირადად მე ყოველდღიურად დიდი ინტერესით ვეცნობი თქვენს პუბლიკაციებს და სიამოვნებით ვარ თქვენი ჟურნალისტების რესპონდენტი. - მარტო გასულ წელს, სულ ცოტა, 10-ჯერ მაინც მივეცი ინტერვიუ თქვენი სააგენტოს წარმომადგენლებს.

ვადასტურებ რა, კიდევ ერთხელ, თქვენი სააგენტოსა და თანამშრომლების მიმართ ჩემს ღრმა პატივისცემას, მინდა შევეხო ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წლის 18 იანვარს სახელწოდებით ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გია ხუბუას აჩრდილი დადის.

ქალბატონ თამთა ქარჩავას მიერ თსუ უნივერსიტეტის პროფესორ ქალბატონ ნატალია ხარაძის ინტერვიუში, რომლის დიდი ნაწილი „მეძღვნება“ მე, „გაპარულია“ რამდენიმე უზუსტობა, რის გამოც საზოგადოება შეიძლება შეცდომაში იქნეს შეყვანილი. სამწუხაროდ, რესპონდენტის მიერ ჩემ მიმართ გამოთქმულია რიგი არასწორი შეფასებები, მათ შორის ღირსების შემლახავი ბრალდებები, რომლებზეც საჭიროდ ჩავთვალე For.ge-ს მრავალრიცხოვანი მკითხველისათვის სათანადო განმარტების გაკეთება.

კერძოდ:

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის 2009 წლის სექტემბერში მოქმედი შესარჩევი საკონკურსო კომისია შედგებოდა 4 წევრისაგან (გერმანიის მოქალაქეები: ბ-ნი იოხან ციმერმანი - კომისიის თავმჯდომარე და ბ-ნი ვოლფანგ ვენგი; საქართველოს მოქალაქეები: ქ-ნი ქეთევან ლაფაჩი და იოსებ არჩვაძე - კომისიის მდივანი). გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმების უმრავლესობით. თუ ხმები შუაზე იყოფოდა (როგორც წესი, ბ-ბი ციმერმანი და ვენგი სრულ უნისონში მოქმედებდნენ), მაშინ გადიოდა კომისიის თავმჯდომარის წინადადება. კონკურსის დასრულების შემდეგ კომისიის წევრთა კონკურსში გასული კანდიდატების შეჯერებული სია მე, როგორც კომისიის მდივანმა, „გადავათეთრე“ და გავამზადე კომისიის წევრების ხელმოსაწერად. არავითარი სხვა, „წინასწარგამზადებული სია“, არ ყოფილა. იყო მხოლოდ კონკურსზე ოფიციალურად დაშვებულთა საერთო სია.

კონკურსი იმის კონკურსია, რომ ყველა ვერ ლახავს ზღვარს. ეს ჩემთვის ადამიანურად გასაგებია და ახლაც განვიცდი მათ მდგომარეობას, ვინც ვერ გაიარა კონკურსი, არ იქნა არჩეული აკადემიურ თანამდებობებზე. ეს წუხილი მეხატა სახეზე, რომელსაც შემდეგ ზემოხსენებული ინტერვიუს რესპონდენტმა „შიშში“ ჩამითვალა. კონკურსში ვერგასულთა მიერ სასამართლოში ჩივილი კი, მოგეხსენებათ, „არ ახალია, ძველია“ - მას ადგილი ჰქონდა 2009 წლამდე ჩატარებულ კონკურსებში, 2009 წლის შემდეგაც და სამწუხაროდ, ალბათ, მომავალშიც ექნება ადგილი.

მოდით, თითქმის ეგზისტენციური დატვირთვის კითხვა ზემოხსენებული კონკურსის სამართლიანობის თაობაზე, რომელიც პერიოდულად წამოტივტივდება ამა თუ იმ მედია საშუალებაში, შევაბრუნოთ და სხვანაირად დავსვათ: რამდენად იმსახურებდნენ აკადემიურ თანამდებობებზე არჩევას ის პირები, რომლებიც კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ?!

ამის კრიტერიუმი ერთადერთია - დრო და იმ მომდევნო კონკურსების შედეგები, რომელთა გავლა მათ აკადემიური თანამდებობების დაკავების შემდეგ ხელახლა მოუხდათ (აკადემიური თანამდებობის დაკავების პერიოდი ხომ კანონითაა რეგლამენტირებული).

2009 წელს ჩატარებული კონკურსის ობიექტურობაზე მეტყველებენ შემდეგი მონაცემები:

2009 წელს კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა 46 ადამიანი. ამათგან დღეს, თითქმის შვიდი (!) წლის შემდეგ, 41 განაგრძობს მუშაობას უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში თითოეულ მათგანს ვადის ამოწურვის გამო (ზოგ მათგანს, მეორედაც) მოუწიათ კონკურსის ხელახალი გავლა.

„სადაა“ დანარჩენი ხუთი მაშინდელი წარმატებული კონკურსანტი?

ერთი (სტატისტიკის კათედრის პროფესორი), სამწუხაროდ, გარდაიცვალა;

ორმა (ქ-ბი მარგველაშვილი მაია და მაღლაკელიძე ეკატერინე) - საკუთარი სურვილით (პირადი განცხადების საფუძველზე) დატოვეს უნივერსიტეტი;

ერთი (ნათელაური იზა) - ვერ გავიდა მომდევნო კონკურსში;

და ერთს (გრიგოლაშვილი გელა) აღარ მიუღია მომდევნო კონკურსში მონაწილეობა.

