„მინდა მჯეროდეს, რომ ეს კომისია დაადგენს ქალბატონ კობახიძისა და ბესელიას უდანაშაულობას“

„მინდა მჯეროდეს, რომ ეს კომისია დაადგენს ქალბატონ კობახიძისა და ბესელიას უდანაშაულობას“

ირაკლი შოთაძის თქმით, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება და დანიშნულია ექსპერტიზები. მთავარი პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ, საზოგადოება სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს პროკურატურისგან ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, ყველა მასალის გასაჯაროვება მოითხოვა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნიულ საქმეში საიდუმლო და დასამალი არაფერია, ამიტომ საზოგადოებამ ყველაფერი ღიად უნდა იცოდეს. დეპუტატის მტკიცებით, მას რომ საქმესთან დაკავშირებით თუნდაც რაიმე სერიოზული ეჭვი მოესმინა, მანდატზე უარს იტყოდა.

„უფრო მაღალი წარმოდგენა მქონია ამ მატყუარა, ძალიან იაფფასიან და უწესო პოლიტიკოსზე, რომელიც გახლავთ ელისაშვილი და ის მარტო არ არის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მისი განცხადებები იმდენად მდარე იყო, იმდენად იაფფასიან განცხადებებს ეყრდნობოდა, არ მგონია სერიოზული კომენტარის გაკეთებად ღირდეს.

ის მარტო არ მოქმედებს და ეს არის კოალიციური ჯგუფი, რომელმაც დაგეგმა ეს ცილისმწამებლური კამპანია და ეს კამპანია მიზანმიმართულად, წინასაარჩევნოდ არის დაგეგმილი „ქართული ოცნების“ სპიკერების წინააღმდეგ“, - აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მარტო არ მოქმედებს. უმრავლესობის მტკიცებით, ელისაშვილი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „თავისუფალი დემოკრატების“ ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივად მოქმედებენ. ბესელია ხვალიდან პატიმართა იმ წერილების გამოაქვეყნებას იწყებს, რომლებშიც ისინი შეწყალების კომისიის უსამართლო საქმიანობაზე წერენ. მისივე თქმით, წერილებში ასევე ალეკო ელისაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებითც არის საუბარი.

„საქმე ეხება პირად საკითხებს, როგორ უსამართლოდ იღებს გადაწყვეტილებას ეს კომისია, ყვებიან საკუთარ ისტორიებს. დაახლოებით 34 ათასი წერილი და საჩივარი გვაქვს განხილული. ყველა რეკორდი მოვხსენით. ელისაშვილთან დაკავშირებითაც არის წერილები. მათ შორის არის ისიც, რომ ვიღაცის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პატიმრებმა მიიჩნიეს უსამართლოდ, მათ შორის ისიც, რომ მათ მიმართ გადაწყვეტილება მიიღეს უსამართლოდ. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი, რომ ის თავად არის კორუფციულ სქემებში ჩართული, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენ გვაქვს მოწოდებული და შესაბამის უწყებებსაც აქვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რაც შეეხება ბრალდების მთავარ ადრესატს ალეკო ელისაშვილს, ჩვენი მცდელობის მიუხედავად მან სატელეფონო ზარზე არ გვიპასუხა. ელისაშვილსგან განსხვავებით უმრავლესობის წევრს უპასუხეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ნინო გოგუაძის განცხადებით, ბესელიას ბრალდება უსაფუძვლოა.

როგორც ნინო გოგუაძე ამბობს, „თავისუფალი დემოკრატები“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

„თუ ქალბატონი ეკა გულისხმობს იმას, რომ არანაირი გამოძიება არ უნდა წარიმართოს და მით უმეტეს პარლამენტში, რადგან ამას მის საწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნეს, რბილად რომ ვთქვა, ძალიან გაკვირვებული ვარ. რაც შეეხება ელისაშვილთან ერთად მოქმედებას, მას შემდეგ რაც ელისაშვილმა მიმართა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომელიც პარლამენტის პირდაპირი ფუნქციაა, ჩვენ ვთქვით, რომ თუ პროკურატურა თებერვლის ბოლომდე არ დადებს არგუმენტებს, თუ უმრაველსობა არ შექმნის საგამოძიებო კომისიას, მაშინ ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს დავუჭერთ ელისაშვილის ამ მოთხოვნას და შევალთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით. მართალი გითხრათ, მინდა მჯეროდეს, რომ ეს კომისია დაადგენს ქალბატონ კობახიძისა და ბესელიას უდანაშაულობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნინო გოგუაძე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, რადგან საკითხისადმი არსებობს საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესი, უნდა შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, სადაც პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.

„ამის მომსწრე იქნება საზოგადოებაც და პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება. ძალიან მიკვირს, რომ ასეთი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაყენებაზე ქალბატონომა ეკამ მსოფლიო შეთქმულებაში დაგვსდო ბრალი“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.