დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი არ ადასტურებს, რომ ბიძინა კუჭავას ცხედარს თითი მოჭრილი და მიკერებული აქვს. დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, სახელმწიფო ექსპერტიზის მიერ ამოჭრილია კანის ნიმუშები, ამიტომ დღეის მდგომარეობით შეუძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რით არის დაზიანებები მიყენებული, ან როგორია სროლის მანძილი.
for.ge-სთან საუბრისას მაია ნიკოლეშვილი აცხადებს, რომ კუჭავას ცხედარს მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან ამოჭრილი აქვს კანი, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. გარდა ამისა, ექსპეტრის განცხადებით, გარეგანი დათვალიერებისას ნანახი იქნა სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული, ან როგორია სროლის მანძილი, გამოირიცხულია.
„იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. უმარავი მოქმედებაა ჩასატარებელი, სანახავია მანქანა, სადაც სისხლის კვალი უნდა იყოს, სად არის განლაგებული და როგორ.
ეს ყველაფერი ასაწყობია. ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ თითი მოჭრილი და მიკერებულია, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია. სხეულზე არსებული დაზიანებები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ამყარებს“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივი დადგენილი არ არის. პროკუროსის მკვლელობაში ბრალდებული კუჭავას ოჯახი დამოუკიდებლად ცდილობს სიმართლის გარკვევას. თუმცა, შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრაქტიკულად უკვე დადგენილია, რომ ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი. მისივე განცხადებით, არსებობს ძალიან სერიოზული გარემოებები და მტკიცებულებები მოპოვებული გამოძიების მიერ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ბოლო კონტაქტი თავის ოჯახთან 13 იანვარს ჰქონდა, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა მკვლელმა კუჭავამ ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს დაამთხვია და გასროლებიც სწორედ ამ საათებში განახორციელა.
„სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება. ამ ყველაფერს კიდევ ადასტურებს ისიც, რომ ბინიდან გამქრალია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები და არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ალბათობით სწორედ ამ ფესხაცმლით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა.
როცა მანქანაში თვითმკვლელობა განახორციელა, ვნახეთ, რომ მას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით და ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
მისივე თქმით, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია პირი, რომელსაც კუჭავა დაუკავშირდა და ქვეყნიდან გაყვანა სთხოვა.
„კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში.
სწორედ ამ ორ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა მკვლელი კუჭავა იუსტიციის სახლთან, როცა განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას. ეს ყველაფერი დასტურდება პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით და საქმეში არის კიდევ დეტალები, რომლებსაც ვერ მოვყვები. ამ ყველაფრით დასტურდება, რომ ქირია მისი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე არ ეთანხმება გამოძიების მიერ გავრცელებულ ვერსიას და აცხადებს, რომ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა კუჭავა აპირებდა საქართველოდან გაქცევას, მას თან არ ექნებოდა ქირიას სისხლიანი პასპორტიც. მარინა ნიკოლოზაშვილის თქმით, ის ასევე არ იცნობს იმ პირებს, რომლებიც ბიძინა კუჭავასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ.
„არ ვეთანხმები ამ ვერსიას, რომელმაც გაიჟღერა. შეუძლებელია ასეთ ვერსიაზე იფიქროს იმან, ვინც იცნობდა ბიძინა კუჭავას და მეორე - ლოგიკაში არ ჯდება ქმედებები. თუ აპირებდა რუსეთში გაქცევას, თუ ჰქონდა დაზიანებები და თუ ჰქონდა თან ქირიას სისხლიანი პასპორტი, რომელი ჭკუათმყოფელი იზამს ასე?!
ვიზა აღებული არ აქვს, მოსკოვში გარბის კაცი და სისხლიანი პასპორტი უდევს ჯიბეში? არ მაქვს არანაირი ვერსია, არ გამაჩნია არანაირი ინფორმაცია და არ მომწონს ის, რა ინფორმაციაც ვრცელდება. საქმე არ არის გამოძიებული და უკვე თავიდანვე ფაქტზე დადებულია სარჩელი“, - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.
თვითმკვლელობას გამორიცხავს ადვოკატი ნათია კორკოტაძე და ამბობს, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა. ადვოკატის განცხადებით, ოჯახისთვის უცნობია იმ ორი პიროვნების ვინაობა, რომლებიც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდნენ. დაკითხვის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა სახეზე ქუდი ჩამოიფარა, რათა არავის ეცნო.
მისი თქმით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე.
„ეს არის განზრახ მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა, გაჩენილია ძალიან ბევრი კითხვა. არის რაღაც კვალიც. საეჭვო ზარები არ ყოფილა, საღამოს, 16-ში ბატონი ბიძინა მიდიოდა შეხვედრაზე, როგორც მისმა მეუღლემ გადმოგვცა და ორი საათის შემდეგ უკვე მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.
რაც შეეხება იმ ორ პიროვებას, რომლებიც დაკითხა გამოძიებამ, ერთ-ერთი, მანდილოსანი როდესაც გამოვიდა პროკურატურიდან, მან ქუდი ჩამოიხურა, რომ სახე არავის დაენახა. თვითონ ოჯახი ამბობს, რომ ამ ქალბატონს არავინ იცნობს და არც კონტაქტზე არ გამოსულა არავინ ოჯახთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნათია კორკოტაძემ.
ამასთან, შს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას შეახსენა ოთხი საქმე, რომელიც კუჭავასთან ასოცირდება. არც ერთ საქმეში მკვლელი დადგენილი არ არის, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის. თუმცა, თალაკვაძე ამბობს, რომ მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ იმ საქმეებსაც მოეფინოს ნათელი და დადგინდეს მონაწილეობდა თუ არა კუჭავა იმ საქმეებში. ნინუების და გოჩა მაღალდაძის მკვლელობის გარდა საუბარია, კუჭავას გერის მკვლელობაზე და ასევე, დაკარგულია მისი და რომლის კვალი დღემდე არ არის ნაპოვნი.
ამ განცხდების გამო კუჭავას ოჯახმა შესაძლოა არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. როგორც ნათია კორკოტაძე ამბობს, მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. მისი თქმით, პროკურატურისგან ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას.