შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობა მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. ძალოვანი უწყებისგან განსხვავებით ქირიას ახლობლები მის მკვლელობას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. მოკლული პროკურორის კოლეგების ინფორმაციით ვახტანგ ქირია ე.წ. „კასრების საქმის“ გამოძიებაზე მუშაობდა და კასრებში აღმოჩენილი წამების კადრების საქმის ძიება თითქმის დასრულებული იყო.
თუმცა, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ კასრების საქმეზე გამოძიება შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიწყო და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტის პროკურორები გიორგი კავსაძე და ზვიად ფხაკაძე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, მათ შორის თბილისის მერის, დავით ნარმანიას ბიძაშვილი, კობა თოდუა.
შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა, რომელმაც სიცოცხლე, გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც შსს-ში აცხადებენ ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.
თუმცა, გამოძიების ეს ვერსია ბუნდოვანი ხდება. მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ძმა, ელდარ ქირია აცხადებს, რომ ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ. თუმცა - რას? გარდაცვლილის ძმა კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს. ვახტანგ ქირიას რძალი, რუსუდან პაჭკორია ამბობს, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენა მოულოდნელი იყო, რამაც ოჯახის წევრები სრულიად დააბნია. ის გამორიცხავს, რომ კუჭავას და ქირიას რაიმე საერთო ბიზნესი ჰქონოდათ, ან დაპირისპირება ყოფილიყო მათ შორის. მისი თქმით, შეუძლებელი იყო არ გაეგოთ კონფლიქტის ან დაპირისპირების შესახებ.
„შესაძლებელია ეს იყოს მორიგი სკანდალური ამბავი, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ეს არის დიდი ტრაგედია. დანარჩენი ყველაფერი არის ჭორი და ჭორაობა, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ. კუჭავას გამოჩენამ საერთოდ დაგვაბნია და ვართ სრულ გაურკვევლობაში. ვერანაირ დასკვნას ვერ ვაკეთებთ. მოტივი გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, და გამოძიებისგან ველოდებით ჭეშმარიტების დადგენას. ველოდებით, რომ გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას“, - აღნიშნა რუსუდან პაჭკორიამ.
რაც შეეხება თავად ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავად კუჭავას მეუღლე, მარინა ნიკოლოზაშვილი არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ სწორედ მისმა მეუღლემ მოკლა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი ქირია და შემდეგ თავი მოიკლა. როგორც მარინა ნიკოლოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან ბევრი კითხვა იბადება.
„გამოვრიცხავ ბიძინას თვითმკვლელობას და მის ქმედებას ქირიასთან მიმართებაში. პაატას ის ვერ მოკლავდა ვერანაირად, ჩვენ ძალიან ახლობელი ოჯახები ვართ. ჩვენ ნათესავები ვიყავით, არაჩვეულებრივი, თბილი ურთიერთობა გვქონდა ქირიას ოჯახთან. ეს წლების მანძილზე ასე იყო. ვინც იცნობს ბიძინა კუჭავას, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის თავს მოიკლავდა. არის კითხვები, რომელსაც ექსპერტიზის შემდეგ გავარკვევთ“, - მარინა ნიკოლოზაშვილმა.
ბიძინა კუჭავას ოჯახის გადაწყვეტილებით, მას ექსპერიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაუტარებს. როგორც ნიკოლეიშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მას დაუკავშირდნენ კუჭავას ოჯახის წევრები, თუმცა სხეულის გარეგანი დათვალირება მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ დაიცავს მათ უფლელებებს.
გარდა ამისა, როგორც ბიძინა კუჭავას ნათესავი, მამუკა კუჭავა აცხადებს, ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა. მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ეს პირები გამოძიებამ უკვე დაკითხა, თუმცა ოჯახს მათთან კონტაქტი არ ჰქონია. რაც შეეხება დაქირავებულ ბინას, მისი ინფორმაციით, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაქირავებული ბინის შესახებ. მამუკა კუჭავა ასევე გამორიცხავს ბიძინა კუჭავას გარდაცვალების რაიმე სახით დაკავშირებას ტელეკომპანიის საკითხთან.
„ოჯახის წევრები არ ვიცნობდით თუ ვისთან ერთად იყო ის ავტომობილში მკვლელობის დროს. ავტომობილიც მათი იყო სავარაუდოდ და საჭესთანაც მეპატრონე იჯდა და არა ბიძინა. ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან. ბიძინას თავში აქვს ერთი გასროლა, ასევე სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, მოჭრილი აქვს ფეხის თითი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას. გარდაცვალების დღეს, როდესაც საღამოს 10 საათზე გავიდა, ბიძინამ თქვა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა. თქვა, რომ საქმიანი შეხვედრა უნდა ჰქონოდა“, - აცხადებს მამუკა კუჭავა.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა კუჭავა, რომელიც ა-რ ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გარემოცვის წევრი იყო, მის სახელს არაერთი გახმაურებული მკვლელობის სახელი უკავშირდება, მათ შორის კუჭავას სახელს უკავშირდება 4 წლის წინ მისი დის გაუჩინარების საქმეც. გარდა ამისა, კუჭავას სახელმა გაუჟღერა 2009 წელს თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის საქმეში. კუჭავას სახელი ასევე ფიგურირებს გოჩა მაღალთაძის მკვლელობის საქმეში. თუმცა არც ერთ ამ გახმაურებულ საქმეზე კუჭავას ბრალი წარდგენილი არ აქვს და რაც მთავარია, გამოძიებამ ამ დრომე ვერ მიაკვლია კუჭავას დის ადგილსამყოფელს.
თავის მხრივ, 2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლები საქმეში ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ. მოკლულის მეგობარი, მამუკა გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენი გოჩა მაღალდაძის მკვლელობის უკან სწორედ კუჭავა დგას, რადგან მისი ინფორმაციით კუჭავას მაღალდაძის ვალი ჰქონდა.
„იმ პერიოდში გოჩა მაღალდაძე სამორინე „ფორტუნას“ ფლობდა, ხოლო კუჭავა „ასტორია პალასს. სამორინეს მფლობელებში, ერთმანეთში მიღებული იყო დიდი ფულის თხოვება. უმეტესობა ერთმანეთის სამორინეებში თამაშობდა კიდეც. იმ პერიოდში, დანამდვილებით ვიცი, რომ ნახევარი მილიონი მოუგო კუჭავამ სამორინეს, რომელიც მაღალდაძის მფლობელობაში იყო და შემდგომ დაიწყო თამაში სხვადასხვა სამორინეებში, სადაც დიდი თანხები წააგო.
ბოლოს, გოჩასგან ვიცი, რომ კუჭავას 100 000-ის ფარგლებში ჰქონდა მისი ვალი. მან მაღალდაძეს სთხოვა თანხა, რათა წასულიყო და ეთამაშა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ კუჭავას მისი ვალი ჰქონდა. მე ბოლო სამი თვე, არ ვიყავი აქ და ყველა ინფორმაციას ფლობს ვაჟა ნუცუბიძე, რომელიც იმ პერიოდში სამორინე „ბერიკონს“ ფლობდა. ეჭვი მქონდა სამ პიროვნებაზე, მათ შორის ყველაზე დიდი ეჭვი მქონდა ბიძინა კუჭავაზე. თვითონ თუ არა, მაგის დაკვეთით მოკლა ვიღაცამ“, - აცხადებს მამუკა გუგეშაშვილი.