დანარჩენები კი, ვიმეორებ, დღესაც არიან ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები, რის გადამოწმება შეგიძლიათ ფაკულტეტის შესაბამის საიტზე (შედარებისათვის გაახლებთ აგრეთვე 2009 წლის კონკურსით გასულთა შესახებ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 24.09.2009 დადგენილება № 276-ის საიტის მისამართს: https://www.tsu.ge/ge/juridical/axad_council_resolutions/2009/276//).

რა გამოდის?!

ვინც 2009 წელს გავიდა კონკურსში - მათ წლების შემდეგაც დაადასტურეს საკუთარი „პროფსარგებლიანობა“ - მათ მიმართ კომისიის წევრებს გამოგვიჩენია სამართლიანობა და ვინც ვერ გავიდა - მათ მიმართ დავუშვით უსამართლობა? - ცოტა ხომ არ ვამარტივებთ სიტუაციას, ან ხომ არ ვახდენთ სისტემური პრობლემის მიზანმიმართულ პერსონიფიცირებას?!

საქმე ისაა, რომ კონკურსის ჩატარებამდე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან აპრიორი არსებობდა მოცემულობა - უნდა შემცირებულიყო საშტატო პერსონალის რაოდენობა და ამით გამოთავისუფლებული ხელფასის ფონდის ხარჯზე გაზრდილიყო კონკურსით გასული თანამშრომლების ხელფასები.

კონკურსის ზემოხსენებულ მოცემულობას, რაც გახმოვანებულ იქნა კომისიის თავმჯდომარის ციმერმანის მიერ, მე - გარედან მოწვეული სპეციალისტი, შეძლებისდაგვარად ვეწინააღმდეგებოდი, რაშიც აქტიურად მიჭერდა მხარს კომისიის კიდევ ერთი წევრი ქ-ნი ქეთევან ლაფაჩი. ცხარე კამათების, არგუმენტების მოშველიების და თითქმის დემარშამდე მისული ნაბიჯებით შევძელით კომისიის დანარჩენი ორი წევრის დარწმუნება იმაში, რომ არ იქნებოდა გამართლებული ცალკეული მიმართულებების მიხედვით მხოლოდ სრულ პროფესორთა შტატების დაკომპლექტება, ხოლო სხვა საშტატო ერთეულების ვაკანტურად დატოვება. ამით ჩვენ შევძელით კონკურსის შედეგად დაახლოებით 7-8 საშტატო ერთეულით მეტის შევსება (კონკურსანტების მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავება), იმასთან შედარებით, რასაც ვარაუდობდა კომისიის თავმჯდომარე. ხაზს ვუსვამ, რომ მისი არგუმენტები ეფუძნებოდა არა იმდენად კონკურსანტთა პროფესიონალიზმისადმი და თანამდებობისათვის ადეკვატურობაზე მოთხოვნებს, რამდენადაც ცალკეული მიმართულებების მიხედვით, რაც შეიძლება მეტი ვაკანსიის შენარჩუნების იდეა-ფიქსს. რომ არა ჩვენი ასეთი ძალისხმევა, აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის ზემოხსენებულ დადგენილებაში რვა კი არა, სულ ცოტა ორჯერ მეტი ვაკანსია მაინც იქნებოდა დაფიქსირებული. ეს იყო ჩვენი, ქალბატონ ლაფაჩის და ჩემი - ერთგვარი „შინდლერის სია“ - და ამით ვამაყობ. მოსანანიებელი ამ მხრივ ნამდვილად არაფერი მაქვს.

რაც შეეხება ჩემს „ნაციონალობას“... ამას, ვინც ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას და პუბლიკაციებს იცნობს, მხოლოდ გაეღიმება... ნახონ ჩემი ინტერვიუები, სტატიები, პუბლიცისტური სტატიების კრებული „როგორ ხალხს იმსახურებს ხელისუფლება?!“ (თბ., „მერიდიანი“, 2014, 348 გვ.,) საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ან მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში და დასკვნები მერე გააკეთონ. მე რომ „ხუბუასა და შაშკინის კადრი“ ვყოფილიყავი, მგონი მათ არ გაუჭირდებოდათ ჩემი თსუ-ს შტატში აყვანა და წლების განმავლობაში არ მომიწევდა ქუთაისის უნივერსიტეტში - ჩემთვის საამაყო, ერთერთ გამორჩეულ და მზარდი პოტენციალის მქონე, მაგრამ ჩემი ოჯახიდან ტერიტორიულად არც თუ ახლოს მყოფ უნივერსიტეტში საქმიანობა.

ისე, სხვათა შორის, მე, ვითომ ნაციონალი, სტატისტიკის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, თავის დროზე „ნაციონალებმა“ გამიშვეს დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ქალბატონი ნატალია ხარაძე, პირიქით, „ნაციონალებმა“ დააბრუნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საერთოდ, უცდომელი ამ ქვეყნად არავინაა, თუმცა ყურადღების ცენტრში მოსახვედრად შემოქმედებით საქმიანობას ზოგნი სხვათათვის ტალახის სროლას ამჯობინებენ. ბრძენნი აკი გვასწავლიან: სანამ სხვას შენს მიერ ნასროლი ტალახი მოხვდება, საკუთარ ხელზე დაიხედე - ის უკვე გასვრილი გაქვს...

ღრმა პატივისცემით,

იოსებ არჩვაძე

2016 წლის 19 იანვარი