„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში მთავარი კრიტერიუმი პირის პროფესიონალური გამოცდილება და საპარლამენტო მუშაობისთვის გამოსადეგობა იქნება. უმრავლესობის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ძირითადი აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდება, მაგრამ ასე ხაზგასმით მსახიობებისა და და სპორტსმენების თემის ტრიალი, სწორი არ არის.
„150 კაცში ნუთუ ამდენი მსახიობი და სპორტსმენია, რომ ეს საქილიკო და მუდმივად განსახილველი თემა იყოს?! შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათი რიცხვი ნაკლები იყოს, ან მეტი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განხილვის პროცესზე“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრები გამოჩნდნენ. უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეპუტატი თვლის, რომ მოაზროვნეების „პოზიტიური რესურსი“ ქვეყანას სარგებელს მოუტანს. გავრცელებული ინფორმაციით „ოცნების“ სიაში იქნებიან შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და დეპუტატ ნანა ყეინიშვილის შვილი.
უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ყველანაირი საუბარი იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება სიაში მხოლოდ სპეკულაციაა. როგორც ვოლსკი აცხადებს, ნანა ყეინიშვილის შვილთან დაკავშირებით არასდროს არანაირი საუბარი არ ყოფილა. გია ვოლსკის განმარტებით, 2016 წლის არჩევნებისთვის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი უნარიანობა, კომპეტენტურობა და ასევე კონსტრუქციულობა იქნება.
„საარჩევნო სიის ფორმირებისას ყველა შესაბამისი მონაცემით, როგორც საშინაო რეიტინგით, ასევე საგარეო რეიტინგით, ინტელექტუალური მონაცემებით, კოალიციურობის მიმართ განწყობებით შეფასდება და გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მიიღება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და კონკრეტულ პირებზე საუბარი ნაადრევია“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„განვითარების ფონდის“ წევრი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო სიის შედგენისას, ამოსავალი ისევ მორჩილების პრინციპი იქნება. როგორც ლაგაზიძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ სააარჩევნო სიის შედგენისას ადამიანს „რუპორად“ განიხილავს, ასეთ შემთხვევაში, რა სახელის და გვარის მატარებელიც უნდა იყოს, მის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, ნულოვანი მნიშვნელობა ექნება.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო სიის გადახალისება, ვინაიდან მათი საარჩევნო სიის დიდი ნაწილი, ბალასტია, მაგრამ ამასთან, ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იქნება არა სახელი და გვარები, არამედ პრინციპი, რა პრინციპით დაკომპლექტდება სია და შემდეგ დეპუტატებთან ურთიერთობის და მიდგომის რა ფორმები იქნება. წინა სიის შერჩევისას, ამოსავალი იყო მორჩილება და არა ერთგულება, კვალიფიციურობა ან პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, რომ ამ სიის შედგენისას, ამოსავალი ისევ მორჩილების პრინციპი იქნება და დეპუტატებს შეხედავენ არა როგორც ადამიანებს, რომლებმაც უნდა შექმნან სახელმწიფო საკანონმდებლო ჩარჩო, არამედ - როგორც „რუპორებს“, ისევე, როგორც ამ პარლამენტის დიდი ნაწილია“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მორჩილება ყოველთვის სჭირდება გუნდის შექმნისას იმას, ვინც ჰქმნის გუნდს, რადგან მორჩილება ყველა სფეროში ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს იმაში, არის კი ზუსტად გასაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პოლიტიკური გუნდის შემქმნელმა.
„პოლიტიკა ცოტა არაპროგნოზირებადი რამეა. შეიძლება ძალიან ნაკითხი იყოს ადამიანი, მაგრამ პოლიტიკაში არ გამოდგეს. შეიძლება კარგი ეკონომისტი და იურისტი იყოს, მაგრამ შეიძლება პოლიტიკაში არ გამოდგეს. ანუ, ცოდნა და პოლიტიკოსობა ყოველთვის ერთმანეთს არ კვეთს.
მხოლოდ განათლების ხარისხით კარგი პოლიტიკოსობის პროგნოზი ძნელია და ამის შესანიშნავი მაგალითია დავით ნარმანია. ამიტომ, ისევ და ისევ, ვუბრუნდები იმას, რა კრიტერიუმებით შევარჩევთ და ეს არ არის მარტივი საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს კრიტერიუმები კარგად აქვს ჩამოყალიბებული. ასე რომ იყოს, ეს პრობლემები არ გაუჩნდებოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება შერჩევის კრიტერიუმი. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება სიაში ისეთი ადამიანების დანახავას, რომლებიც პროფესიულად იქნებიან მომზადებული, ამავე დროს, რაღაცა დოზით მაინც იქნებიან ცნობადი საზოგადოებისთვის.
„50-50-ზეა. შეუძლიათ საარჩევნო სია დააკომპლექტონ შედარებით დამოუკიდებელი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებით, რომლებსაც მიეცემათ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ასევე, შეუძლიათ სია დააკომპლექტონ ისეთი ხალხით, ვისთვისაც მთავარი იქნება პარტიული დისციპლინა და მორჩილება. ეს დამოკიდებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ გემოვნებაზე, მათ მიზნებზე და იმაზე, როგორი სიით უნდათ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე. „ქართულ ოცნებას“ ოქროს შუალედის მოძებნა მოუწევს სიის შედგენის დროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.